“ივანიშვილი ამბობს, არ ვუყვარვარ ხალხს? რა მნიშვნელობა აქვს, ვიყიდი არჩევნებს!.. არც მე მიყვარხართ, მაგრამ გიყიდითო”

„ალია“ გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

 – ფაქტობრივად, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ მურუსიძე თავის გადაწყვეტილებაში იყო თავისუფალი, მურუსიძესთან მხოლოდ გირგვლიანის საქმეს ნუ ვაკავშირებთ, სხვა საქმეებიც იყო და კარგად ვიცით, როგორ მუშაობდა სასამართლო. სასამართლო მუშაობდა პროკურატურის ქვეშ, დირექტივებს იღებდა პროკურატურიდან, რა განაჩენი უნდა დამდგარიყო და მერე ხდებოდა დანაშაულის გათეთრება, ან დამძიმება, ან შემსუბუქება. ასე მუშაობდა სისტემა. ამ სისტემის მუშაობის ინსტრუმენტები იყვნენ ეს ადამიანები. ივანიშვილი გვეუბნება – მურუსიძე თავის გადაწყვეტილებებში იყო თავისუფალი, მასზე ზემოქმედება არ ხდებოდა და მან თავისი მრწამსით მიიღო გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. მაშინ რა გამოდის? თურმე სასამართლო თავისუფალი ყოფილა, თუ სასამართლო თავისუფალი იყო, პროკურატურაც თავისუფალი იქნებოდა და ყველა თავისუფალი ყოფილა. მაშინ, რას ვერჩით ამ მიშას? რა გამოდის, მიშა თვითონ დარბოდა ქუჩაში და ვიღაცებს თავებს აჭრიდა?! მიშას ქილერები და იმ ძალადობის ინსტრუმენტები, რასაც იგივე ბიძინაც ედავება, იყო ეს სასამართლო და ეს პროკურატურა, ანუ იგივე ხალხი და ის ძალოვანი სისტემა მთლიანობაში. თუ სასამართლო თავისუფალი იყო, მაშინ ყველა წესიერია, ვინც იქ მუშაობდა და მიშას დროსაც არაფერი დაუშავებიათ, აბა, მართლა რას ვერჩოდით. თავისავე მსჯელობით, თუ მურუსიძე პატიოსანია, მაშინ მიშაც პატიოსანი გამოდის. თუკი მურუსიძე თავისით იღებდა გადაწყვეტილებას, გამოდის, რომ მიშას სასამართლო გათავისუფლებული ჰყავდა. ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი, პარადოქსული მსჯელობა და მეტი არაფერი!

იმით, რომ მურუსიძეს იცავს კბილებით, მან გამოაცხადა, რომ ის არის სააკაშვილის მანკიერი სისტემის სამართალმემკვიდრე. მურუსიძე მიშას ქილერი რომ იყო, ახლა ჩემი ქილერიაო. ფაქტობრივად, მან გვითხრა, მიშას რაღაც პრინციპების გამო კი არ ვებრძოდი, მომწონდა მიშას სისტემა, ეს სისტემა წავართვი და ახლა ჩემიაო, ანუ ძალაუფლებისთვის ვიბრძოდიო. პრინციპში, ასეა. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალაუფლებისთვის იბრძვიან, მათ არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამხელა ინტერვიუ მისცა და ერთი სახელმწიფოებრივი თემა წამოჭრა? ადამიანებს ხომ მომავლის იმედი უნდათ, ახლა ასეა, მაგრამ ხვალ უკეთესად იცხოვრებთ, – აი, ეს უნდა ხალხს და ამ მხრივ ერთი სიტყვა არ დასცდენია. ერთადერთი, ილაპარაკა ფილმების გადაღებაზე და კარგად გვესმის, ფილმებით მაცივრები არ გაივსება. მან, ფაქტობრივად, დაგვიანონსა, რომ სერიალები და კონტრსერიალები იქნება, ანუ სრული საგიჟეთი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ნახეთ, რა საინტერესო რაღაცა თქვა, – ვიცი, ხალხს უჭირს, ვიცი კრიმინალური მდგომარეობა გაუარესებულია, მაგრამ «ქართული ოცნება» არაფერ შუაშიაო. ის გვეუბნება, პასუხისმგებლობას არ ვიღებ თქვენს უსაფრთხოებაზე, არც სოციალურ რისკებზე. დიდი ბოდიში, მაგრამ კონსტიტუციითაც და საარჩევნო პროცესითაც ხელისუფლების ერთადერთი ფუნქცია გახლავთ, რომ უზრუნველყოს კეთილდღეობა, ადამიანების უსაფრთხოება და თავისუფლება. ის გვეუბნება, – კი, ყველაფერი ეს პრობლემები არის, მაგრამ მე არა ვარ ამაზე პასუხისმგებელიო. აი, ამ კონსტრუქციამდე მივიდა საბოლოო ჯამში. შესაბამისად, რა უნდა დავარქვა ამ ინტერვიუს, აქვს კი აზრი ამ ინტერვიუზე მსჯელობას?! ჩვენ გვაქვს ერთადერთი საფიქრალი, რომ ბაბილონის ეს გოდოლი, რომელსაც აბსოლუტურად გაუგებარი მმართველობითი კონსტრუქცია აქვს, რომელიც მან ააშენა და ახლა  ნგრევის პროცესშია, რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ნანგრევებში არ მოჰყვეს კიდევ უფრო დიდი ფასეულობა – ქართული სახელმწიფო და მაქსიმალურად რბილად გავიაროთ ეს პროცესი. პრინციპში, მისი რიტორიკიდან გამომდინარეობს, რომ ელექტორატი და ხალხთან ურთიერთობა აღარ აინტერესებს, ცხოვრობს თავის სამყაროში, აქვს მონოპოლიზებული რესურსები, როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული და ამბობს, არ ვუყვარვარ ხალხს? რა მნიშვნელობა აქვს, ვიყიდი არჩევნებს!.. არც მე მიყვარხართ, მაგრამ გიყიდით, გიყიდით იმიტომ, რომ გაჭირვებული კაცი იაფად იყიდება. არ დავუშვებ სხვის ხელში აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რესურსი და მთლიანად მე ვიყიდი ყველას და ყველაფერსო. ჩემი აზრით, აი, ამ აბსოლუტურად ძალიან ცინიკური მიდგომით ვითარდება მოვლენები.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, ის კვლავ შეძლებს, რომ არჩევნებზე ყველა და ყველაფერი იყიდოს? 

– მე ვფიქრობ, ის ამას ვერ შეძლებს და ვერც იმას ხვდება, რომ, რაც უფრო დრო გადის, რისკები იმისა, რომ მისი უსაფრთხოების დაცვა კიდევ და კიდევ უფრო გაჭირდება, იზრდება. როდესაც ეს წნევა გროვდება და გამოშვების საშუალებას არ აძლევ, რა თქმა უნდა, მერე და მერე უფრო მაღალი წნევით მოხდება გამოტყორცნა და უფრო დიდი ძალით დაუბრუნდება უკან. აქედან გამომდინარე არ ვიცი, რა ილუზია აქვს, რომ ეს ყველაფერი მოხერხებადია.

მე ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნებზე ივანიშვილს აქვს გათვლები არჩევნების პრაქტიკულად ყიდვასთან დაკავშირებით. ის ფიქრობს – მე ახლა რატომ დავიღალო ძალიან, მე მაქვს ჩემი გეგმა, მჭირდება რესურსების მონოპოლიზება, რომ მოვახდინო მონოპოლიზება, ამისთვის აუცილებლად მჭირდება მართლმსაჯულების სისტემის კონტროლი. რაც არ უნდა მოახდინო რესურსების მონოპოლიზება, თუ მართლმსაჯულება მისი კონტროლის ქვეშ არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება მთელი კონსტრუქცია დაენგრეს. ამიტომ ივანიშვილი ფიქრობს – არჩევნებამდე გადავხედავ, პოლიტიკურ სპექტრში რა ვითარება იქნება, რაც დამჭირდება, ვიყიდი, რაც არ დამჭირდება, ჩავწიხლავ და ასე გავალ ფონს. დაახლოებით ასეთია მისი გეგმა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ აქ ძალიან ბევრი სუბიექტური მომენტი შემოდის თამაშში. რაღაც მომენტში ის პროცესებზე დაკარგავს კონტროლს და მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, «ქართული ოცნებიდან» დეპუტატების გამოსვლა შეუქცევადი პროცესი იქნება?

– ჩვენ ვლაპარაკობთ «ქართულ ოცნებაზე» და რა არის «ქართული ოცნება», პარტიაა?! რისგან შედგება «ქართული ოცნება»? აქ არიან მედროვე ადამიანები, რომლებიც პირადი გამორჩენის მიზნით სხედან პარლამენტში, უახლოესი ორი თვის შემდეგ, როდესაც მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩაივლის, ამის შემდეგ «ქართულ ოცნებაში» დარჩებიან მხოლოდ პარაზიტები, რომლებიც გამორჩენას ელოდებიან ბიძინასგან, თორემ ფეხებზე ჰკიდიათ «ქართული ოცნებაც», ხალხიც და ყველაფერი, მაჟორიტარები, რომლებიც შევარდნაძისგან დაწყებული პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, ვინც არის ხელისუფლება და ეს ძალიან მცირერიცხოვანი კობახიძის ჯგუფი. ამას პარტია ჰქვია?! ეს არის რაღაც რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც თვითონ პოლიტიკური არარაობები არიან, პარაზიტირებენ და მიტმასნილები არიან ივანიშვილის რესურსებზე, მეტი არაფერი! აქედან გამომდინარე, ადამიანური რესურსი დარჩება ნულოვანი, ან მინუსებში გასული. არა მგონია, ადმინისტრაციული მონოლითი შეინარჩუნოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადმინისტრაციაში ადამიანები ყველაზე კარგად ხედავენ პროცესებს. როგორც კი ბზარი გაჩნდება, პირველი დატოვებენ გემს. ეს არაერთხელ გვინახავს ამ ქვეყანაში. ასე რომ, მისი მდგომარეობა სავალალოა, მაგრამ მას ჯიუტად არ უნდა ამის დანახვა. ჩვენ ათასჯერ გაგვიფრთხილებია, თქვენთან ინტერვიუში ხშირად მითქვამს, რომ ადამიანურად ჩემთვის არ არის სასიამოვნო მისი ეს მდგომარეობა. ყველაფერი აშკარად იკითხება, ადრე თუ ახერხებდა ადამიანებზე ზეგავლენას, ეს ხიბლი აღარ აქვს ივანიშვილს, უკვე გაშიფრულია, მაგრამ ჯიუტად იგივე ნარატივში ზის ისევ, ისე იქცევა, როგორც 2012 წელს იქცეოდა… მაშინ ხალხს უყვარდა და ვერ გრძნობს, რომ ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია, მას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. მეტსაც გეტყვით, დღეს «ქართული ოცნების» ნატურალური ამომრჩეველი პრაქტიკულად აღარ არსებობს, გასაგებია, ვიღაც-ვიღაცები რაღაც მიზნებით მიტმასნილები არიან, მაგრამ ნატურალურ ამომრჩეველში ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც აქვს იმედი, რომ «ქართული ოცნება» ხვალ უკეთეს საქართველოში გვაცხოვრებს, ასეთი ამომრჩეველი აღარ ჰყავს, ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და იქცევა ისე, თითქოს ვიღაცის მხარდაჭერა აქვს და გვმოძღვრავს. ეს მე თინეიჯერულ დეპრესიას მაგონებს, 15-16 წლის ასაკში ხშირია, ახალგაზრდები დეპრესიაში რომ ვარდებიან, რათა ჰგონიათ, დედ-მამას არ უყვართ და სკივრში პოულობენ ღრმა ბავშვობის სათამაშოებს, იმ პერიოდის, როდესაც ყველას უყვარდა და იმ სათამაშოებით იწყებენ თამაშს. იმ ღრმა ბავშვობაში უნდა დაბრუნება, ისევ აბაკუნებს ფეხებს, იგივე რიტორიკით საუბრობს, დაახლოებით ეს მოცემულობა გვაქვს. სინამდვილეში, ბუნებრივია, რომ ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია, აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაშია, მაგრამ არ უნდა ამისთვის თვალის გასწორება. ჩვენ ათასნაირად ავუხსენით, მაგრამ ჯიუტად თავისას აგრძელებს. გაუჭირდა? – შეგვეხვეწა, ჩვენც გავბრიყვდით და დავუჯერეთ, მეორედ აღარ დავუჯერებთ…

– ფიქრობთ, რომ შუალედური არჩევნები განსხვავებული შედეგებით – ოპოზიციის სასარგებლოდ დამთავრდება?

– მე ვფიქრობ, რომ «ქართულ ოცნებას» არჩევნების მოგების შანსი არა აქვს და შეიძლება პროცესები იმდენად სწრაფად განვითარდეს, რომ საარჩევნოდ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ივანიშვილის ერთადერთი შანსია, არჩევნების წინ რამდენიმე პარტია იყიდოს. ვინც იქნება იმ მომენტისთვის და ვისაც ჩათვლის საჭიროდ, უბრალოდ, იყიდოს. ამაზე აქვს გათვლა, ის, რომ «ქართული ოცნებით» და ამ ხალხით რამეს მოახერხებს, ამაზე აღარ ფიქრობს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ფანდი აღარ გამოუვა!

ნინო სამხარაძე,  „ალია“ #14, 15-21 აპრილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.