მამუკა ხაზარაძის თქმით ანაკლიის პროექტისთვის საჭირო თანხები უკვე მოზიდულია

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებას გამოეხმაურა.

ხვალ, 15 ოქტომბერს იწურება სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსების შესახებ. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, კონსორციუმმა სახელმწიფოს უკვე წარუდგინა ორი პოტენციური ინვესტორი და გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. 

“კომპანიას წარდგენილი ყავს ორი კვალიფიციური საკმაოდ დიდი და სტრატეგიული ინვესტორი, რომლებიც მზად არიან პროექტში მონაწილეობისთვის, ჩვენ ველოდებით რეაგირებას და პასუხს სახელმწიფოსგან.” 

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ იმოქმედებს პროექტის ბედზე მისი და გიორგი გახარიას პერსონალური ურთიერთობები, ხაზარაძე პასუხობს, რომ ანაკლიის პროექტი მთელი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და პირადი საკითხებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს.

“როცა საკითხი ეხება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, ეხება ჩვენს მომავალს აქ პიროვნული საკითხი უნდა გადავიდეს მეორე პლანზე. რაც შეეხება ჩემი და გახარიას ურთიერთობას, ეს ურთიერთობა არსებობს ისე როგორც არსებობს. ამასთანავე, არსებობს სახელმწიფო ინტერესები და ჩვენ დაველოდებით როგორ სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და იმოქმედებენ. გახარიას იმედი მე არა მაქვს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გახარიას იმედზე იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი.”

განცხადებას გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით ჯავახაძე. ჯავახაძის თქმით, კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ექვს საათამდე აქვს. 

“თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს სახელმწფიოს შეუძლია გახანძლივება, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა. ასევე თეორიული ალტერნატივაა ხელშეკრულების შეწყვეტაც, თუმცა ეს ყველაფერი წარმოადგენს დამატებით გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.” 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარმოადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.