ინგუშეთში საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით პროკლამაციები ვრცელდება

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში გამოჩნდა პროკლამაციები “ინგუშეთის რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლისა და საქართველოს შემადგენლობაში შესვლის” მოწოდებით. პროკლამაციები განცხადებებისთვის განკუთვნილ დაფებზე, ხეებსა და შენობების კედლებზეა გაკრული.

„ვთხოვთ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს ჩვენს არჩევანს და ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში მიიღოს, მოახდინოს მისი პასპორტიზაცია საქართველოს, ან დიდი შვიდეულის ქვეყნების – აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, იტალიის შიდა პასპორტებით,“ – ნათქვამია პროკლამაციაში.

რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორები გადაჭრით უარყოფენ კავშირს ამ პროკლამაციებთან.

სავარაუდოდ, საუბარია ახალი რადიკალური ძალის გამოჩენაზე, რომელიც ახალი დაჯგუფების სახით შეიძლება მოქმედებს რესპუბლიკაში და მზად არიან, სხვა ფორმატში გამოვიდნენ მოქმედი ხელისუფლების წინაღმდეგ,“ – ნათქვამია ინგუშეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ინტერნეტრესურს “ფორტანგა.ორგ”-ზე.

როგორც პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ასეთი მოწოდებები პირველი არაა და ეს არის მცდელობა, მიიპყრონ კრემლის ყურადღება.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ასეთი განცხადებები ხშირად ისმის. ეს არის გამწარებული ხალხის მცდელობა, მიიპყრონ კრემლის ყურადღება.

„ინგუშეთს, რუსეთისა და საქართველოს გარდა, მოსაზღვრე ქვეყანა არ ჰყავს და ხშირად გაბრაზებული კავკასიელები ამბობენ, საქართველოს შევუერთდებითო. გამორიცხულია ამ თემის სერიოზულად განხილვა და განსჯა, რადგან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – მიიპყრონ კრემლის ყურადღება, არიქა, მოგვხედეთ, თორემ საქართველოს შევუერთდებითო,“ – განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.