ლიბია მშპ-ს ზრდა 70.84% – ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ათეული

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2017 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში ძირითადად განვითარებადი ქვეყნები მოხვდნენ. ერთადერთი მდიდარი ქვეყანა, რომელიც ამ სიაში მოხვდა ირლანდიაა. განსხვავებულია მიზეზები, რის გამოც ქვეყნებმა მაღალ ზრდას მიაღწიეს. ეს ზოგიერთ შემთხვევაში ომის დასრულებას, სხვა შემთხვევებში კი უკანსაკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და საკუთარი ქვეყნის მიმზიდველობის ზრდას უკავშირდება.

10 ტაჯიკეთი

2017 მშპ-ს ზრდა: +7.14%

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ტაჯიკეთში ეკონომიკის მოდერნიზაციისა და კორუფციის აღმოფხვრისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. ქვეყანას სამოქალაო ომის შემდგომ ავტორიტარი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი მართავს. დღეისთვის ტაჯიკეთი უღარიბესი პოტ-საბჭოთა ქვეყანაა, მისი მშპ ერთ მოსახლეზე $3,131-ია, რაც საქართველოს მაჩვენებელზე 3.2-ჯერ ნაკლებია. ტაჯიკეტის ეკონომიკის თითქმის 50% რუსეთში მომუშავე მიგრანტი ტაჯიკების მიერ სახლში გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებვული. 2014 წელს რუსეთში დაწყებულმა სავალუტო კრიზისმა ტაჯიკეთს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, მათ შორის გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. 2017 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის მთავრობამ ექსპანსიური ხარჯვითი პოლიტიკა აირჩია. ტაჯიკეთი მოზიდული საგარეო კრედიტით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აშენებს. შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურებიც. სწორედ ამ სექტორებში არსებულმა ზრდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა. გაზრდილია FDI-იც.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/rahh.jpg?itok=nj0Okoof

ფოტო: wikimedia

9 სენეგალი

2017 მშპ-ს ზრდა: 7.16%

15-მილიონიანი სენეგალის ეკონომიკური ზრდა 2013 წლის შემდგომ დაჩქარდა. სენეგალის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი სტრუქტურული რეფორმებია. 2013-2016 წლებში სენეგალის ეკონომ იკა საშუალოდ 6.5%-ით იზრდებოდა, 2017-ში ზრდამ 7%-ს გადააჭარბა. რეფორმებმა, როგორც ადგილობრივი მოხმარების ზრდას, ისე ექსპორტის ზრდას შეუწყვეს ხელი. ზრდას ხელს უწყობს მთავრობა, რომელსაც არჩევნებზე მაღალი მხარდაჭერის გამო სტრუქტურული რეფორმების გატარების შესაძლებლობა აქვს.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/sngl.jpg?itok=C99U-mEo

სენეგალის დედაქალაქი დაკარი

8 სომხეთი

2017 მშპ-ს ზრდა: 7.47%

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, სომხეთი 2017 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა იყო. სომხეთში ეკონომიკური ზრდა რამდენიმე სექტორში არსებულმა მაღალმა ზრდამ განაპირობა. ესენია: დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება. თითოელ ამ სექტორში ზრდა 11%-ს აღემატება. 2016 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა ექსპორტიც. სომხურ ექსპორტში წამყვანი ადგილი უჭირავს სპილენძსა და მოლიბდნეს, ასევე ტექსტილსა და თამბაქოს ნაწარმს. ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 11%-ით გაზრდილმა ფულადმა გზავილებმა და საბანკო სექტორში არსებულმა გაუმჯობესებამ.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/serj.jpg?itok=H-WvqY8o

სერჟ სარგსიანის ბილბორდი ერევანში ფოტო: Reuters

7 ნეპალი

2017 მშპ-ს ზრდა: 7.49%

ნეპალი შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყანაა. ნეპალის ეკონომიკა მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული ჰიმალაის ჰიდრორესურსების ათვისებაზე. ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის ინდოეთში ექსპორტირებაზე მოდის. მსოფლიო ბანკის შეფასებით ჰიდროენერგეტიკას ნეპალის ეკონომიკის სწრაფი განვითარება შეუძლია. მოსახლოების ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ნეპალის ეკონომიკა მეზობელი ბჰუტანის მსგავსად ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/npl.jpg?itok=T0bibrSe

ნეპალის დედაქალაი კატმანდუ ფოტო: getty

6 კოტ-დ’ივუარი

2017 მშპ-ს ზრდა: 7.77%

კოტ-დ’ივუარი მსოფლიოში კაკაოს უმსხვილესი ექსპორტიორია. მოსახლოების ორ მესამედზე მეტი სწორედ კაკაოს, ყავის და მიწის თხილის მოყვანით არის დაკავებული. ქვეყნის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ საკვებ პროდუქტებზე მოდის. ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა უმთავრესი ამოცანაა, მოსახლეობის 47% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2016 წელს ქვეყნის მთავრობამ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის $15-მილიარდიანი საგარეო კრედიტი აიღო. ამ ფულით ახალი გზები, ხიდები და საავადმყოფოები უნდა აშენდეს. ეკონომიკის კიდევ ერთი გამოწვევა ინფლაციაა.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/cocoa.jpg?itok=Q5JOfQS9

კაკაოს მოყვანა კოტ-დ’ივუარში

5 ირლანიდა

2017 მშპ-ს ზრდა: 7.80%

ირლანდიას ერთადერთი მდიარი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების რეიტინგში მოხდვა. ამის მიზეზი საერთაშორისო ბიზნესისთვის ირლანდიაში არსებული საშეღავათო პირობები და მოქნილი საგადასახადო სისტემაა. 2017 წელს ირლანდიის ექსპორტში iPhone-ების ექსპორტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იმის მიუხედავად, რომ Apple ირლანდიაში არცერთ საწარმოს არ ფლობს ირლანდია მაინც სმარტფონების ექსპორტიორად ითვლება, რისი მიზეზიც არის ის რომ Apple-ს ინტელექტუალური საკუთრება ირლანდიაში აქვს დაცული. იმის მიუხედავად რომ ირლანდიაში თვითმფრინავები არ იწარმოება, ის მაინც არის თვითმფრინავების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი. ამის მიზეზი ავიალიზინგის განვითარებული ბაზარია.  გამარტივებული პროცედურების და მოქნილი საგადასახადო სისტემის გამო ირლანდიას თვითმფრინავების ლიზინგისთვის მრავალი საერთაშორისო კომპანია იყენებს. მსოფლიოს 10 უმსხვილესი ლიზინგის კომპანიიდან ცხრას სათავო ოფისი ირლანდიაში აქვს. ირლანდიას მრავალი საერთაშორისო კომპანია ევროკავშირის ბაზრის ცენტრალურ ოფისად იყენებს, რადგანაც ეს ქვეყანა, ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებით, ბიზნესს გაცილებით უფრო მოხერხებულ საგადასახადო სისტემას სთავაზობს. ირლანდიაში ევროპის ცენტრალურ ოფისს Google-იც ფლობს.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/photos/2016/07/dublin.jpg?itok=ng4CcCqE

დუბლინი ფოტო: Reuters

4 განა

2017 მშპ-ს ზრდა: 8.43%

28-მილიონიანი განას მაღალი ეკონომიკური ზრდა 2017 წელს კაკაოს ინდუსტრიის ზრდამ, ასევე ნავთობმომპოვებელი მრეწველოპბის 11%-იანმ აზრდამ და ოქროს ექსპორტის ზრდამ განაპირობა. სიღარიბე და კორუფცია განას ეკონომიკის უმთავრესი გამოწვეაა.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/ghana-flags.jpg?itok=hZRNN6HS

3 მაკაო

2017 მშპ-ს ზრდა: 9.25%

მაკაო დამოუკიდებელი ქვეყანა არაა, ის ჩინეთის ავტონომიური ერთეულია, რომლის მოსახლეობაც ნახევარ მილიონს შეადგენს. მაკაოს ჩინეთისგან ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გამოარჩევს. ასევე კომუნისტური ჩინეთისგან განსხვავებით მაკაოში აზარტული თამაშები არაა აკრძალული. სათამაშო ინდუსტრია მაკაოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს სეადგენს. ქალაქში აზიაში უმსხვილესი კაზინოებია თავმოყრილი.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/casno.jpg?itok=ltVsW-W7

2 ეთიოპია

2017 მშპ-ს ზრდა: 10.86%

ეკონომიკური ზრდის მიხედვით, რამდენიმე წელია ერთ-ერთ პირველ ადგილზე ეთიოპიაა. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში გასული ათწლეულის მანძილზე შობადობის ბუმი იყო, დღეისათვის ეთიოპიის მოსახლეობა 102 მილიონს აჭარბებს. ეთიოპიაში ეკონომიკის განვითარებას მთავრობის ყურადღება ვერ ექცეოდა, ქვეყანა საკუთარი ეკონომიკის განვითარებას პრაქტიკულად ახლა იწყებს. მისი მშპ ერთ მოსახლეზე ერთ ერთი ყველაზე დაბალი $660-ია. ეთიოპიის ძირითად საექსპორტო საქონელს ყავა წარმოადგენს. გასულ წელს ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა და $2.9 მილიარდი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტს მხოლოდ $200 მილიონით აღემატება.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/photos/2016/03/ethiopia.jpg?itok=pUr0C6WY

ფოტო: flickr.com

1 ლიბია

2017 მშპ-ს ზრდა: 70.84%

ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში პირველ ადგილზე ლიბიაა, რაც რეკორდულ 71%-ს შეადგენს. ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ოთხწლიანი არეულობის დასრულება და ნავთობმოპოვების განახლებაა. ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვან გამოწვევად რცება მაღალი ინფლაცია, რომელიც 28%-ს აჭარბებს. პრობლემაა კორუფცია, გადასახადების შეგროვება და მართლწესრიგის უზრუნველყოფა.

http://www.tabula.ge/files/styles/tab_content_fullwidth/public/photos/2016/01/Iranian-oil-field.jpg?itok=FSuFMVwS

ბუნებრივი აირის ჭაბურღილი

უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველაზე მეტად ვენესეულის ეკონომიკა შემცირდა. ვარდნამ ვენესუელაში 14% შეადგინა.

 

„ტაბულა“

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.