კონგრესმენი ადამ კინზინგერი – ვუგზავნით მტკიცე სიგნალს პუტინს, კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა

საქართველო არის აშშ-ის ძლიერი მოკავშირე და მისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ევროპის უსაფრთხოებისა და აშშ-ის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განხილვისას კანონპროექტის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ილინოისის შტატის კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა.

როგორც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დოკუმენტის წარდგენისას აღნიშნა, რუსეთი განაგრძობს ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და მოსახლეობაში ქაოსს ქმნის.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანა ჩართულია ბრძოლაში არსებობისთვის, პუტინის ღია აგრესიის გამო. უკვე ათ წელზე მეტია რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს. პუტინმა ააგო სამხედრო ბაზები, დაამონტაჟა ღობეები მშვიდობიანი მოქალაქეების მიწებზე და ოკუპირებულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება შეზღუდა. ოკუპაციის გამო, ათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მათ, ვინც უარი თქვეს საკუთარი სახლის მიტოვებაზე, ახლა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან უწევთ შეგუება. მეტიც – რუსეთი აგრძელებს ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და თესავს ქაოსს მოსახლეობაში“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ასევე ვაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერას. ამ კანონში მოვითხოვთ საქართველოსთვის უსაფრთხოების დაცვაში დახმარების გაძლიერებას, კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და საქართველოს შესაძლებლობების განვითარებას, რათა ის უკეთ დაუპირისპირდეს რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს კანონი აძლევს უფლებას პრეზიდენტს სანქციები დააწესოს იმ ფიზიკური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე. ამ კანონის მიღება არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ის მისიაში ავღანეთში. ჩვენ ვუგზავნით მტკიცე სიგნალს პუტინს, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ავტორი – ლევან ახალაია

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.