კელი დეგნანი: განუხრელად მოვუწოდოთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება

აშშ-ის სენატში გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის მოსმენა.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და ამჟამად მსახურობს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

კელი დეგნანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ერთგულებამ რეფორმებისადმი.


საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ფილოსოფიის დოქტორია და აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას კელი დეგნანმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას და თქვა, რომ, ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, იმუშავებს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად.

დეგნანი საქართველოში არ არის ნამყოფი, მაგრამ, როგორც თავის გამოსვლაში აღნიშნა, ის თურქეთში მსახურობდა, როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარი საქართველოში შეიჭრა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს. ერთი წლის შემდეგ დეგნანი მსახურობდა ნატოში, სადაც, მისი თქმით, „საქართველო იყო და არის პარტნიორი“.

„ნატოში ჩემი სამწლიანი მუშაობის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ერთგულებამ რეფორმებისადმი და მისი ინსტიტუციებისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებისადმი“, თქვა თავის გამოსვლაში დეგნანმა.

მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ყოფნას ავღანეთში, ასევე საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მყარ მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან და დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია გავზარდოთ საქართველოს უნარი, დაიცვას საკუთარი საზღვრები მდიდარი, ინტეგრირებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში,“ განაცხადა ელჩობის კანდიდატმა.ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მე მზად ვარ, ვითანამშრომლო საქართველოში ყველა პარტიასთან, რათა მომავალ წელს უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.კელი დეგნანი


საქართველოს მიღწევებთან ერთად, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ წარმატებების შესანარჩუნებლად და მათი განვითარებისთვის, კერძოდ, „პლურალისტური საკანონმდებლო ხელისუფლების, დამოუკიდებელი სასამართლოს, მრავალფეროვანი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“.

დეგნანი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემას: „ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მე მზად ვარ, ვითანამშრომლო საქართველოში ყველა პარტიასთან, რათა მომავალ წელს უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.“

თავის გამოსვლაში დეგნანმა საგანგებო ყურადღება დაუთმო მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე რეგიონებში. „იმისთვის, რათა მოხერხდეს რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი ამ კონფლიქტის გადაჭრა, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის საზავო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორისაა კონფლიქტამდელ პოზიციებზე ჯარის გაყვანა, ჰუმანიტარული დახმარების უფლების მიცემა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკანა წაღება.“

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოსვლის შემდეგ დასმული შეკითხვების უდიდესი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და რეგიონში რუსეთის როლს ეხებოდა.

სენატორებმა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატს ჰკითხეს, რამდენად გამართლებულია ნატო-რუსეთის საბჭოს არსებობა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი მის პირობებს არღვევს თავისი მეზობლების მიმართ აგრესიული ქმედებით.

დეგნანი მიიჩნევს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მხრივ იმედგაცრუებების მიუხედავად, ეს არის დიალოგის ფორუმი და რომ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

მოსმენაზე არაერთხელ აღინიშნა საქართველოს მიერ განვლილი გზა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკიდან დემოკრატიულ სახელმწიფომდე და ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა. სენატორმა ვისკონსინიდან რონ ჯონსონმა წამოჭრა საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა საიმისოდ, რომ საქართველომ, რომელიც ნატოში ინტეგრაციის მხოლოდ დაპირებებს იღებს, გული არ აიცრუოს და არ გადაუხვიოს ამ რეფორმების კურსს.ნატოში გაწევრიანება ძალიან რთული პროცესია და ეს სწორია, ეს იოლი არ უნდა იყოს.კელი დეგნანი


„ნატოს, რომელიც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“, თქვა კელი დეგნანმა. „ნატოში გაწევრიანება ძალიან რთული პროცესია და ეს სწორია, ეს იოლი არ უნდა იყოს. და, რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო ნატოში ჩემი მუშაობის გამოცდილებით, საქართველოს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული მოლოდინები. მას დიდი წინსვლა ჰქონდა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, და ის დაუღალავად შრომობს, რათა მიაღწიოს პოლიტიკურ სტანდარტებსაც. ჩვენ აქამდე იქ ვართ, რათა დახმარება გავუწიოთ მათ და მომავალშიც გავუწევთ მათ დახმარებას, ვინაიდან, როგორც 2008 წლის დაპირება მეტყველებს, ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს წევრობას. მაგრამ საქართველოზეც არის დამოკიდებული ამ ძალიან მაღალი პოლიტიკური და სამხედრო სტანდარტების მიღწევა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნატოს ძლიერებისთვის,“ განაცხადა კელი დეგნანმა.

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა თქვა, რომ ზოგიერთი მექანიზმი, მაგალითად, ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, არასაკმარისად გამოიყენება და საჭიროა ამ ფორმატის უფრო გააქტიურება.

დეგნანის თქმით, სასარგებლო იქნებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის გაფართოება და, შესაძლოა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შექმნაც კი. მისი აზრით, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა „რუსეთის აგრესიის გაკონტროლებასა და მის შეჩერებაში“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რის გაწევაც შეგვიძლია, არის ის, რომ მუდმივად ვიყოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველები. განუხრელად მოვუწოდებდეთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის საზავო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორმაგ მიდგომას: ადგილზე ვითარების დარეგულირებას და საქართველოს დახმარებას, რომ მან განაგრძოს ევროკაშირსა და დასავლეთში ინტეგრაციაკელი დეგნანი


მოსმენისას საუბარი შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესაძლო შემაფერხებელ ფაქტორს. დეგნანის თქმით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორმაგ მიდგომას: ადგილზე ვითარების დარეგულირებას და საქართველოს დახმარებას, რომ მან განაგრძოს ევროკაშირსა და დასავლეთში ინტეგრაცია.

აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის კანდიდატურა სექტემბერში წარადგინა.

დაამტკიცებენ თუ არა კელი დეგნანს საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.