“კულტურასა და სპორტს მეტი გასაქანი ექნება” – რატომ ქმნიან ახალ სამინისტროს – ივანიშვილის ახალი კანტორა საარჩევნოდ მოსახლეობის ხარჯზე?

საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტები განთლების სამინისტროს გამოეყოს და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს. ამ საკითხზე მუშაობა ახალ წლამდე დაიწყება. როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, მთავრობაში დროულად თუ მოხდება ამ საკითხის განხილვა, პარლამენტი რესტრუქტურიზაციის პროცესს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, რადგან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე მუშაობა მნიშვნელოვანია ამ დარგების კიდევ უფრო მეტად წარმოჩენისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნა, რომ როგორც კი დამტკიცდება მთავრობა, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება და იმედოვნებს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს.

“აუცილებელია განათლების სამინისტროდან კულუტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფა. გამოყოფის შემთხვევაში კულტურას და სპორტს მეტი გასაქანი ექნება. მიწებება ყოველთვის ხელოვნურია, რაზედაც მაშინაც ვსაუბრობდი, როცა ამ სფეროების გაერთიანება მოხდა. ალბათ მსჯელობა ამ საკითხზე უახლოეს მომავალში დაიწყება, როგორც კი მთავრობა დამტკიცდება და იმედია, წინააღმდეგობა არ შეხვდება,” – გვითხრა ნუკრი ქანთარიამ.

კინორეჟისორ გოგი თორაძის აზრით, თავიდანვე იყო დაშვებული შეცდომა, როდესაც კულტურის სამინისტროს გაერთიანება მოხდა ამხელა უწყებასთან: “მთელი მსოფლიო კულტურით გვიცნობს და კულტურის სამინისტრო არ გვაქვს.”

“ჩვენ, კულტურის მუშაკები, თავიდანვე გავოცდით, როდესაც კულტურის სამინისტრო გაუქმდა და ამხელა სტრუქტურას შეუერთდა, სპორტი რაღა შუაში იყო, არ ვიცით. გაგვაოგნა ამ გადაწყვეტილებამ, როცა მთელ მსოფლიოში კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებაა და საქართველოს, რომელსაც მსოფლიო კულტურით და შემოქმედი ხალხით იცნობს, კულტურის სამინისტრო არ აქვს. იცით, ეს რატომ მოხდა? როცა ამ საკითხის განხილვა დაიწყო, უნდა მოეწვიათ კულტურის სფეროს მუშაკები, მათი აზრი მოესმინათ და არა ეკონომისტები, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ამ სულიერ სამყაროში. მაგრამ თანხის დაზოგვის გამო ასეთი შედეგი მივიღეთ, რამხელა სახელი მოჰქონდა ქვეყნისთვის ჩვენს კულტურას, ახლა კი ასეა მიფუჩეჩებული. თუ მართლაც გადაწყდება ეს საკითხი, ყველა მივესალმებით. ახლავე შევატყობინებ ჩემს კოლეგებს ამ სასიხარულო ამბავს, რომლებიც დიდი ხანია, დამწუხრებული არიან ამ ფაქტით,” – უთხრა “რეზონანსს” გოგი თორაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.