კორპუსები სკვერების ნაცვლად – ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი გენგეგმის რუკებზე მწვანე ფერი მნიშვნელოვნად შემცირებულია ​

კორპუსები სკვერების ნაცვლად – საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახალი გენგეგმის რუკებზე მწვანე ფერი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, მიზეზი ბიზნეს ინტერესებია. ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებმაც გენგეგმის საკრებულოში გადაგზავნის შემდეგ, მისი შესწავლა დაიწყეს, ამბობენ რომ რეკრეაციული ზონები მხოლოდ ვარკეთილის რუკებზე არ გაქრა. იგივე ვარაუდი აქვთ მაგალითად კრწანისის რაიონის რამდენიმე მწვანე ზონასთან დაკავშირებითაც. ოპოზიცია ახალ შეცვლილ რუკებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებებს ელოდება.

კონკრეტული მისამართების შესახებ, თბილისის მერს ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, კახი კალაძე ამტკიცებს, რომ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, სტატუსი თბილისის ბევრ ზონას შეეცვალა და ეს ნორმალური პროცესია.

თბილისი საკრებულოს ურბანული კომისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ რიგ შემთხვევებში, მაგალითად, კრწანისის სკვერის შემთხვევაში, რუკა არასწორად წაიკითხა, რამდენიმე შემთხვევა კი უბრალოდ შეცდომის ბრალია.

დეპუტატი ირწმუნება, რომ მაგალითად, ვარკეთილის სკვერი, საცხოვრებელი ზონის სტატუსის მიუხედავად, რეკრეაციულ ზონად რჩება.

თბილისის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა უკვე საკრებულოშია. ზაფხულის ბოლომდე მის განხილვას კომისიებში დაიწყებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკრებულოს დეპუტატები შემოდგომაზე მიიღებენ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.