“კობაური ხუმრობს კიდეც, უფრო ლაღი გახდა” – მწყემსის ადვოკატი

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ხუმრობს კიდეც“. ლექსო კობიძის განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ბრალდებულის შერაცხადობას დაადგენს.

„რაც შეეხება ფსიქიკურ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, მასზე ამ დრომდე მიმდინარეობს დაკვირვება. კარგია, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზა ტარდება, რადგან ცალსახად დადასტურდება, რომ კობაური არის ჯანმრთელი და გამორიცხულია, რომ ჯანმრთელ ადამიანს ეს დანაშაული მარტოს ჩაედინა. თვითონ ამბობს, რომ შერაცხადი ვარო და ხუმრობს კიდეც – როდესაც ექსპერტიზაზე მიმიყვანეს, მითხრეს, შენ კი არ უნდა მოეყვანე ექსპერტიზაზე, ის უნდა მოეყვანათ, ვინც შენ აქ გამოგიშვაო. თავიდან ის ნამდვილად არ იყო ასეთ განწყობაზე და მუდმივად თავი ჰქონდა დახრილი, მაგრამ საქმეში ჩვენი ჩართვის შემდეგ, უფრო ლაღი გახდა და ცდილობს, გამოკვეთოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც რეალურად ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

კობაიძის განმარტებით, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვინ გადაადგილდებოდა მკვლელობის დროს იმ ტერიტორიაზე, სადაც დანაშაული მოხდა.

„ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი ვერსიის სისწორეს დაადგენს. ფაქტია, რომ დღესდღეობით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი, რომ კობაური აღნიშნულ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ის არის მთავარი მოწმე. სამწუხაროდ, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ ბრალდებულის პოზიცია სხვანაირად გაამყაროს“, – განაცხადა კობაიძემ.

newsmakers.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.