კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია შედგა

კიევის წმინდა სოფიას სახელობის საკათედრო ტაძარში კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “იუნიანი” ავრცელებს. 

ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, მიტროპოლიტ ეპიფანეს კიევისა და სრულიად უკრაინის ეკლესიის მეთაურად ინტრონიზაციის ცერემონია წირვის მსვლელობისას გაიმართა. საზეიმო მსახურებაში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი მაკარი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი წარმომადგენელი მიტროპოლიტი სიმეონი მონაწილეობდნენ.

უკრაინული მედია წერს, რომ საეკლესიო სიმბოლოების მიღების შემდეგ, მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი მეთაური გახდა.

ნოემბრის ბოლოს კონსტანტინეპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.

11 ოქტომბერს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

მსოფლიო პატრიარქმა  ბართლომემ  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი 6 იანვარს გადასცა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.