ივანიშვილის “სამეფო კარის” ზღვარგადასული საარჩევნო თამაშები ოპოზიციასთან – ზამთარი მოვიდა?!

“ქართული ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ 2024 წლამდე, ყველა რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩაატაროს! ამ სკანდალურ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ასაჯაროებს.

ზამთარი მოდის

დღევანდელი კონსტიტუციით, თუ 2020 წლის არჩევნები ჩავარდება, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები და თანაც – პროპორციული სისტემით. ანუ მმართველი პარტია პროპორციული არჩევნების გამო, დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს და კონსტიტუციაში აქრობს მთავარ ჩანაწერს, სადაც 2020 წლის არჩევნების ჩავარდნის შემთხვევაში, 2024 წლამდე, ყველა არჩვენები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

„ოცნება“ თავისი, კარგად გააზრებული პოლიტსვლების საფარველად კვლავ იყენებს ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს, რომლებსაც ოპოზიციის აზრით, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ საზოგადოებისთვის დაპირებული, პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდებინეს. ამ მოსაზრებას,

უფრო ამყარებს ის ფაქტიც, რომ დღეს დილას, მცხეთის ფეოდალმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას ვიწყებ, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელადო. არადა, ყველას უკვე დაკმაყოფილებული  გვეგონა „ფეოდალების“ პოლიტიკური მადა. თავად მცხეთის ფეოდალი ხომ ორიოდე დღის წინ ზარ-ზეიმით აირჩიეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარედ, უმრავლესობიდან წასული აკაკი ზოიძის ნაცვლად,

უცებ, სიტუაციის განსამუხტად, მამუკა მდინარაძე ჩაერთო პროცესში და ხუნდაძის „დამამშვიდებელი“ ინიციატივა გააჟღერა, რომ 2020 წლის შემდეგ 2024 წლამდე ყველა არჩევნები შერეული სიტემით უნდა ჩატარდეს.

სამეფო კარის თამაშები გამოაშკარავებულია

ივანიშვილის კარის თამაშები გამოაშკარავებულია, თუმცა, საკითხავი ისაა, როცა პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო, რუსთაველი ასე დუღს, ადამიანებს თვალები აქვთ დათხრილი, საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორია კი უკვე მძაღე სუნით ამყრალდა, სადამდე აპირებს ივანიშვილის „სამეფო“ დაჯგუფება საზოგადოების გამაღიზიანებელი „პენალტების“ სერიის გაგრძელებას?

მდინარაძეს რომ ვკითხოთ, „მმართველი ძალის“ ეს ნაბიჯი იძულებითია და „კრიზისების ხელოვნურად გამოწვევის პრევენციაა“.

საკითხავი კი ისაა, მართლაცდა, ვინ იწვევს ხელოვნურად კრიზისებს, ოპოზიცია თუ ხელისუფლება, თანაც ამ  არგუმენტით, ასე თუ არ მოვიქცევით, მაჟორიტარები ხელმოწერებს შეგროვებას იწყებენო…

ცნობისთვის, პროპორციული არჩევნებისთვის 200 ათასი ხელმოწერაც ედოთ პარლამენტში, მაგრამ ამ ტიპის არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება არ გასჭირვებიათ უმრავლესობაში, ფეოდალი მაჟორიტარების დახმარებით.

ბრძოლა  დრაკონებით

ვნახოთ, რა შეფასებას მისცემს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი კარის თამაშებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათ გარეშე დაშლილი უმრავლესობა ვერ მიიღებს, მანამდე კი, “2020NEWS” მამუკა მდინარაძის სკანდალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომლებიცლიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, თუმცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.

ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვდასხვა ფერმატში კონსულტაციებით, – შეთანხმების მიღწევა შევძელით.

უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.

ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

შესაბამისად ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან.

თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით” – ნათქვამია მდინარაძის განცხადებაში“.

რუსიკო მუმლაძე

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.