ლიტვამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ლიტვამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კიევში უკრაინელ კოლეგა, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით სანქციები არ დაუწესებიათ, მაგრამ ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დავაწესეთ”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

თუმცა, მას არ განუმარტავს, რა  სახის შეზღუდვებზეა საუბარი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავდა. სამინისტროს ცნობით, აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ლიტვის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„სამინისტროს განცხადებით, ამ პირთა ქმედებები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ლიტვის საერთაშორისო და ეროვნულ უსაფრთხოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალ ესკალაციაზე მეტყველებს, რომელიც ოთხ წელიწადზე მეტია გრძელდება “, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.