კალაძემ, კობახიძემ და სამხარაძემ შესაძალოა პარტიული თანამდებობები დაკარგონ? – “მართვის ვერტიკალი არის მოშლილი” – ვოლსკი

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიერ მთავრობასა და პარტიაში დაანონსებული ცვლილებები. ერთადერთი ცნობილია ის, რომ პარტიაში შესაძლოა ახალი სახეები ვიხილოთ.

პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ერთხმაში აცხადებენ, რომ სახელისუფლებო გუნდი საკადრო პოლიტიკაში მოიკოჭლებს, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე თუ ვინ არის ამ საკადრო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი და ვისი პოლიტიკური და პარტიული პასუხისმგებლობაა ის, რომ ადგილებზე ნაკლები პროფესიონალიზმის მქონე კადრები მუშაობენ.
ერთადერთი კონკრეტული მინიშნება ახლა სახეებზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა და მან გადახალისება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დააანონსა – “სწორი საკადრო პოლიტიკა ვერ განხორციელდება კადრების გარეშე. ამიტომ ყოველდღიური მუშაობის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის დახვეწა. აქ საუბარია იმაზეც, რომ ახალი სახეებიც უნდა გამოჩდნენ. როდესაც 2020 წლისთვის შედგება საპარლამენტო სია, ძალიან ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე – კვალიფიციურობა, გამოცდილება და წვლილი პოლიტიკურ წარმატებაში. უნდა გადახალისდეს სია. საარჩევნო სიის მუდმივი განახლება არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის პრიორიტეტი“.
განახლებაზე და სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებზე პარტიის ლიდერების განცხადებების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის შიგნით შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცენტრალურ ოფისში ასევე რეგიონებში. ამ ინფორმაციას ამყარებს ოცნების პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს წევრის ე.წ. “ძველი გვარდიის ” წარმომადგენლის გია ვოლსკის განცხადება, სადაც მან ფაქტობრივად პარტიული ხელმძღვანელობა გააკრიტიკა – ” ერთობის განწყობამ საკმაოდ მოიკოჭლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. სამეურნეო ნაწილია ეს თუ პარტიული ნაწილი, მაგრამ მართვის სისტემა საკმაოდ შეირყა და არჩევნების შემდეგ, ფაქტიურად 2017 წლის არჩევნების შემდეგ პარტიაც პრაქტიკულად აღარ ჩანს ასპარეზზე. მართვის ვერტიკალი არის მოშლილი. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენიმე თვის წინ, გარდა პოზიტივისა იმის მომასწავებელიც იყო, რომ ამ ხარვეზებს მძლავრი მუშაობა სჭირდება. ” ვოლსკის მიერ ამ განცხადების გაკეთების შემდეგ არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პარტიის გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა პარტიული თანამდებობები დატოვო და ისინი მხოლოდ პოლიტსაბჭოში დარჩნენ. მათთან ერთად სავარაუდოდ პარტიულ თანამდებობას დაემშვიდობება რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომლმაც როგორც პარტიის კულუარებში აცხადებენ, ვერ უზრუნველყო არჩევნებისთვის რაიონული ორგანიზაციების მუშაობა და ამასთან, მან პარტიის შიგნით ოპონენტებისთვის “კბილების ჩამტვრევის” გამო საყვედური მიიღო.
გენერალურ მდივნის – კახი კალაძის პარტიაში გადაადგილების შემთხვევაში მიზეზად შესაძლოა მისი თბილისის მერობის გამო პარტიული საქმიანობისთვის მოუცლელობა დასახლდეს.

აღმასრულებელი მდივნის – ირაკლი კობახიძის პარტიული თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში კი საკანონმდებლო საქმიანობის გამო პარტიისთვის მოუცლელობა.

ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა კალაძის პარტიული გადაადგილების შემთხევაში ერთ-ერთ არაოფიციალურ მიზეზად თბილისში, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის ცუდი შედეგიც სახელდება.
ჯერჯერობით უცნობია დაანონსებული ცვლილებები როგორც აღმასრულბელხელისუფლებაში, ასევე მმართველ პარტიაში, არჩევნებამდე განხორციელდება, თუ არჩევნების შემდეგ.

“pirveliradio.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.