ინტერვიუ გურამ ბენაშვილთან – “ჩვენ ვართ ევროპელები, მაგრამ ვართ ქართველი ევროპელები, საქართველოს ერთგულნი”

ინტერვიუ გურამ ბენაშვილთან

– ქართული საზოგადოება ათეული წლების განმავლობაში მწერლობას, ლიტერატურას არცთუ ისე გულგრილად ადევნებდა თვალს და მისი ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი იყო. დღეს საზოგადოება ერთგვარად გაუუცხოვდა მწერლობას. რისი თქმა შეიძლება თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, ლიტერატურულ პროცესებსა და ტენდენციებზე?

– ეს მრავალმნიშვნელოვანი კითხვაა და ალბათ ვრცელ საპასუხო მონოლოგს ითხოვს ლიტერატურის მკვლევარისა და მცოდნისგან. ადრეული პერიოდები მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ლიტერატურას, ლიტერატურულ პროდუქციას განსაკუთრებული ღირებულება გააჩნდა. იქმნებოდა ჭეშმარიტად მაღალი ხარისხის ლიტერატურა. იქმნებოდა ის, რაც უძლებდა დროს, გემოვნებათა ცვალებადობას, ამ ჟამის თუნდაც უარყოფითსა თუ დადებით დისკურსს.

დღეს თითქოს შენელებულია, არ მინდა ვთქვა, რომ დაკარგულია, ინტერესი ლიტერატურის მიმართ. შენელებულია ეს ინტერესი ლიტერატურის მიმართ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თვითონ სოციუმი სხვა ეგზისტენციური ვნებებით არის აღბეჭდილი. იგი ფიქრობს თავის სოციალურ მდგომარეობასა და ეგრეთ წოდებულ, „გართობაზე“, რომელიც შორს არის ლიტერატურისგან.

ლიტერატურა „გართობა“ არ არის. ლიტერატურა უღრმესი შემეცნებაა იმ დიდი სიბრძნისა, რომელმაც ადამიანი უნდა გარდაქმნას და აამაღლოს, ასწავლოს ზნეობრივი ცხოვრების სიმაღლეები. ამდენად, დღევანდელი დღე არ არის რელევანტური იმისა, რომ მან ლიტერატურა შეიმეცნოს და უყვარდეს.

ლიტერატურა პერიფერიული, რაღაც მეორეხარისხოვანი გახდა. თუკი აღმოვაჩენთ ახალგაზრდას, რომელმაც იცის მეტ-ნაკლებად ლიტერატურა, ეს გვეჩვენება ორიგინალურ და მნიშვნელოვან სიახლედ. არ არის დღეს საერთო თვისება ლიტერატურის სიყვარული – ის, რაც ადრე იყო დიდი და მნიშვნელოვანი, რამაც შექმნა გემოვნება საქართველოში. ამან შექმნა კლასიკური ლიტერატურა, რომლითაც ვამაყობთ ჩვენ – მე-20 საუკუნის ლიტერატურა.

დარწმუნებული ვარ, არც გალაკტიონი, არც გიორგი ლეონიძე, არც ოთარ ჭილაძე იქნებოდნენ, რომ არ ყოფილიყო ის გარემო და სიტუაცია, ის საერთო ატმოსფერო სულიერების დიდი წყურვილისა, რომელიც ამ ეპოქას ახასიათებდა. დრო, სოციუმი ქმნის მწერალს. რაღაცა ნაწილი მწერალში იმ დროის აუცილებელი გამოწვევაა. დრო იწვევს მწერალს. დრო ეპაექრება მწერალს, ძერწავს მის სულიერებას. ის ქმნის მის თემატიკას, სტილს. ეს შინაგანად მწერალს აძლევს იმის იმპულს, რომ იყოს მწერალი და ღირსეული წარმომადგენელი ლიტერატურისა.

– დღეს ეკონომიკურად უჭირს საზოგადოებას და აქვს სხვა უამრავი პრობლემა. რამდენად შეიძლება ლიტერატურა დაეხმაროს მას „დროთა თმენაში“ და თუნდაც ყოველდღიურობის აღქმაში?

– ძალიან ძნელი და უმძიმესი ეპოქა იყო მე-20 საუკუნე საქართველოსთვის. საქართველო იყო კოლონიური, რეგლამენტირებული ქვეყანა. ეს იყო ქვეყანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დირექტივებითა და მოწოდებებით არსებობდა, რომელსაც იგი მოსკოვიდან იღებდა. ძალიან შეზღუდული იყო მწერლის, საზოგადოების როლი.

საზოგადოება ლიტერატურას უყურებდა როგორც პანაცეას, როგორც კოლონიური რეჟიმიდან თავდახსნის საოცარ დიდსა და უმნიშვნელოვანეს საშუალებას. ლიტერატურა ზრდიდა საზოგადოებას. ლიტერატურა ერთგვარად ამაღლებდა საზოგადოების როლს. ყოფიერებიდან შეწუხებული ადამიანები ლიტერატურაში ჰპოვებდნენ მორალურსა თუ სულიერ საზრდოს, რომელსაც უნდა გადაერჩინა მათი სული აბსოლუტური მონობისა და ნიველირებისგან.

არცერთ დარგს, არც მეცნიერებასა და ხელოვნებას შეუძლია ლიტერატურის მსგავსი ზემოქმედება საზოგადოებაზე. ლიტერატურა ზრდის ადამიანში სულს. როგორც მშობელი ზრის პატარა ბავშვს, შვილსა თუ მომავალ ადამიანს, ისე ზრდის ლიტერატურა საზოგადოებას ხვალინდელი დღის უკეთესი წარმოსახვისათვის. ლიტერატურა განსაკუთრებულად დიდი და მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ საქართველოშია ამგვარად.

რუსეთის განადგურებული საზოგადოება ლიტერატურამ გადაარჩინა. დიდი ლიტერატურა ჰქონდა და აქვს რუსეთს. ასეთივეა ფრანგული თუ გერმანული ლიტერატურა. ამიტომ იყო, რომ დიდი ლიტერატორები ან მწერლები ერის სულიერ ლიდერებად წარმოიდგინებოდნენ. ასეთი იყო გერმანიაში გოეთე. გერმანიაში გოეთეს აღმერთებდენ. მისი ყოველი სიტყვა გერმანიისთვის კანონი იყო. ასეთივენი იყვნენ რუსეთში ბლოკი, ბალმონტი და მაიაკოვსკი. ისინი ქუხდნენ და ერთგვარ „კონკურენციასაც“ უწევდნენ სტალინურ რეჟიმს. ასე იყო საქართველოშიც – გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ლორთქიფანიძის შემდეგ, უკვე მომავალში, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძისა და სხვათა გამოსვლა ქუჩაში გასაოცარ აღფრთოვანებას იწვევდა. ადამიანები სხვანაირები იყვნენ მაშინ. ლიტერატურა უფრო ამაღლებულებს ხდიდა მათ. ის ამაღლებდა მათ სულიერ ელასტიურობასა და კეთილშობილებას, სიყვარულს თესდა და მათში ზრდიდა ადამიანს.

– თქვენ ისაუბრეთ გოეთეზე. ცნობილია, რომ მას სამეცნიერო კუთხით ძალიან ბევრი აღმოჩენა ჰქონდა. ისაუბრეთ ასევე ილია ჭავჭავაძეზე. რამდენად ეხმარებოდა მათ სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ლიტერატურა და მწერლობა?

– სწორედ ლიტერატურა იძლეოდა იმპულს იმისა, რასაც ისინი შემდეგ აკეთებდნენ. ლიტერატურული გენია, ფესვი აზროვნებისა მათში იფურჩქნებოდა და აზროვნების ახალ სახეობებს ქმნიდა სულში. გოეთე, უპირველეს ყოვლისა, იყო პოეტი, „ფაუსტისა“ და უბრწყინვალესი პოემების ავტორი. ამავე დროს, ის იყო მეცნიერიც. ფერთა თეორიაზე აქვს მას საოცარი ნაშრომები. ის იყო ფილოსოფოსი და ასტრონომიც კი.

ილია ჭავჭავაძე საოცრად უნივერსალური პიროვნება იყო – პუბლიცისტი, დრამატურგი, პოეტი , პროზაიკოსი. ის იყო ეკონომისტი და სოციოლოგიც. მას აქვს წერილები ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკაზე. ის რჩევებს აძლევს საფრანგეთსა და ინგლისს, როგორ უნდა განავითარონ მათ სოციალური და პოლიტიკური მომავალი. ილია იყო „აჩრდილისა“ და „განდეგილის“ ავტორი. ის იყო ავტორი „ოთარაანთ ქვრივისა“. ის იყო ფანტასტიკურად დიდი მწერალი. მისი ლირიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურისთვის.

ის, უბრალოდ, ვეღარ იცლიდა ლიტერატურისათვის, იმდენად ჩაეფლო ეროვნული მოღვაწეობის ფერხულში. ის იყო ლიდერი ყველაფრისა და, ბუნებრივია, ლიტერატურა დროსა და ფიქრს ითხოვს. მან არ მისცა საკუთარ თავს უფლება, დამჯდარიყო და ემუშავა ლიტერატურაზე. ლიტერატურა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დარგია სულიერებისა. ლიტერატურამ შექმნა სამყარო ანტიკურობიდან დღემდე. უკვე შემდეგ, შუა საუკუნეები და რენესანსული ეპოქა მოდის. იტალიური რენესანსი დანტესა და პეტრარკას სულიდან აღმოცენდა. მერე მოვიდნენ მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და სხვები. იტალიამ შეიგრძნო ლიტერატურისა და სულიერების საოცარი სიმაღლეები.

– დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მე-3 ქებაში, როდესაც ჯოჯოხეთის ბჭესთან მიდიან ვირგილიუსი და დანტე, იქ არის ნახსენები ფრაზა – „არარაობას ბოროტებამ შეხედა ზიზღით“. ამავე მოტივებზე აქვს შექმნილი ილია ჭავჭავაძეს საკუთარი „კაცია-ადამიანი“ თუ „განდედეგილი“. არსებობს თუ არა საზოგადოებაში რწმენის ტრაგედია? სად არის გამოსავალი?

– ქართველი კაცი დიდხანს, ას წელზე მეტხანს ელოდა, რათა მიეღო „ყველაფერი“. როცა დაინახა, რომ თავისუფლებამ ის კი არ მოიტანა, რასაც ელოლიავებოდა და ეოცნებებოდა, არამედ მიიღო ერთმანეთისადმი ზიზღი, დაპირისპირება და „ტახტისათვის“ ბრძოლის საოცრად დაუოკებელი წყურვილი, უბრალო ადამიანთან მიმართებაში აბსოლუტური უყურადღებობა და სრული იგნორირება, ქართველი სკეფსისმა შეიპყრო. მან იფიქრა, რომ აღარც თავისუფლებაში ყოფილა საოცარი, საოცნებო ყოფიერების დადგომის ჟამი, რასაც ასე ელოდა.

ქართველს იმედგაცრუების გრძნობა აქვს. იმედგაცრუებაა ყველაფრის სათავე – ბოროტებისა, შურისა და ურთიერთზიზღისაც. თუ ეს იმედგაცრუების ეტაპი გადაიარა ქართველმა და თუ დაინახა ქართველში, ხელმძღვანელსა თუ ხელისუფალში, რომ ის არის გაუუცხოებელი, ის ერისათვის ერთგულია და მოსიყვარულე, მაშინ აღსდგება ქართული სული. ქართული სული უნიკალურად თბილი და კეთილშობილია. ჩვენ ამ სულმა გადაგვარჩინა. მოგეხსენებათ, როგორი პატარა ერი ვართ და ასე იყო თუნდაც ათასი წლის წინ. ვიცით, როგორი გარემოცვა გვახვევია. რა ვიქნებოდით ჩვენ? ალბათ საერთოდ დავიკარგებოდით, გავქრებოდით, კაცი აღარ გაგვიხსენებდა, მაგრამ კეთილშობილებამ, ჭირთა თმენამ, ერთმანეთის სიყვარულმა, რწმენამ განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშა ჩვენს გადარჩენაში. იქ იყო მეფეთა სიბრძნეც.

– საქართველო ორმა წიგნმა და სიბრძნემ გადაარჩინა – ბიბლიამ და „ვეფხისტყაოსანმა“, ანუ მაინც ლიტერატურის ძალასთან მივდივართ?

– „ვეფხისტყაოსანი“ კოლოსალური რამ არის. განცვიფრდები, პატარა საქართველოში როგორ შეიქმნა არაჩვეულებრივად, უსაზღვროდ დიდი წიგნი. წიგნი, რომელიც – არ მალაპარაკებს პატრიოტიზმი, ერისა თუ ლიტერატურის სიყვარული – თვალს უსწორებს, შეიძლება ითქვას, ზემოდანაც დაჰყურებს მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. მსოფლიო ლიტერატურის შედევრებში ვგულისხმობ დაახლოებით 10-15 ნაწარმოებს. მსოფლიომ რაც შექმნა, იქ რომ „ვეფხისტყაოსანი“ მწვერვალზეა, ეს უზარმაზარი სტიმულია ჩვენთვის და უზარმაზარი განცდაა იმისა, რომ ჩვენი დაღუპვა და გადაშენება შეუძლებელია.

– დღევანდელობაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან აქტუალურია საქართველოს ევროპულობის საკითხი. ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები. არის თუ არა საზოგადოებაში გათვითცნობიერებული ევროპული ღირებულებები? თავად ევროპული ღირებულებები რამდენად არის ჩვენში? ხომ არ არის ეს ზედაპირული გაცხადება – რომ ევროპელები ვართ, ანდა გვინდა ვიყოთ ევროპელები ?

– ჩვენ შინაგანად, ისტორიულად დახვეწილი და ელეგანტური ერი ვართ. ჩვენ არ ვართ აღმოსავლური ერი. აღმოსავლეთი სხვა სულიერი განცდების სამყაროა. ისინი სხვანი არიან ჩვენთვის. ვფიქრობ, რადგან ჩვენ ქრისტიანები ვართ, ევროპელებად მოვიაზრებით. ქრისტიანობა აუცილებლად ნიშნავს ევროპელობასაც. ქრისტიანობა ნიშნავს იმას, რომ შენ ქრისტიანულ ღირებულებებს აღიარებ. ქრისტიანული ღირებულებები არის ის, რასაც ევროპა დღეს აღიარებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – სრული ადაპტაცია და გათქვეფა ევროპასთან დაგვიკარგავს იმას, რამაც გაგვაძლებინა თუნდაც ორი ათასი წელიწადი. თვით ევროპულ, იმავე ჰოლანდიურ, ინგლისურსა და ესპანურ ლიტერატურას თავისი სულიერება გააჩნია. შეუძლებელია, ევროპული სულიერებით იაზროვნო და ის იქცეს შენთვის ორგანული და დაივიწყო, რასაც შენ საუკუნეები გაძლევდნენ. ჩვენ იმ ცომით ვართ შექმნილები, რასაც ქართველობა და ქართული სულიერება ჰქვია. ჩვენ სხვანაირები ვერ ვიქნებით. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ნაძალადევად ევროპელები ვიქნებით და ევროპელს არ უნდა შენი ამგვარი სახე. მათ ცოტა განსხვავებული ევროპელი სჭირდებათ – ის ევროპელი, რომელსაც თავისი კოლორიტი, წახნაგები და შტრიხები აქვს. იმავე გერმანიაში როცა ჩადიხარ, ის მოსწონთ, რომ ქართველი ხარ. ლაპარაკს როცა დაიწყებ, ქართული ნიუანსები რომ გაქვს (გეტყვიან, გაიმეორეთო), ეს მოსწონთ მათ შენში და არა ის, რომ შენ გერმანელ ქართველად იქცე.

– თუ არის ბევრი თანაკვეთა ევროპულსა და ქართულ ღირებულებებს შორის?

– ჩვენი სულის ესთეტიკაში, ზნეობრივ ცხოვრებაში, ოჯახურსა და მეგობრულ ურთიერთობებში რაღაც მომენტებში საერთო შტრიხები არსებობს. ჩვენ უფრო ევროპელები ვართ. ყოვლად შეუძლებელია, აზიისკენ გადავიხაროთ. ჩვენ აზიური არაფერი გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ კონტაქტები გვქონდა მათთან, მეზობლები იყვნენ და სხვანაირად არსებობა შეუძლებელი იყო.

სულხან-საბას ევროპაში მისიით წასვლაც თავისთავად არ იყო შემთხვევითი და მექანიკური. სულხან-საბა – ერის მამა და დამაშვრალი – ერის სიყვარულში გამოსავალს ეძებდა. ჩვენ ვიღუპებოდით და მან იცოდა, ერთადერთი ევროპა იყო ის მხარე, რომელსაც შეეძლო შეევრდომებინა საქართველო. ჩვენი აზროვნება და ლიტერატურა ევროპულია. იგივე რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანში“ სიუჟეტია აღმოსავლური, მაგრამ იქ ისეთი ღირებულებებია, ქრისტიანული რწმენის ისეთი საოცარი სიმაღლეები ქუხს და მძვინვარებს, შეუძლებელია ის ევროპული არ იყოს. ჩვენ ვართ ევროპელები, მაგრამ ვართ ქართველი ევროპელები, საქართველოს ერთგულნი. ჩვენი ფესვები გადგმულია ამ მიწაში. ჩვენ ამ მიწის იქით არაფერნი ვართ.

– დღეს „ვეფხისტყაოსანი“ ზედაპირულად ისწავლება. ის ბევრი ახალგაზრდისთვის უცხოა. ახალი თაობები ვერ ხედავენ მის დიდ ღირებულებას, კავშირს მსოფლიო სიბრძნის საგანძურთან. რისი ბრალია ეს – თავად ახალგაზრდებისა თუ ლიტერატურული ქმნილების გადაცემის ფორმაა არა სწორი ?

– რუსთაველის ენა და სიღრმეები ამოუცნობი ხდება ახალგაზრდობისათვის. ენობრივი ქსოვილი თუ გაუმარტივე, მაშინ ეს ის „ვეფხისტყაოსანი“ აღარ იქნება. თვითონ ახალგაზრდა ტანჯვით, მაგრამ მაინც უნდა შევიდეს ამ სამყაროში, როგორმე უნდა გაითავისოს რუსთაველის ლექსიკა. ზოგიერთებს „ვეფხისტყაოსანი“ გაზღაპრებული უბრალო სიუჟეტი (ამას ეს უყვარს, იმას ის) ჰგონია. რუსთაველში შინაარსი არ არის მთავარი. აქ მთავარი ყოველ სტროფში წარმოდგენილი სიბრძნეა. რუსთაველი თავიდან ბოლომდე აბსოლუტური სიბრძნეა. შეიძლება, ერთ სტროფზე ერთი კვირა იფიქრო, იმდენად საოცარი სიღრმეა მასში. ეს არის ბრძენკაცის შემოქმედება. არ ვიცი, როგორ იბადებიან ასეთები. შეიძლება მთელი ცხოვრება მოანდომო და ბოლოს და ბოლოს შეხვიდე ამგვარ სამყაროში.

– დღევანდელობასთან მიმართებაში ბოლოს მაინც მასობრივი კულტურის ფენომენთან მივდივართ. რამდენად შეცვალა მასობრივმა კულტურამ ნამდვილი კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება?

– მასობრივ კულტურას ალტერნატივა არ აქვს. ის მაინც იარსებებს, როგორც არ უნდა ვებრძოლოთ და დავუპირისპირდეთ მას. დღეს მასკულტურის დრო მოვიდა. დრო მოვიდა იმ ეპოქისა, როცა ინდივიდები თანდათან იკარგებიან. ინდივიდუალური, გამორჩეული და განსაკუთრებული ესთეტიკითა და ფსიქიკით აღბეჭდილი შემოქმედნი თანდათანობით ქრებიან და ასპარეზი ეძლევა მასობრივ კულტურას.

მასობრივი კულტურის მოძალება ევროპისთვისაც საოცრად მტკივნეულია. იქაც იმას ჩივიან ცალკეული მწერლები, მუსიკოსები თუ მხატვრები, რომ მასობრივმა კულტურამ წალეკა ყველაფერი და დაიკარგა ინდივიდი, არსებითი და მნიშვნელოვანი – ის, რასაც ხელოვნება ჰქვია. ხელოვნება ინდივიდუალური ქმნილებაა. ინდივიდები იკარგებიან ხელოვნებაში და მასკულტურა მეფდება. საზოგადოება „ერთობა“, ხოლო არსებითი და მნიშვნელოვანი, მორალური და სულიერი აღარაფერი რჩება. ეს არის ზედაპირული დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, თუმცა ის ამას იღებს და ეს მას აწყობს. იგი ნელ-ნელა ეჩვევა ყველაფერს, ინდივიდი კი იკარგება და თანდათანობით ნიველირდება. დღევანდელობა არის ის კულტურა, რომელსაც მომავალი არ აქვს და არაფერი რჩება იქიდან. ისტორია 200-300 წლის შემდეგ მასობრივი კულტურიდან აღარაფერს გაიხსენებს. არაფერი იქნება იქიდან სამაგალითო. მასკულტურა არის დროების ავადმყოფობა, სენი, რომელსაც საზოგადოება დიდი სიხარულით იღებს.

– დღევანდელობაზე საუბრისას გვავიწყდება, რომ ის ისტორიის ნაწილია. ისტორიამ მოიტანა ის, რაც გვაქვს. დღევანდელობა ისტორიასა და გამოცდილებაზეა დამყარებული. რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიას, გამოცდილებას დავეყრდნოთ, გავითვალისწინოთ და გავითავისოთ ის?

– ამას ჩივის და მისტირის ყოველი დიდი შემოქმედი და შეაგონებს საზოგადოებას, არ დაივიწყოს წარსული. მხოლოდ და მხოლოდ ისტორიაა ის ძლიერი საყრდენი, რაზეც შეიძლება აღმოცენდეს მომავალი. ეს იგრძნობა არა მხოლოდ რუსთაველთან, არამედ იმავე დავით გურამიშვილთან, ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ილიასთან. თანამედროვეობაშიც ოთარ ჭილაძის რომანები წარსულისადმი პატივის მიგებაა. უწარსულოდ ჩვენ არაფერნი ვართ და დავიკარგებით, გავითქვიფებით. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ ეროვნულ სახეს, ფიზიონომიას, სულიერების წახნაგებს.

ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმავე მსოფლიო ლიტერატურის გიგანტ უილიამ ფოლკნერთანაც. ამ დიდი ნოვატორის, ინოვაციების ღმერთის მიერ ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვებია საოცრად მართალი – მან აღიარა, რომ წარსული პატივმიგებას მოითხოვს და ამ წარსულზეა აღმოცენებული ვნება და საოცარი იმედი, კეთილშობილება. წარსული დიდი საფეხურია, რომელსაც მომავლისაკენ მივყავართ.

წარსულის მიმართ ნიჰილიზმი, აგდებული დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას, ილიასა და ჩვენი დიდი კლასიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელია ერის სულიერებისა. ეს არის აბსოლუტური დაკნინება ჩვენი დღევანდელი სულიერებისა. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ეს სიამაყე ბაირაღივით უნდა გქონდეს შენ, რუსთაველის შთამომავალი რომ ხარ და ვაჟასი, ბარათაშვილისა და სხვებისა. ეს თავისთავად უნდა გამაღლებდეს. ერთი წუთითაც არ უნდა ეცადო, ისინი დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიო. ისინი არ იმსახურებენ ამას. შენ უნდა გქონდეს ისეთი ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა, წარსული ასე არ გაანადგურო. დღეს წარსულის მიმართ უარყოფითი თუ არა, ნეიტრალური განცდაა. ახალგაზრდების ყურადღება და გემოვნება პროეცირებულია, ეგრეთ წოდებულ, ევროპულ და ამერიკულ ღირებულებებზე.

დღესდღეობით უილიამ ფოლკნერი მოდურ მწერლად მიაჩნიათ. ფოლკნერი დიდი მწერალია, მაგრამ შენც გყავს ღირსეული მწერლები. ცოტა პატარაც რომ იყოს, შენი მაინც საოცრად უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ ის შენია, ქართულია. სხვა ამ ენაზე არასოდეს დაწერს არაფერს. შენი ენის სიყვარული უნდა გიბიძგებდეს, რომ მწერალი გიყვარდეს.

ყველაზე მეტად ენის მომვლელი და პატრონი მწერალია. შენ უნდა გატკბობდეს შენი ენის მუსიკა, ელასტიურობა, გამომსახველობის საოცარი უნარი. ქართული ენის პატრონი ლიტერატურაა. მეცოდება ერი, რომელიც წარსულს უგულვებელჰყოფს. ყველაზე დაბეჩავებული და უმომავლოა ერი, რომელიც წარსულს ანადგურებს.

წარსული სულ რომ მშვენიერებითა და გამარჯვებებით იყოს სავსე, ის მაინც ცრემლიანი, ტკივილიანი და მწუხარეა. დაჩაგრული ისედაც უნდა გიყვარდეს. ის დაჩაგრულია და შენ იქიდან მოდიხარ. როგორც უნდა გიყვარდეს შენი დედ-მამა, როგორც ვაფასებთ პაპა-ბებიებს, ისე უნდა გიყვარდეს შენი წარსული იმიტომ, რომ ისიც შენია და იმან აღგზარდა. ეს განცდა დღევანდელ ქართველს არ აქვს. დღევანდელი დღით ცხოვრება, მხოლოდ მომავლისკენ ყურება და კეკლუცობა არაფრის მომცემია. რამდენი სახლიც უნდა შეიცვალო, იმ „პირველთან“ მიხვალ და მოეფერები მას იმიტომ, რომ იქიდან მოდიხარ. ეს არის სამშობლო.

ავტორი: ვაკო კუპრაშვილი

 

მასალების გამოქვეყნების პირობები

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.