“კურიერის” მიერ მოპოვებული სკანდალური ჩვენება – სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე სუს-ი აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა

კურიერმა ტერორიზმში ბრალდებული რამაზ მარგოშვილის ჩვენება მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერს შუამავლებსაც უგზავნიდა.

ჩვენების მიხედვით, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ჩიმაკაძემ და მისმა მოადგილემ, ხვიჩა ლორიამ, პანკისის ხეობიდან ჩამოსულ რამაზ მარგოშვილს დაავალეს, რომ სირიაში ჩასულიყო და საერთაშორისო ტერორისტად აღიარებულ ჩატაევს შეხვედროდა.

ჩვენებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან „ცალხელა აჰმედთან“ შესახვედრად გაგზავნილ პანკისელ რამაზ მარგოშვილს სუს-მა ფული მისცა. თანხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცსახსრებიდან ორჯერ გამოიყო.

რამაზ მარგოშვილი ჩვენებაში ყვება, როგორ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე და როგორ მიითვისეს სუს-ის მაღალჩნოსნებმა თანხის ნაწილი ადგილზევე.

ბრალდებული რამაზ მარგოშვილი ჩვენებაში წერს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნების დავალებით, აჰმედ ჩატაევს სირიის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა და ქართული სპეცსამსახურების თხოვნა გადასცა – ჩატაევს სირიის ციხეებში ესპანელი რეჟისორები უნდა მოეძებნა და ისინი ტყვეობიდან დაეხსნა.

“ცალხელა აჰმედი” სუს-ის მოთხოვნის შესრულებას ერთი პირობით დასთანხმდა, თუ ქართულ სპეცსამსახურები მას ქართველი ბიზნესმენისგან თანხის ამოღებაში დაეხმარებოდნენ.

ბრალდებულ მარგოშვილის მტკიცებით, იმ დროისთვის ჩატაევის ვალი ბიზნესმენ ალექსანდრე თალაკვაძეს ჰქონდა. საუბარია 300 ათას დოლარზე.

მარგოშვილის მტკიცებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ სუს-ის მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ჩატაევი თანხის დაბრუნებას ითხოვდა, თუ ფულს არ დაუბრუნებდნენ, კუთვნილი თანხის ამოსაღებად ის საქართველოში თავად ჩამოვიდოდა.

მტკიცებულების სახით მარგოშვილმა ჩატაევის აუდიოჩანაწერი ქართულ სპეცსამსახურებს გადასცა.

ბრალდებული ჩვენებაში წერს, რომ სუს-მა მოქმედება დაიწყო, თუმცა, გაირკვა, რომ მაღალჩინოსნების ჩატაევის ფულის მითვისებას თავად აპირებდნენ.

ბიზნესმენი ალექსანდრე თალაკვაძე სუს-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ვერ იხსენებს, თუმცა, ადასტურებს, რომ აჰმედ ჩატაევი მისი ახლო მეგობარი იყო.

კურიერის მიერ მოპოვებული ჩვენების მიხედვით, აჰმედ ჩატაევის ვალი პანკისელ შავლეხ, იგივე შახი ქავთარაშვილსაც ჰქონდა. ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი ლიდერი 30 ათასი დოლარის დაბრუნებას მასაც სთხოვდა.

ჩვენებაში ბრალდებული თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გამართულ შეხვედრას იხსენებს.

მისი მტკიცებით, შეხვედრაზე სუს-მა უცხო ენაზე მოსაუბრე პირი მიიყვანა და მარგოშვილის სთხოვდა, მისი თანდასწრებით ჩატაევის გეგმებზე ელაპარაკა. ბრალდებულს ეჭვი აქვს, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებაში ქართულმა სპეცსამსახურებმა დიდი ფული აიღეს.

საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ მარგოშვილის ჩვენების შემდეგ პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, თუმცა, სახელმწიფო მბრალმდებელი დეტალებზე არ საუბრობს.

რამაზ მარგოშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხვებს არ პასუხობენ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.