კაკაურიძე: ძალოვანი უწყებების გამოკლებით, სამინისტროების შემცირება შეადგენს 11.9%-ს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წელს არცერთ პოლიციელს ხელფასი არ შეუმცირდება. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა სუს-ის მხოლოდ გარკვეულ ხარჯებს და არა ხელფასებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წელს უწყებას ფული აკლდებოდა ხელფასების ნაწილში, მან გარკვეული თანხები გამოათავისუფლა სხვა მიმდინარე ხარჯებიდან და გადაიტანა ხელფასის ნაწილში.

„წელს 69 მლნ ლარზე მეტი ხარჯი ექნება უწყებას ხელფასების ნაწილში, საიდანაც პრემია მთლიანი თანხის 5%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯების შემცირებას, განსაკუთრებით, შრომის ანაზღაურების ნაწილში – თქვენ იცით, რომ ძალოვან უწყებებზე ზოგჯერ კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხარჯი შემცირდეს, ასევე, არ არის მიზანშეწონილი ჯარისა და პოლიციისთვის ხარჯების 10%-ით შემცირება.

რაც შეეხება სხვა უწყებებს – პროკურატურას თუ გამოვაკლებთ იუსტიციის სამინისტროს შრომის ანაზღაურება 19%-ით არის შემცირებული, ფინანსთა სამინისტროში 15,5%-ით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 15%-ით, 14,6%-ითაა შემცირებული შრომის ანაზღაურება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტრო – 14%, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 12.2%, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი 10%.

შედარებით ნაკლებად უმცირდება შრომის ანაზღაურება საგზაო დეპარტამენტს, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები აქვს განსახორციელებელი. ცალკე, ძალოვანი უწყებების გამოკლებით, სამინისტროების შემცირება შეადგენს 11.9%-ს.

შემცირება ასევე არ შეეხო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ვინაიდან არ მოხდა კულტურის მოღვაწეების ხელფასების შემცირება. საკმაოდ დიდია შემცირება სხვა დანარჩენ უწყებებში, რომლებიც მთავრობის დაქვემდებარებაში არიან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.