კობახიძე: პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

„გზავნილები, რომელიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული მუშაობის პროცესში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე საშობაო ლიტურგიას, დეპუტატებთან ერთად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ეკლესიის როლზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ნარკოპოლიტიკაზე გამახვილდა.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მივულოცავ მთელ საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს ოჯახებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები საყურადღებოა საქართველოს პარლამენტისთვის.

„მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ეს გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო, მათ შორის, საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.​

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.