ლევან კობერიძე: „ერთი კლანი ბიუჯეტიდან დღგ-ს მოპარვით გაძლიერდა, ამ ფაქტმა შეაწუხა მეორე კლანი და მოხდა დაპირისპირება “

„ფული ძალიან კარგად არის ბიუჯეტში, უბრალოდ მას იპარავენ,“ – ასეთია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის პოზიცია, რომელიც ტვ. „პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ გააჟღერა.

„დღეს გავრცელდა განცხადება, რომ 100 მილიონი დღგ-ს ყალბი აქტივი შეიქმნა, რაზეც 53 ბიზნეს სუბიქეტის წარმომადგენელია დაკავებული. რეალურად, ინსტიტუცია, საგადასახადო წესრიგი მოშლილია. 100 მილიონის მოპარვა ერთ დღეში და ერთ წამში ხომ არ ხდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ერთი კლანი ბიუჯეტიდან დღგ-ს მოპარვით გაძლიერდა, ამ ფაქტმა შეაწუხა მეორე კლანი და მოხდა დაპირისპირება. სწორედ ამ დაპირისპირების შედეგია 53 ბიზნეს სუბიქეტის წარმომადგენლის დაკავება. შევარდნაძის პერიოდი გამახსენდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფულის მოპარვა ვიღაცის ნებით და მფარველობით ხდებოდა. ამ საკითხს ებმის ტელევიზიების თემაც. დღგ რომ გადააცილო ორი დღით უკვე დაყადაღებული ხარ, თუმცა ვიღაცებს ეპატიებათ, რადგან ტვ „იმედში“ ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებია და „რუსთავი 2-შიც“. ანუ თუ პოლიტიკას ამოეფარე, შეგიძლია რომ 55 მილიონი მოიპარო და მერე ხელისუფლებას შეუძლია უკვე მანიპულაცია მოახდინოს და გამოიყენოს ეს ფაქტი. მე პირდაპირ ვუსვამ ფინანსთა მინისტრს ამ შეკითხვას, გვითხრას, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს არის ცრუ დემოკრატია.


ქვეყანაში ვიღაცას აწყობს რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და არა 2020-ის არჩევნებზე. მე არ მაინტერესებს რამდენ პროცენტიანი იქნება ბარიერი. მაინტერესებს როცა 3.7 მილიონია მოქალაქე, როგორ არის მათგან 3.5 მილიონი ამომრჩეველი. ორივეს, ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობას აწყობს, რომ რაც შეიძლება ცოტა ამომრჩეველი მივიდეს. ისინი პინგპონგს თამაშობენ. 100 მილიონი მოიპარა ბიზნესმა, აგერ 55 მილიონი ტელევიზიებმა, აუდიტის დასკვნაა,რომ 65 მილიონით იზარალა ბიუჯეტმა. 220 მილიონი აგერ ჩვენ დავთვალეთ, თუმცა როცა ვსაუბრობთ ჯანდაცვის, განათლების, ბიზნესის განვითარების პროგრამებზე, ამბობენ, არ არის ფული ბიუჯეტშიო. ფული ძალიან კარგად არის ბიუჯეტში, უბრალოდ მას იპარავენ. უნდა გამოვიდეთ ამ წრიდან და შევქმნათ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. უნდა მოისპოს შავი ფული და არჩევნების მკაცრი კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს, ის უნდა გახდეს სავალდებულო, რათა ყველა მოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და დამთავრდეს ორპოლუსიანობა,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც დეპუტატმა გადაცემაში აღნიშნა, დღეს ხელისუფლება არის რეაქტიული.


„ ყველაფერი იმდენად დეზორგანიზებულია, რომ კარგი გადაწყვეტილება, რომც არსებობდეს, მისი აღსრულება ვერ ხერხდება. ეს არის მთელი უბედურება. კითხვას, რომ ვსვამ, რა არის ანტიკრიზისული გეგმა, ამაზე ეკონომიკის სამინისტროდან მომდის პასუხი, რომ ე.წ „მოხეტიალე ტურისტები“ უნდა მოვიზიდოთო, შემდეგ რომ ვთქვი, ასეთი პასუხი, როგორ შეიძლება-თქო, მინისტრმა ერთ საათში გადმომიგზავნა სხვადასხვა პროგრამებიდან ჩაყრილი გეგმა, ამით ფონი შექმნეს, რომ არსებობს გეგმა, ეს გეგმა არ არის. გეგმა, რომ არსებობდეს ცალ-ცალკე სტრუქტურებიდან კი არა უნდა კრებდნენ, არამედ ჩემი კითხვა არც კი უნდა სჭირდებოდეთ, პრეზენტაციას უნდა აკეთებდნენ, მოდიოდნენ და გვიყვებოდნენ. ასეთ კითხვებს,რომ ვსვამ, თავდაცვით რეჟიმში გადადიან და ამბობენ, რომ მოსახლეობა შემყავს შეცდომაში. ერთ რამეს ვურჩევ ქალბატონ მინისტრს, იმუშაოს, იმუშაოს და კიდევ ერთხელ იმუშაოს. გაითავისოს ის, რომ ის არ არის ერთი კლანის ან ჯგუფის მინისტრი, ის არის საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკის მინისტრი, რომლის მუშაობაც უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ და არა კლანების წევრებმა.“

ნათია კეკენაძე

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.