„იმპორტიორებს საწვავის გაიაფება არ სურთ“

მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი უკვე მუდმივად იკლებს. საქართველოში კლების ტენდენცია საერთოდ არ შეინიშნება. რეზონანსი ამ თემაზე წინა თვეშიც წერდა. მაშინ იმპორტიორებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ტენტენცია ადგილობრივ ბაზარზე 2 კვირაში აისახებოდა, თუმცა ორი კვირის გასვლის შემდეგ ფასები ისევ უცვლელია. დღეს უკვე კომპანიები ამბობენ, რომ ნედლი ნავთობის დაბალი ფასი ქართულ ბაზარზე გავლენას არ ახდენს.

ამერიკაში, ერთი მხრივ, მარაგი გაიზარდა, ხოლო, მეორე მხრივ, ბაზარზე მიწოდება გაიზარდა. მეორე ფაქტორი, რამაც ნედლი ნავთობის გაიაფება გამოიწვია, არის ოპეკ-ისა და რუსეთის ერთობრივი გადაწყვეტილება, მიწოდება გაეზარდათ ბაზრისათვის. ოპეკ-ი, ბოლო რამდენიმე წელი, მოპოვების შემცირებით ცდილობდა ფასის რეგულირებას. ახლა არსებული შეთანხმება, ფაქტობრივად, გაუქმებულია და ოპეკ-ის მთავარმა მოკავშირე რუსეთმა გაზარდა დღიური მიწოდება ბაზარზე, რამაც პოზიტიურად იმუშავა ფასის შემცირების მიმართულებით.

გარდა ამისა, შოკური ეფექტი ჰქონდა შედეგებს, რომლებიც ამერიკული ბაზრის კვლევის შედეგად დაიდო. აღმოჩნდა, რომ აშშ-ს აქვს ორჯერ მეტი მარაგი, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. აქედან გამომდინარე, საშუალოვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ.

ორი კვირის წინ, რეზონანსი ფასების კლების აუცილებლობაზე წერდა. მაშინ იმპორტიორებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიო ტენდენცია ქართულ ბაზარზე ასახვას სწორედ ორ კვირაში მოახდენდა, თუმცა ამ მხრივ ისევ არაფერი შეცვლილა. მეტიც, ერთი კვირის წინ ზოგიერთმა კომპანიამ საცალო ქსელში საწვავი გააძვირა კიდეც.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენდი პაატა ბაირახტარი რეზონანსთან ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის კლების ტენდენცია ბოლო პერიოდის განმავლობაში შეუქცევადია, რისი ეფექტიც ქართულ ბაზარზე ნულოვანია. მიზეზი კონკურენციის არარსებობა და კარტერული გარიგებებია.

1 ბარელის ფასი უკვე, ლაითის ტიპის ნავთობის, 67 დოლარია, ხოლო ბრენტი 72 დოლარზე ჩამოვიდა. ყველას ახსოვს, რომ რამდენიმე კვირის წინ 80 დოლარსაც აღწევდა შავი ოქროს ღირებულება. დესდღეობით ნამდვილად არის ის დრო გასული, რომ ბაზარს ცვლილება დასტყობოდა. ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასი დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით.

ეს მოხდა წინა კვირას. ზოგიერთმა კომპანიამ ფასი გაზარდა და ეს, რა თქმა უნდა, აცდენილია ყოველგვარ ჯანსაღ პროცესს. ამ ამბის ახსნა არ არსებობს. ამით კიდევ ერთხელ აშკარა ხდება, რომ კომპანიები სრულად თავის ნებაზე არიან მიშვებული, მაკონტროლებელი არავინაა, – განუცხადა რეზონანსს ბაირახტარმა.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობა ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ ფასები წავიდეს ქვევით. ნედლი ნავთობის ფასი პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასთან და აქედან მომდინარეობს.

იმპორტიორებს აქვთ კიდევ ერთი არგუმენტი, ეს არის ვალუტის კურსი, მაგრამ არც ის შევცვლილა ბოლო რამდენიმე თვეა. მეტიც, ეროვნული ბანკი ბოლო დროს ახორციელებს ინტერვენციებს იმისათვის, რათა ლარის გამყარება ხელოვნურად აიცილოს თავიდან. ასე რომ, ჩვენი ვალუტა სტაბილურია და ეს მომენტიც გამორიცხულია.

როდესაც მთავრობა და კონკურენციის სააგენტო ხელს ვერ უშლიან ამ პროცესს და პირიქით, ხელს უწყობენ კიდეც არაკონკურენტუნარიანი გარემოს წახალისებას, ეს ყველაფერი აისახება ყველაზე მოწყვლად ფენაზე, სოციალურ ფონსა და თითოეულ მოქალაქეზე. ძვირი საწვავი ნიშნავს გაძვირებულ პროდუქტს, ტრანსპორტსა და, საბოლოოდ, გაძვირებულ ცხოვრებას.

ბიზნესი ორიენირებულია მოგებაზე და ეს არც გასაკვირია და არც უცნაურობა. ეს არის ბიზნესის არსი. მან უნდა გამოიყენოს აქტიური სეზონიც და სხვა ყველა კომპონინტიც მოგების გასაზრდელად. უბრალოდ, უნდა არეგულირებდეს ჯანსაღი კონკურენცია, ჩვენთან კი კონკურენცია არ არსებობს. ბაზარზე არის კარტელი, რომელიც დაჭერილი ფასების პოლიტიკით მოქმედებს და ეს დაადასტურა კონკურენციის სააგენტოს პირველადმა კვლევამ და პირველი ინსტანციის სასამართლომაც, – აღნიშნა ბაირახტარმა.

საცალო ბაზრის მთავარ მოთამაშეებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. კომპანია ლუკოილის დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ორი კვირის წინ რეზონანსთან აცხადებდა, რომ ნავთობი ქართულ ბაზარზეც გაიაფდებოდა, თუმცა რამდენით, პროგნოზის გაკეთება უჭირდა. ახლა ის ამბობს, რომ ნედლი ნავთობის დაბალი ფასი ქართულ ბაზარზე საწვავს ვერ გააიაფებს.

ნედლი ნავთობის ფასს საქართველოსთან მიმართებით შეხება არ აქვს. ვისაუბროთ იმ სავაჭრო ინდიკატორზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ამ ბაზარზე გარიგებები. ეს არის გენუის ბირჟის პლატცი. ამ მონაცემების რამდენიმედღიანი ვარდნა იყო, თუმცა ეს ტენდენციად ვერ ჩამოყალიბდა და დღეისათვისაც პლატცი არის 700 დოლარზე მეტი (საუბარია ბენზინზე). ასე რომ, ამ პირობებში საწავავი ვერ გაიაფდება, – აცხადებს შავლეგ მიშველაძე.

„რეზონანსი“

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.