ლონდონის სასამართლომ რუხაძეს შესაძლოა დიდი ფულადი ჯარიმა დააკისროს

ირაკლი რუხაძეს ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ შესაძლოა დიდი ფულადი ჯარიმა დააკისროს. კომპანია “სელფორიდსა” და ირაკლი რუხაძის დავა, ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მარცხით დასრულდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი რუხაძე, არასანდო საქმიანი პარტნიორია, რომელმაც “სელფორდში” მუშაობის დროს კონფიდენციალური ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და ძვირადღირებული და მომგებიანი პროექტი მიითვისა. სასამართლოს სხდომები ლონდონში ორ კვირას გაგრძელდა. დაკითხეს ირაკლი რუხაძეც, თუმცა მოსამართლეს დარჩა განცდა, რომ იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბრიტანულ სასამართლოს ატყუებდა და ცრუ ჩვენებას აძლევდა.

კომპანია სელფორდმა ირაკლი რუხაძეს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ბიზნესმენის ქვრივმა “სელფორდს” დახმარების თხოვნით მიმართა. კომპანიას უნდა მოეძიებინა პატარკაციშვილის აქტივები, რომელიც სხვადასხვა ადამიანზე იყო გაფორმებული და ის ოჯახისთვის დაებრუნებინა. პატარკაციშვილს ანდერძი არ ჰქონდა ამიტომ ბიზნესმენის ოჯახს დავა ჰქონდა, მის ყოფილ ცოლთან ოლგა საფონოვასთან, ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან და ოჯახის ნათესავთან ჯოზეფ ქეისთან. ჯამურად ეს თანხა ფაქტობრივად პატარკაციშვილის მთელ ქონებას უტოლდებოდა. სელფორდმა ბიზნესმენის აქტივების ძებნა დაიწყო, მაშინ ამ ფირმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე იყო. თუმცა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ რუხაძემ ინა გუდავაძეს მისი პერსონალური მომსახურება შესთავაზა და თამაშიდან “სელფორდი” ჩამოიშორა.

“pirveliradio.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.