ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოსკოვს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აიუპ გაგიევი რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პეტერბურგში, 27 ნოემბერს დაგეგმილ ღია სხდომაში, რომელიც ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხს მიეძღვნება, მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი განცხადებით, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განიხილა ეს საკითხი და ჩეჩნეთისათვის ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემა არაკონსტიტუციურად სცნო.

მას შემდეგ, რაც ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა ხალხის დაუკითხავად გაავლეს ახალი საზღვარი რესპუბლიკებს შორის, ინგუშეთის დედაქალაქის, მაგასის ცენტრში ორი კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. პარალელურად, ინგუშ დეპუტატთა ჯგუფმა ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

30 ოქტომბერს ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, გაგიევის თავმჯდომარეობით, დაადგინა, რომ საზღვრის ცვლილების შეთანხმება უკანონოა და რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რესპუბლიკაში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზეა დასაშვები.

ინგუშეთის რესპუბლიკის ლიდერმა ევკუროვმა უარი განაცხადა ამ გადაწყვეტილების მიღებასა და შესრულებაზე და 8 ნოემბერს საკითხის გადასახედად მიმართა რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს. იგი საზღვრის ცვლილების შეთანხმების კანონიერად ცნობას ითხოვს.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მის განსახილველად როგორც ჩეჩნეთის, ასევე ინგუშეთის წარმომადგენლები მიიწვია. საქმის განხილვა მოსკოვში სამშაბათს, 27 ნოემბერსაა დანიშნული. გაგიევის უარის შემდეგ, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოსკოვში ინგუშეთის პარლამენტის წევრები მიიწვია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჩავლენ თუ არა ისინი მოსკოვში.

resonancedaily.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.