“კრემლში დაკვრაზე აღარ ვლაპარაკობ…ჩავიდე და მტერს დავუკრა, ნოტების გაცდენა მგონია…” – ბექა გოჩიაშვილი

ბექა გოჩიაშვილმა „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, არ გამგზავრებულიყო სტენლი კლარკის ბედნთან ერთად კონცერტებზე, რომლებიც ტურნეს ფარგლებში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაიგეგმა. როგორც ბექა ამბობს, სტენლი კლარკი თანახმა იყო, რუსეთში ორი კონცერტი საქართველოში ერთ კონცერტზე გაეცვალა, მაგრამ ამ კონცერტის გამართვა ვერ მოხერხდა.

“მოსკოვში დაკვრის შემოთავაზება სტენლი კლარკამდეც მქონდა და ალბათ, ამის შემდეგაც მექნება, თუკი ისინი არ მიეჩვევიან იმ ფაქტს, რომ მე იქ არ ჩავდივარ. ძალიან ხშირად მომიწია იმ თემაზე საუბარმა, რომ მე მოსკოვში არ ჩავდივარ. ცალკე შემოთავაზებები იყო სამთავრობო უწყებებიდან, სოლოკონცერტებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 2010 წელს. დამპყრობელი ერისგან არ არის გასაკვირი…

თავად ბენდის წევრები იყვნენ კონცერტებით, ორივე კონცერტი ჩატარდა. ჩვენ გვყავს პიანისტი, რომელიც ელექტროკლავიშზე უკრავს, როცა მე არ ვარ, ის როიალზეც უკრავს ხოლმე. არ დავაკლდი მათ, მაგრამ როგორც მითხრეს, მკითხულობდნენ რუსები. ჩვენმა ტურმენეჯერმა, ის ფრანგი გახლავთ, პირდაპირ უთხრა, მისი ქვეყნის 20% გაქვთ ოკუპირებული და რატომ გიკვირთ, რომ აქ არ უკრავსო. ეს არ არის მართალი, ჩვენ არ ვართ ოკუპანტებიო, უპასუხია რუს პრომოუტერს… ძალიან რომ უნდათ ჩემი ჩასვლა და არ ჩავდივარ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის ჩემი პირადი პროტესტი, კრემლში დაკვრაზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩვეულებრივ კონცერტზეც რომ ჩავიდე და მტერს დავუკრა ის, რითაც ვცხოვრობ, ეს ნოტების გაცდენა მგონია…

სხვათა შორის, სტენლიმ მითხრა ძალიან მაგარი რამე. მოსკოვსა და პეტერბურგში ხომ იყო დაგეგმილი ორი კონცერტი… მითხრა, ერთ კონცერტს თუ ჩავატარებთ საქართველოში, ორივე კონცერტს ამოვაგდებო. რაღაცანირად არ მოხერხდა ის ერთი კონცერტი, მაგრამ საქართველოში ერთი კონცერტით რუსეთის ორი კონცერტი რომ ვარდება, ეს კარგია…” ამბობს ბექა გოჩიაშვილი.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.