“კატასტროფულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამიტომ ყველა მეორე გაქცევაზეა” – გურულების აზრი გახშირებული ძალადობის ფაქტებზე

ავტორი: გურიის მოამბე

ოლო წლებში, ოჯახში ძალადობის გამოვლენილმა შემთხვევებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის შედეგად, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ  ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება. 

რას ფიქრობს ხალხი მომრავლებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით,რა მიაჩნიათ გაზრდილი სტატისტიკის მთავარ მიზეზად და როგორია მათი დამოკიდებულება ბოლო წლების ერთ-ერთო ყველაზე მტკივნეული საკითხის მიმართ, ამის შესახებ “გურიის მოამბემ” რამდენიმე ადგილობრივის შეფასების მოსასმენად, ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა: 

ნანა გუჯაბიძე , პედაგოგი – ჩემი აზრით, პირველი მიზეზი არის ადრეული ქორწინება. ახალგაზრდები ვერ ეწყობიან ერთმანეთს და ძალადობის საფუძველზე  ინგრევა ოჯახები. ვერ აქვთ გაცნობიერებული თავინთი პასუხისმგებლობა.  მეორე მიზეზი არის,  სოციალური პრობლემები. მაგრამ, ძალადობამდე რომ არ მივიდეს  საქმე, ამიტომ სჭირდებათ,ზრდასრულები გახდნენ და შემდეგ იქორწინონ, რათა  გაცნობიერებული  ჰქონდეთ თავისი პასუხისმგებლობა მეუღლის, ოჯახის და შვილების წინაშე. მე მასწავლებელი ვარ და სხვას  ვასწავლი,  რომ ასეთი რამ არ შეიძლება. ძალადობა სხვადასხვანაირია. შეიძლება  ფიზიკური ძალადობა არ იყოს და ფსიქოლოგიური ძალადობა  იყოს ან  სიტყვიერი შეურაცხყოფა  იყოს, ესეც ძალადობაა.

ვალიდა ანთაძე, ნარუჯის სკოლის პედაგოგი – ჩემი აზრით, უქონლობის  ნიადაგზე  ხდება  ძალადობა. რომ არა აქვს კაცს  სამუშაო, ცოლ-ქმარს   მოსდით ჩხუბი. შემდეგ  გადადის ძალადობაში. სანამ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, მანამ  არ გვეშვლება  არაფერი.

ეთერ ბერიძე – მოსაწევს რომ ეწევიან, ვეღარ აკონტროლებენ თავს, თავში ჭკუა აღარ აქვთ და  იმიტომ ხდება მერეძალადობა.

წ.ტ. – ხალხს ისე უჭირს,  ფსიქოლოგიურად არეულები  არიან, ამიტომ ხდება ასეთი ფაქტები.

ირინა ნინიძე – ძალადობა უზნეობაა, მისაღები  ნამდვილად არაა  და არც არანაირი  გამართლება  არა  აქვს. ბევრია დღეს გაჭირვებული ოჯახები, მაგრამ ძალადობა გამოსავალი არაა. ეს საქციელი  უზნეობა, დასასჯელია, მეტი ყურადღება  უნდა,  კანონია გასამკაცრებელი. ძალადობაზე მიტევება არ შეიძლება.

ს.ჯ. -გაჭირვების, სიღარიბის, უფულობის და უქონლობის ნიადაგზე ხდება ძალადობა ოჯახში.

ნორა მუკბანიანი – ძალადობის მიზეზი რა  არის  და ნამეტანი თავისუფლად,  რომ არიან მიშვებული  ქალები,  ის. თავისუფალი ცხოვრება გვინდაო  და გაშიშვლებულები დადიან. გადარიენ კაცები.აგერ ვზივარ  მთელი დღე და მაგის მეტს  რას  ვხედავ, თუ როგორი ჩაცმულებიდადიან ქალები. ადრე,  ცუდი ფილმი რომ გადიოდა ტელევიზორში, აფრთხილებდნენ,ბავშვები ეკრანთან არ დააჯინოთო და დღეს, ყველაფერს  უყურებს  ბავშვები.  სინდის-ნამუსი დაიკარგა საქართველოში. ამ თავისუფლებამ, სექსუალური ძალადობა  მოამრავლა. ოჯახში ძალადობა  კი,სიღარიბის ბრალია. საშუალება რომ არ  არის,  ერთმანეთს ვაბრალებთ.

ნაკო, 15 წლის – ჩემი აზრით, ჯერ  ერთი ის, რომ  ძალადობა ხდება სტერეოტიპების ნიადაგზე.  ფიქრობენ, რომ ქალმა, ის არ უნდა გააკეთოს, რაც მამაკაცს არ ეკადრება, ან ბავშვმა ეს არ უნდა გააკეთოს  და ასე. ეკონომიურ  მდგომარეობის,  ანუ ფულის  არ ჰქონის გამო, რატომ უნდა იყოს ჩხუბი  ოჯახში, პირიქით,  ერთად უნდა იყვნენ  და გაიტანონ  ერთმანეთი, ხოლო,  ფულის არსებობის   შემთხვევაში,  შეიძლება იდაონ, ეს ჩემია, ეს ჩემიაო. არასწორად მიმაჩნია ძალადობის  ფაქტები და მითუმეტეს ქალის მიმართ.

ნუნუ შავიშვილი – ხან მიზეზი  სულ არ არის საჭირო, უბრალო რამეზე  ეიშლებიან , დეიშლებიან და  დაიწყებენ ჩხუბს. მართალია, ჩემს ოჯახში  ასეთ რამ არ ხდება, მაგრამ ხომ არის  ასეთი ფაქტები?  შელაპარაკების  ნიადაგზეც  ხდება ძალადობა. ნამდვილად არასწორად მიმაჩნია ეს ფაქტი. შელაპარაკება  შეიძლება მოხდეს, მაგრამ გაგებაც უნდა იყოს.  გინდა ცოლ-ქმარს შორის, გინდა ოჯახის წევრებს შორის. ძალაობა ძაან ძნელია.

ნინო ჯაჭვაძე – ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის, ფინანსებიდან გამომდინარე. როცა ქალს  ელემენტარული   რაღაც უნდა და ვერ  ეუბნება  ქმარს,  იმის გამო, რომ  არა  აქვს საშუალება. არ არსებობს ოჯახი, რომ არ  ჰქონდეს ბანკის ვალი. ყველაფერი მოდის  ფინანსებიდან. ძალადობა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. კატასტროფულ  ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამიტომ ყველა მეორე  გაქცევაზეა.

შ.მ. – უფულობის  და ღალატის ნიადაგზე. ღალატის დროს ყოველთვის  შეიძლება, რომ თავი ვერ შეიკაოს მამაკაცმა   და იძალადოს  მეუღლეზე.

ლეილა კილაძე – პირველ რიგში,ეკონომიკური სიდუხჭირის ნიადაგზე ხდება. ამას  მოსდევს  ჩხუბი და მერე ძალადობა. ეს ფაქტი რა თქმა უნდა  არ ამართლებს და ძალადობის მომხრე ვინ იქნება, მაგრამ   ხომ გაგიგონიათ–„კაცი, რომ გაღარიბდება,ცოლს დაუწყებს ჯავრობასო“? აი  ესაა.

სერგო ჭეიშვილი – მიზეზი არის უფულობა და უმუშევრობა, მეტი რა არის დღეს პრობლემა  და ჩხუბის მიზეზo? მე  ცოლი რომ მეჩხუბება სახლში, იმიტომ მეჩხუბება, რომ ფული არ მაქვს. ეს ყველაფერი ეკონომიური მდგომარეობის ბრალია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.