კრემლი რუსეთში ინტერნეტის კონტროლს აძლიერებს – პუტინის შიში და სრული კონტროლი მოსახლეობაზე?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა კანონს – „სუვერენული ინტერნეტის“ თაობაზე.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში კავშირგაბმულობის ოპერატორები ვალდებულები იქნებიან უზრუნველყონ საკუთარ ქსელებში ინტერნეტის მიწოდების სტაბილურობის, უსაფრთხოების და საფრთხეების აღმოფხვრისათვის აუცილებელი აღჭურვილობის მონტაჟი“.  

დაყენების პროცედურას და პარამეტრებს დაადგენს რუსეთის მთავრობა.

სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით მოხვდება ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული საიტების ბლოკირება და ეს უფლება- მოვალეობა  პროვაიდერებს ჩამოერთმევათ.

შესაბამისად, ინტერნეტის კონტროლის და საიტების გათიშვის ფუნქციას თავის თავზე პირდაპირ, შუამავლების გარეშე იღებს უშუალოდ ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები.

კანონი ასევე ითვალისწინებს რუსეთში დომენების და ქსელური მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების სისტემას, რომელიც მოახდენს ყველა რუსი მომხმარებლის დომენების და ავტონომიური სისტემების ნომრების დუბლირებას.

ახალი კანონის აღსრულება საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ხარჯები დააწვება სწორედ ბიზნესს, რადგანაც სახელმწიფო არ გეგმავს პროვაიდერებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

კერძოდ, კვლევით ცენტრ „ციფრული ეკონომიკის“ ექსპერტების გათვლით, საუბარია 30 მლრდ. რუბლზე, მათ  შორის 20, 8 მლრდ. დაჯდება შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა.

ინიციატორების თქმით, ახალი კანონის მიზანია რუსეთში ინტერნეტის მდგრადი ფუნქციონირების დაცვა უცხოეთიდან საფრთხის გაჩენის შემთხვევაში. კერძოდ, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ანდრეის კლიშასის თქმით, უცხოური სერვერებისგან რუსეთის გათიშვის შემთხვევაში არ იმუშავებს საბანკო სისტემა, ბილეთების შეკვეთის სერვისები, და ა.შ.

„ეს დაუშვებელია, და ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ რუსეთში ინტერნეტი არ გაჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება სადმე უცხოეთში. ამიტომაც არის საუბარი სწორედ „სუვერენულ ინტერნეტზე,“ – განაცხადა კლიშასმა.

თუმცა, ექსპერტების შეფასებით, რუსეთში ინტერნეტ-ტრაფიკის მხოლოდ 3% გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შესაბამისად,  კანონის მიზანია  არის  არა ინტერნეტის უსაფრთხოება, რომელსაც არაფერი არ ემუქრება, არამედ ქსელზე კონტროლის გამკაცრება.


RBC

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.