კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 127%-ით გაიზარდა – რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

2018 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ 6 859 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც თითქმის 81% კომერციულ ბანკებზე მოდის. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლის 11 თვეში ბანკების მიმართ 5 541 საჩივარი შევიდა. მხოლოდ ნოემბერში ბანკების მუშაობით უკმაყოფილო 699 ადამიანი იყო, რაც 127%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ნოემბერში 302 საჩივარი დაიწერა.

2018 წლის ნოემბრის პრეტენზიების სამეულში შედიან:

1) მიმდინარე ანგარიში – 239 განაცხადი

2) სამომხმარებლო სესხი – 89 განაცხადი

3) საკრედიტო ბარათი – 45 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს და მომსახურებას უკავშირდება. რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ბანკების მიმართ 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა. ნოემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან თითქმის 43% ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, სულ 302 განაცხადი. საფუძვლიანად 227 განაცხადი, დანარჩენის განხილვა კი ჯერ არ დასრულებულა. კომერციულ ბანკებთან ერთად 2018 წლიდან სებ-ში აღირიცხება მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიები. კერძოდ, მიმდინარე წლის 11 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით 1 318 პრეტენზია დაფიქსირდა. მხოლოდ ნოემბერში კი 112 საჩივარი შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 95 საჩივარი სამომხმარებლო სესხზე დაფიქსირდა, 7 – მომენტალურ განვადებაზე. აღსანიშნავია, რომ ბანკების ანალოგიურად მომხმარებელთა პრეტენზიების დიდი ნაწილს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც. ნოემბერში დაფიქსირებული 112 პრეტენზიიდან მისო-ებმა საფუძვლიანად მხოლოდ 38 ერთეული მიიჩნია, 65 კი უსაფუძვლოდ. ცნობისათვის, მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.

commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.