ინგლისში ლეონარდო და ვინჩის ამ დრომდე უცნობი პორტრეტი აღმოაჩინეს (ფოტო)

ბაკინგემის სასახლეში ახლახან იდენტიფიცირებული ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი გამოფინეს.

წვერებიანი კაცის გამოსახულება ერთ-ერთია იტალიელი მეცნიერის ჩვენამდე მოღწეულ სულ ორ პორტრეტს შორის, რომელიც მის სიცოცხლეშია შესრულებული.

ბრიტანეთის სამეფო კოლექციის ნაბეჭდებისა და ნახატების განყოფილების ხელძღვანელმა მარტინ კლეიტონმა პორტრეტი მაშინ აღმოაჩინა, როცა უინძორის უინძორთა ციხესიმაგრეში დაცულ დოკუმენტებს ამოწმებდა.

როგორც კლეიტონმა დაადგინა, პორტრეტი შესრულებულია და ვინჩის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1519 წელს, როცა მეცნიერი 67 წლის იყო.

ექსპერტის თქმით, ლეონარდო და ვინჩის ჩვენთვის ცნობილი მეორე პორტრეტის დაახლოებით ამავე პერიოდშია შესრულებული მისივე მოსწავლის, ფრანჩესკო მელცის მიერ.

მიჩნეულია, რომ ტურინში დაცული კიდევ ერთი ნახატი წარმოადგენს იტალიელი ხელოვნის მიერ შესრულებულ ავტოპორტრეტს, მაგრამ ამ მოსაზრებას კლეიტონი და სხვა ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ.

კლეიტონის თქმით, თუკი ახლად აღმოჩენილ პორტრეტს მელცის ნამუშევარს შევადარებთ, დავინახავთ აშკარა მინიშნებებს იმისა, რომ ამ ნახატზეც ლეონარდოა გამოსახული.

როგორც კლეიტონი აღნიშნავს, ამ პორტრეტზე ლეონარდო 65 წლისაა და ცოტა არ იყოს, მელანქოლიურად გამოიყურება.

„იცოდა, რომ კვდებოდა. პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა მკლავი. უკვე აღარ შეეძლო ხატვა. ხაზვას ჯერ კიდევ ახერხებდა, მაგრამ იცოდა, რომ მისი სხეული თანდათან უძლურდებოდა“, — ამბობს კლეიტონი.

ლეონარდო ცნობილი იყო თავის კარგად მოვლილი, მდიდრული წვერით, მაშინ, როცა წვერს ძალიან ცოტა მამაკაცი ატარებდა.

პორტრეტი გამოსახულია ორმხრივ ფურცელზე, რომლებზეც წერია ლეონარდოს დეტალური კვლევები მხედრის მონუმენტის ცხენის ფეხების შესახებ.

ხელოვნების ისტორიკოსის, კენეთ კლარკის განცხადებით, ის ჯერ კიდევ 1968 წელს იყო დარწმუნებული იმაში, რომ ამ პროტრეტზე ლეონარდო იყო გამოსახული, როცა ის მისი ნახაზების კოლექციას ადგენდა.

მართლაც, პორტრეტის იდენტიფიცირება საბოლოოდ მოხერხდა კლეიტონის კვლევის შედეგად.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.