კრიმინალი კი არ გაზრდილა, დანაშაულის აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, – გახარიას პასუხი ოპოზიციას

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, დანაშაული 90-იან წლებს უბრუნდება. პრემიერი კრიმინოგენულ ვითარებაზე სასაუბროდ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ინტერპელაციის წესით დაიბარა. პრემიერთან ერთად პარლამენტში შს მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა. ოპოზიციასთან მწვავე დებატების ფონზე, გახარია და ბახტაძე ამტკიცებდნენ, რომ კრიმინალი კი არ გაზრდილა, დანაშაულის აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა და ხალხს პოლიციის მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდა, რის გამოც მიმართვიანობა გაიზარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოფიციალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: დანაშაული საქართველოში 54 %-ით გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაიზარდა ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა.

2018 წლის სტატისტიკა ასეთია: 2017 წელთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი განზრახ მკვლელობის ფაქტები. 21%-ით კი იგივე დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. 127 % მკვლელობის მცდელობაზე მოდის. 150% კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია რეგისტრირებული. გაზრდილია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 122.1% შეადგინა. 62% -ით არის მომატებული გაუპატიურების შემთხვევები. 2018 წელს რეგისტრირებულმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებმა 59.72% შეადგინა. 86.54%-ით მოიმატა ქურდობის შემთხვევებმაც. 

შს მინისტრი გიორგი გახარია  კი აცხადებს, რომ  სამინისტროს გუნდთან ერთად, თითოეულ პოლიციელთან ერთად, ის  პარლამენტში ელოდებოდა შინაარსობრივ საუბარს, ნაცვლად ამისა გამოითქვა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. 

„პირველი და აქ ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულში ჩვენ გვაქვს ან უცვლელი მონაცემები, ან კლება, ისეთი დანაშაული, როგორიც არის მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება – აქ ჩვენ გვაქვს კლება. უფრო მეტიც, თქვენ რომ აიღოთ სტატისტიკა მაგალითად 2001 წლიდან და შეადაროთ 2017-2018 წლამდე, ნახავთ, რომ მკვლელობებში და ყაჩაღობებში ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამ წლების განმავლობაში ბუნებაში არ ყოფილა.

ახლა რაც შეეხება ობიექტურ გარემოებებს: ზოგი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მატება, მაგალითად, ქურდობის მიმართულებით. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მიმართულებით. მაგალითად ისეთი დანაშაულების, რომელიც საერთოდ არ აღირიცხებოდა – მუქარის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე შსს დღევანდელი მდგომარეობის სრული გააზრებით გეგმავს მის ყოველდღიურ მუშაობას, გეგმავს რეფორმების გატარების თანამიმდევრულობას და ყოველდღიურად, მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, – აცხადებს გახარია. 

მისივე თქმით,  სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური. ამბობს, რომ  დღეს პოლიცია და შსს პრინციპულად აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა, ასევე აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი,  გვაქვს გარკვეული ზრდა.

 „აქ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რამეთუ ყველას კარგად ხომ გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვგულისხმობ შსს-ს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი იყოს წყნარად, მშვიდად, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ნაციონალი რომან გოცირიძის აზრით კი კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების  ბრალი, ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული და ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას გაქურდვის, დაყაჩაღების, ან ბანკის გაძარცვის შესახებ.

„გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზეა ქვეყანა. დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, ერთის მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ ასე ვთქვათ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები. ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოსაყენებლად, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში. ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს საზოგადოებაში განმტკიცებული მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევის მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და იბარებენ ყოფილ მინისტრებსაც კი.

როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლებაში გამეფებული შეგნების და ქმედების ბრალი. სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. ქურდობა 96 პროცენტითაა მომატებული. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ეს ერთ თვეში შეემთხვა, დანაშაული მთელი ქვეყნის მასშტაბით რა მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა გოცირიძემ. 

ამავე დროს იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ  კრიმინალს ყოველთვის აქვს ძალიან დიდი განმაპირობებელი ფაქტორი. ეს ფაქტორი კი სოციალური ფონი და ეს სოციალური ფონი საქართველოში არ არის სახარბიელო. ამბობს, რომ   პრაქტიკაში არსებული არასახარბიელო კრიმინალური მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია და ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ სამართალდამცავების დონეზე არ შეიძლება.

„თუმცა რეალურად დანაშაული, რომ ხდება ამას საზოგადოებას ხომ ვერ დავუმალავთ. ეს მათ თვალწინ ხდება. კი ბატონო, სტატისტიკის სრულყოფა არის სისტემური საკითხი, მაგრამ მეორეა რეალობა. რეალობა კი ისაა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კრიმინალის ზრდას ნოყიერ ნიადაგს უქმნის. მხოლოდ კრიმინალური კუთხით ამ საკითხზე მსჯელობა ჩემი აზრით, არ არის სწორი. დანაშაულს აქვს თავისი სოციალური შემადგენელი, შესაბამისად, დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუკი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო კრიმინალი გაიზრდება, ეს მხოლოდ შსს-ს პასუხისმგებლობა კი არაა, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ საქმე ჯეროვნად არ გააკეთეს, რათა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება არ დამძიმებულიყო“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.  

ელზა პაპოშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.