კვლევა: თბილისში მცხოვრებ მწეველთა უმრავლესობას თამბაქოს მოხმარება არ შეუმცირებია – ადამიანებზე ზრუნვა თუ ბიუჯეტის შევსება?

2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 34% თამბაქოს მომხმარებელია. მათ შორის, 29% თამბაქოს რეგულარულად  ეწევა, 5% კი პერიოდულად. ამის შესახებ Act-Global-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული იმავე კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს ზრდასრული თბილისელების 31% მოიხმარდა.

თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კაცებში (58%) გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებში (16%), ამასთან, ყველაზე აქტიურად თამბაქოს 35-54 წლის მოქალაქეები მოიხმარენ.

მწეველთა უმრავლესობა (58%) რეგულარულად 15 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა დღის განმავლობაში და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გავლენა არ მოუხდენია მოწევის ინტენსიობაზე. გენდერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც, დიდი განსხვავება გამოვლინდა; კაცების 68% ეწევა 15 ღერზე მეტ სიგარეტს დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 29% მოიხმარს იმავე რაოდენობას.

თბილისელების 63% ფიქრობს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ვერ შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას, თუმცა, იგივე რაოდენობა (64%) დადებითად აფასებს ახალ რეგულაციებს.

კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. კვლევისას პირისპირ ინტერვიუს მეთოდი გამოიყენეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოხმარების ფაქტს სპეციალური აპლიკაციით დააფიქსირებენ.

პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

2018 წლის 1-ელი მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების 110 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.