ივანიშვილის ჩართული ტაიმერიდან 6 თვის შემდეგ – სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პარალელურად საპროტესტო აქციების რაოდენობა იზრდება

“ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში… იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მხოლოდ მათზე მზრუნველი. ჩემთვის პარტიას არავითარი სხვა ფასეულობა არ აქვს, არც „ქართულ ოცნებას“, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მაქვს და არც სხვა ნებისმიერს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები შევასრულოთ“.

ბიძინა ივანიშვილის ამ სიტყვებიდან , რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დადო,  6 თვე გავიდა.  

  • გაუმჯობესდა თუ არა დემოკრატიის ხარისხი?
  • დაიწყო თუ არა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა?

“ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ ჩართული ტაიმერის ნახევარწლიანი შედეგი. 

მაისში განვითარებული მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მოვლენების გახსენებით, შევეცდებით ამ კითხვებს პასუხი გავცეთ:

ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზე

თვის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა:

„ლარიზაცია გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება“.

ამ განცხადებიდან ძალიან მალე, 8 მაისს ლარის კურსმა  გაუფასურება დაიწყო. 1 აშშ. დოლარის ღირებულებამ  2 ლარი 73 თეთრი შეადგინა. 

„ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა და კურსი დასტაბილურდება“ — ასეთი იყო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაპირება. 

მიუხედავად ხელისუფლების დაანონსებული სტაბილურობისა – ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაგრძელდა და საბოლოოდ 1 აშშ. დოლარი 2.80 ლარი გახდა – ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რყევები დღესაც გრძელდება. 

კობა გვენეტაძე: „ლარის გაუფასურებას შემდგომ მისი გამყარება მოჰყვება“.

მაისი   სოციალური პრობლემებით განსაკუთრებით დაიტვირთა:

16 მაისს ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ხელისუფლების რეაგირების მოლოდინში გაფიცულმა მაღაროელებმა მომდევნო დღეებში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს – შიმშილობა დაიწყეს და პირი ამოიკერეს.

„ადრეც მივმართე მე ბატონ ბიძინას და ახლაც მივმართავ, გაიხსენოს თავის ბავშვობა, თავისი წარსული და მერე მიხვდება რა დღეშია, ეს ხალხი. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქ მოხდება რაღაც სასწაული და თუ არ უნდათჭიათურელების სისხლი აქ დაიღვაროს, მოხდეს მოუხდენელი, დროულად მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს ამ მაღაროელებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი გუნდი პროცესებში ჩარევისგან თავს იკავებდა და აცხადებდა, რომ უმჯობესია აქციის მონაწილეებმა კონფლიქტი თავად დამსაქმებელთან მოეგვარებინათ.  

პროტესტიდან მე-11 დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრებს ჭიათურაში ჩასვლისკენ მოუწოდა. 

თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ მაღაროელების მოთხოვნები დაკმაყოფილდა, მათ ხელფასების 25%-ის გაზრდის პირობა მიიღეს.

საზოგადოების პროტესტი გაგრძელდა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ,  ტაქსებისთვის თეთრი ფერი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო. 1 ივლისიდან კი ტაქსის მძღოლების ლიცენზიის ორ – A და B – კატეგორიად დაყოფა  მოხდება. ტაქსის მძღოლები რამდენიმე თვეა  აქციების ფონზე რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ. 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არსებულ ვითარებას გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მართული უწოდა:

„ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ…დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან“.

საკითხი დღემდე ღიად რჩება.

ქუჩაში გამოვიდა რუსთავის „ქართული ფოლადის“ თანამშრომლების ნაწილი

 „ქართული ფოლადის“ ფოლადსადნობი საამქროს  250 თანამშრომელი ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვს.

რამდენიმედღიანი აქცია-გაფიცვის შემდეგ ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლებს ხელფასების 15-დან 30 პროცენტამდე გაზრდას დათანხმდა.

საზოგადოებისთვის ასევე მტკივნეული აღმოჩნდა 19 მაისი. შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დღე.  დაპირისპირება, განხეთქილება, კონფლიქტი, პროვოკაცია – არჩევნები მოსახლეობას ამგვარად დაამახსოვრდა. ამ ყველაფრის ეპიცენტრი ზუგდიდი იყო.

საბოლოოდ, მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში – ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. მმართველმა გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა თბილისში, კერძოდ, მთაწმინდის ოლქში გამართულ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებზე. დაინიშნა მეორე ტური. ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე ერთმანეთს 9 ივნისს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

არჩევნებიდან მეორე დღეს, 20 მაისს, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ესტუმრა. მისი განცხადებებიდან განსაკუთრებით საინტერესო შემდეგ გზავნილები აღმოჩნდა:

“საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა იმისა, რომ არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე“,

“მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები“;

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი“;

“საქართველოს ეკონომიკა გარე შოკების მიმართ სუსტია“

“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებისთვის ვალების შემცირება“;

“ინვესტორებს არ უყვართ სიურპრიზები, მათ პროგნოზირებადი გარემო სურთ“; “ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“.

ამავე პერიოდში გამოქვეყნდა NDI-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც  მოსახლეობის  46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ  25% აქვს საპირისპირო მოსაზრება.  26% კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

პარალელურად, საზოგადოებაში აქტიურად  გავრცელდა ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რაც პრემიერ -მინიტრმა მამუკა ბახტაძემ უარყო:

საუბარი იმაზე , რომ შესაძლებელია საქართველოს ვიზალიბერალიზაციაშეუჩერდეს საფუძველს მოკლებულია“.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც მაისში მოხდა და აღსანიშნავია, ეს ანაკლიისა პორტის ამბებია.  კერძოდ:

3 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. დაიგეგმა მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპიც.

21 მაისს მხარეები კლავ შეხვდნენ ერთმანეთს და როგორც გაირკვა,  ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.

„დარჩა ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის მიტიგაციას ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე“, – განაცხადა „ანაკლიის პორტის კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ერთი შეხედვით ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები „ანაკლიის პორტის კონსორციუმთან“, თუმცა მოვლენები ამ შემთხვევაშიც საპირისპიროდ განვითარდა.

განხეთქილების ახალი მიზეზი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ გახდა, რომელსაც  ფოთის მერიამ ღრმაწყლოვანი პორტის სტატუსი მიანიჭა. 

ეს ფაქტი „ანაკლიის პორტის კონსორციუმმა“ გაახმაურა. 

მერე დღეს ეკონომიკის მინისტრმა გაცემული  ნებართვა არასწორად შეაფასა, გააუქმა და დოკუმენტზე ხელმომწერი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ჯერჯერობით, უცნობია მნიშვნელოვანი  პოლიტიკურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებას საჯარო მოხელეები ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე იღებენ თუ არა. 

საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელოვნურად უშლის ხელს.

კიდევ ერთი საზოგადოებრივი მღელვარება — დავით გარეჯი:

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩასულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხი წამოწია, ისევე როგოც აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, რასაც აზერბაიჯანის მესაზღვეების მხრიდან მონასტერში მისასვლელი გზების გაყვანა, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან კი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა საზღვრის დამდგენი კომისია ხელახლა დააკომპლექტეს და მუშაობა განაახლეს… 

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დუმილი დაარღვია:
  • “წასვლა არის როცა ადამიანი განცხადებას დაწერს, მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეს,”.
  • 1-ლი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დარეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ.
  • პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.
  • საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა. ცნობილია, რომ მან ეს გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის გამო მიიღო.
  • თბილისის მერმა კახა კალაძემ  საწვავის ხარისხის ევრო 5-ზე უნდა აყვანის ვალდებულება დააანონსა. პარალელურად ამავე პერიოდში საწვავის საცალო ქსელში,  ნავთობპროდუქტები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაძვირდა.
  • ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 ბანკი დაჯარიმდა. ეროვნულ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ სახელდება კონკრეტულად რომელი საფინანსო სექტორი დაჯარიმდა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩართული ტაიმერი გრძელდება. ივნისის ბოლოს „კომერსანტი“ ფაქტებს ისევ დაითვლის და შეაჯამებს.

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.