“იოგით გატაცებული ოლიგარქი საკუთარი ქონების გაზრდით არის დაკავებული“ – New York Times–ის სტატია

ამერიკული გამოცემა The New York Times ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს და ანაკლიის პორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის სათაურში აქცენტი  კეთდება იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი პროექტის, ანაკლიიის პორტის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი იკვეთება.  გთავაზობთ სტატიის მცირე ამონარიდს:

ავტორი: დევიდ სიგალი

საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მშენელად არის დაბადებული. ის ფლობს თბილისის ყველაზე თვალისმომჭრელ კერძო შენობას – 50 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონის და შუშის ფუტურისტულ სასახლეს ქალაქის ისტორიული რაიონის სიახლოვეს მდებარე ქედზე. ეს არის 107 000 კადრატული ფუტის ფართობის პირადი ოფისი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციით და ზვიგენებიანი აკვარიუმით.
63 წლის ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და როცა საქმე რამე მნიშვნელოვან პროექტს ეხება, მისი ლოცვა–კურთხევა არსებითად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ საქმე გადასახადის გადამხდელების ფულს ეხება. არცერთი მიმდინარე პროექტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2.5 მილიარდ დოლარად შეფასებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ან შედგება ან არა.
პორტის პროექტი, რომელიც ინვესტორებს წარუდგინეს როგორც ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის ტვირთბრუნვის დიდი წილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელშიც ქართული საინვესტიციო ჯგუფი და აშშ–ს და დიდი ბრიტანეთის კომპანიები შედიან.
სამწუხაროდ პროექტის განმახორციელებლები წინააღმდეგობებს აწყდებიან. ერთ–ერთი მთავარი წინააღმდეგობა როგორც ჩანს თავად ბატონი ივანიშვილია. საჯაროდ ის პორტის პროექტს მხარს უჭერს, თუმცა ანაკლიის კონსორციუმი და სხვადასხვა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის პორტის წინააღმდეგ შენიღბულ კამპანიას აწარმოებს.
ეს უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი პლიტიკური ინტრიგა, რადგან ფსონები საქართველოსთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა მთელი ძალით ცდილობს საბჭოთა რესპუბლიკის ფესვებს მოწყდეს და რუსეთის ჩრდილიდან გამოვიდეს, რომელიც მისი მეზობელი და მრავალი წლის მანძილზე მოწინააღმდეგეა. სპორადული წარმატებით ის ისწრაფოდა დამოუკიდებლობისკენ და შესაძლებლობისკენ, გადაქცეულიყო დასავლელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პორტი ჩაფიქრებულია როგორც უზარმაზარი ნახტომი ამ მიმართულებით.
თუმცა ეს არ არის მარტივი ისტორია. ივნისში თბილისში რამდენიმე დღე და ღამე გაგრძელდა ანტიმოსკოვური საპროტესტო აქციები, რომლის საბაბი დიპლომატიური ინციდენტი გახდა, მიზეზი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 %–ის ოკუპაციით გამოწვეული რისხვაა.
პორტის პროექტი სრულიად აუხსნელ პრობლემებს წააწყდა. იანვარში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, რომელიც მანამდე ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით ანაკლიის კონსორციუმის წევრი ორი ბანკირის წინააღმდეგ. მიზეზად ათი წლის წინანდელი გარიგება დასახელდა. თუ რეალური მიზანი მართლაც ანაკლიის პროექტის ჩაშლა იყო, ძნელი სათქმელია, რა შედეგი შეიძლება იქნას მიღწეული. ბიზნეს ლიდერები ამბობენ, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი ამბობს, რომ მიზანი პროექტის დისკრედიტაცია იყო. “მომეცით ორი პროკურორი, 48 საათი და მანდატი, რომ ბოლო 20 წელი გადავქექო. მერწმუნეთ, ნებისმიერი შემიძლია ციხეში ჩავსვა.“ – ამბობს ის.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.