კანაფის ლეგალური ბრუნვისთვის საჭირო ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისთვის საჭირო ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება.

ასევე, 25 000 ლარი ეღირება ლიცენზიები სამრეწველო მიზნით კანაფის მოყვანისა და სამედიცინო მიზნით გადამუშავებული კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტისთვის და კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვისაც.

კანონპროექტის თანახმად, კანაფის მოყვანა დასაშვები იქნება მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში. შენობა კი აღჭურვილი უნდა იყოს შუქ-ხმოვანი სიგნალებით, სადღეღამისო დაცვითა და ვიდეო მეთვალყურეობით.

პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს ეხება და მას მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით განიხილავს.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.