ივანიშვილის ხის გადატანისთვის გაჩეხილი 100-ზე მეტი ხე – ქობულეთში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს (ფოტო)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად მორიგ ასწლოვან ხეს ამზადებენ. იმის გამო, რომ ევკალიპტის ჯიშის ხის ტრანსპორტირებას ხელი არ შეეშალოს, მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ძირი ხე – კლიპტომერიის ჯიშის ნაძვი გაიჩეხა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომდგენელი რეზო ხარაზი “პირველ რადიოსთან” საუბარში აცხადებს, პრაქტიკულად განადგურებულია ქარსაცავი ზოლი. მისივე თქმით, ხეები ისეა გაჩეხილი, რომ ისინი სამასალე მერქნადაც აღარ გამოიყენება:

“ეს არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი კვირიკე, ე.წ. მუხნარის დასახლება, ჯინჭარაძეების ოჯახიდან შეიძინა ერთი ევკალიპტის ასწლოვანი ხე და ის გააქვს. იქ საბჭოთა დროიდან მოყოლებული იყო სპეციალურად მოწყობილი ქარსაცავი ზოლი. 2-3 დღეა დაიწყეს ამ ზოლის გაჩეხვა. 100 ძირამდე კლიპტომერიის ჯიშის ხე არის მოჭრილი და სხვა ჯიშებიც. დაახლოებით 50-მდე ძირი კიდევ მოსაჭრელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმათაც ჭრიან იმიტომ, რომ გზა სჭირდება ხის ტრანსპორტირებისთვის. ჯამში 130-150 ძირი ხე მოიჭრება. არც გარემოს დაცვის სამმართველო და არც არავინ გამოჩენილა. თან ისე ვანდალურადაა მოჭრილი, რომ სამასალე მერქნადაც ვერ გამოიყენებს ვერავინ. ძალიან რთული მდგომარეობაა.” აცხადებს ხარაზი.

მისივე თქმით, ამ პროცესმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო და რეგიონში კიდევ რამდენიმე ლოკაციაა, სადაც ხეებს გასაჩეხად ამზადებენ. ხარაზი აჭარის მთავრობას მიმართავს, თუმცა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტით არ ინტერესდება და პირიქით, სხვადასხვა უწყებები მთლიანად არიან ჩართული ამ პროცესში. ხარაზი აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყრული ზონაა და ქარსაცავი ზოლის გაჩეხვას შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს:

“ეს არ არის ერთი ფაქტი. დაბა ჩაქვში 200 ძირამდე კლიპტომერიის ჯიშის ხე მოიჭრა და რეაგირება არ მოუხდენია არავის. ანალოგიური მდგომარეობაა ოჩხამურში, ცეცხლაურის დასახლებაში, სადაც გაიკაფა 100 ძირამდე ხე. ამ ყველაფერმა სისტემური ხასიათი მიიღო. ადგილობრივები ამას ამბობენ, მაგრამ იქ არიან სუს-ის თანამშრომლები, ადგილობრივი გამგეობაა ჩართული, მერს საერთოდ არ აინტერსებს იქაური მდგომარეობა”.განაცხადა რეზო ხარაზმა “პირველ რადიოსთან” საუბარში.

წყარო: pirveliradio.ge

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.