ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი, როგორც გზამკვლევი ევროპული განათლებისკენ

ლიტვა, ოფიციალურად ლიტვის რესპუბლიკა, ქართველებისთვის კი უკვე ლიეტუვა, ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას შორის ყველაზე დიდი სახელმწიფოა. ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა 2018 წლის 11 მაისს დამკვიდრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო ჟესტს ამავე წლის 3 მაისს, ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიეტუვის რესპუბლიკის მორიგი მეგობრული ნაბიჯი და საჩუქარი საქართველოსთვის, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავზე. 

ლიეტუვური ენა მსოფლიოს 40-ზე მეტ უნივერსიტეტში ისწავლება, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტშიც, თბილისში, სადაც 2012 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრი პირველია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიაში. ცენტრის გახსნის ინიციატორები იყვნენ ლიეტუვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. დღესდღეობით, ლიეტუვურ ენას სრულიად უფასოდ შეისწავლის დაახლოებით 70 სტუდენტი, თბილისის 6 უმაღლესი სასწავლებლიდან.

ცენტრში სწავლას მეტად საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს და ლიეტუვურ ენას ასწავლის ლიეტუველი პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის და საზღვარგარეთ მომუშავე ლიეტუვური ენის საუკეთესო ლექტორის სახელი. 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიდას კავალიაუსკასი ლიეტუვის და საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯოლდოვა. პროფესორი ლიეტუვისა და საქართველოს დიდი პატრიოტია, მას წვლილი მიუძღვის საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაში ლიეტუვურ ენაში, ვინაიდან ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ცვლილება შეეტანა ჩვენი ქვეყნის დასახელებაში, ამ საკითხში ექსპერტად სწორედ პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი დანიშნა. ვიდას კავალიაუსკასს წვლილი შეაქვს ლიეტუვური კულტურის პოპულარიზაციაში საქართველოში, მან 2014, 2015 და 2017 წლებში ქართველ სტუდენტებთან ერთად ორგანიზება გაუწია ლიეტუვურ და ქართულ ,,პოეზიის გაზაფხულს“, ასევე, სამ საერთაშორისო კონფერენციას, რომლებიც ეძღვნებოდა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობებს. პროფესორის ინიციატივით საქართველოს სამმა მუნიციპალიტეტმა ხელი მოაწერა დამეგობრებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ლიეტუვის მუნიციპალიტეტებთან (მესტია და ტელშიაი, ამბროლაური და ლაზდიაი, დუშეთი და შაკიაი). ასევე აღსანიშნავია, რომ თავის ყოფილ სტუდენტ გიორგი კობახიძესთან (ცენტრის პირველი სტუდენტი, რომელმაც შეისწვლა ლიეტუვური ენა და გაემგზავრა მაგისტრატურაზე ლიეტუვაში) ერთად პროფესორი ასრულებს ლიეტუვურ-ქართული და ქართულ-ლიეტუვური სასწავლო ლექსიკონის მომზადებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი გამოირჩევა იმითაც, რომ აქ სტუდენტები შეისწავლიან არა მხოლოდ ლიეტუვური ენის გრამატიკასა და ფონეტიკას, არამედ ეცნობიან ლიეტუვის კულტურასა და ტრადიციებსაც. ცენტრში ლიეტუვური ტრადიციებით აღინიშნება ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა: შობა, აღდგომა, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღე, ასევე მრავლად იმართება შეხვედრები ლიეტუველ და ქართველ ცნობილ ადამიანებთან: მომღერლებთან, მსახიობებთან, მხატვრებთან, სპორტსმენებთან, პოლიტიკოსებთან და სხვ, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის თავზე, ცენტრს ეწვია ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. ლიეტუვური კულტურის შესწავლის თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ ცენტრში შექმნილია სტუდენტთა თეატრალური და მუსიკალური ჯგუფები. ცენტრის სტუდენტებმა იციან ბევრი ლიეტუვური სიმღერა, მათ 2-ჯერ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებზე ლიეტუვაში. ცენტრის სტუდენტებს დადგმული აქვთ ლიეტუვური სპექტაკლი „სიზმარი“, რომლიც 2016 წლის ზაფხულში წარადგინეს საერთაშორისო სამოყვარულო თეატრალურ ფესტივალზე ლიეტუვაში. სიმღერების შესწავლა, სპექტაკლების დადგმა და ამ გზით ლიეტუვის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა უფრო მარტივსა და საინტერესოს ხდის ლიეტუვური ენის შესწავლას ქართველი სტუდენტებისთვის.

ლიეტუვის რესპუბლიკა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ აამაღლოს ლიეტვური ენის შესწავლის მოტივაცია სტუდენტებში. ამისთვის, ყოველწლიურად, ლიეტუვა ორგანიზებას უწევს უამრავ პროექტს, რომლის ფარგლებშიც  სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ლიეტუვურ ენას, შეუძლიათ გაემგზავრონ ლიეტუვაში. მხოლოდ 2018 წელს, ლიეტუვაში სხვადასხვა პროგრამით გაემგზავრა ცენტრის თითქმის 60 სტუდენტი. ყველაზე პოპულარული პროგრამებია ერთთვიანი ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები (სტუდენტებისთვის გამოიყოფა 570 ევროს ოდენობის სტიპენდია), ერთსემესტრიანი ლიეტუვური ენის შემსწავლელი კურსები ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტებში (სტუდენტებისთვის გამოიყოფა 570 ევროს ოდენობის სტიპენდია), ასევე ყოველწლიურად იმართება საგანმანათლებლო ბანაკები, დიალექტოლოგიური ექსპედიციები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა ქართველ სტუდენტებს მაგისტრატურის უფასო სწავლებასაც სთავაზობს, ყოველთვიური სტიპენდიით. ამჟამად ლიეტუვის 4 უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე უფასოდ სწავლობს ლიეტუვური ენისა და ცენტრის 11 ყოფილი სტუდენტი.

ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტებისთვის ევროპულ ქვეყანაში კვალიფიციური განათლების მიღებას, არამედ ის აძლიერებს კულტურულ და აკადემიურ კავშირებს ლიეტუვასა და საქართველოს შორის, ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს ეხმარება ერთმანეთთან დაახლოვებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლიეტუვისა და საქართველოს მეგობრობის გაძლიერებაში. საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი ჰქვია, შეისწავლოს ლიეტუვური ენა და მონაწილეობა მიიღოს ლიეტუვის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებულ უამრავ საერთაშორისო პროგრამაში.

ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს მიიღოთ კვალიფიციური განათლება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში! ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში, კოსქავას ქუჩა N69.

ავტორი: სოფიო ტაბატაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.