მარკეტებში ქართული პროდუქტის დახლებზე განთავსება 5 000-დან 35 000 ლარამდე ღირს

მაღაზიები ქართული პროდუქტის თაროზე განთავსებაში ფულს არ უნდა ითხოვდნენ“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ გურიელის“ დამფუძნებელმა მიხეილ ჭკუასელმა განუცხადა. როგორც ჭკუასელი აღნიშნავს, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის აუცილებელია ღია და თავისუფალი კონკურენტული გარემო.

გურიელის დამფუძნებელი ამბობს, რომ მომხარებლის ყურადღება ქართული პროდუქტის მიმართ ყოველდღიურად იზრდება. ჭკუასელის თქმით, დღეს ბაზარზე არის ისეთი ქართული პროდუქტები, რომლებმაც იმპორტული მთლიანად ჩაანაცვლა.

„ყოველდღიურად ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართულ პროდუქციაზე უფრო მეტი ადამიანია დადებითად განწყობილი , ანუ ნდობა ქართული ბრენდების მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება. წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორებულია“, – განცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

ბიზნესმენმა ყურადღება კონკურენციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ხარისხიანი პოდუქტის წარმოებას მსხვილ ბრენდებთან კურნკურენცია განაპირობებს.

„მეზობელი სახელმწიფოების წარმოებულ პროდუქტებთან ჩვენ კონკურენციაში არ უნდა ვიყოთ. კონკურენციაში უნდა შევიდეთ ისეთ ბრენდებთან, რომლებსაც მსოფლიო აღიარება  აქვთ“,- განცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

„გურიელის“ დამფუძნებელი „კომერსანტთან“ საუბარში ასევე ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრები დამწყებ კომპანიებს განვითარებაში ხელს უნდა უწყობდნენ.

„მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ვნახავთ, რომ თაროებზე ქართულ პროდუქტზე მეტი ადგილი უცხოურ პროდუქტს აქვს დაკავებული. ყველა თანაბარ მგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ.

როდესაც გვეუბნებიან, რომ მაღაზიაში შესვლა და პროდუქტის განთავსება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული ეს არასწორია. წინააღმდეგობა ამ თვალსაზრისით  ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

„გურიელის“ მოსაზრებას იზიარებს კომპანია „გემუანის“ პროექტების მენეჯერი ზაქარია ყურაშვილიც. მისი განცხადებით, ზოგიერთ მსხვილ სავაჭრო ობიექტში კოლოსალურ თანხებს ითხოვენ, რომლის გადახდა მცირე და საშუალო ბიზნესს არ შეუძლია. ყურაშვილის თქმით, სწორედ ეს უშლის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას განვითარებაში ხელს და ამ შემთხვევაში მარკეტები უფრო გულისხმიერები უნდა იყვნენ.

მისივე განცხადებით, მაღალი ფასი პროდუქციის გაძვირებასაც იწვევს.

„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა დგას, რადგან არის ქსელები და მაღაზიები, რომლებიც დახლებზე პროდუქციის განთავსებაში კოლოსალურ თანხებს ითხოვენ. დღეს საქართველოში იმდენი ქართული პროდუქციის წარმოება არ ხდება, რომ მის განთავსებაში ამხელა თანხებს ითხოვნდენ.

ეს ბიზნესს აფერხებს და მის განვითარებას ხელს უშლის. ჩვენ კომპანიასაც ჰქონია შემთხვევა, როდესაც დახლზე განთავსებაში წლის განმავლობაში 35 000 მოგვთხოვეს. რა თქმა უნდა, ამ თანხას ვერ გადავიხდიდით და ამიტომ იმ ობიექტზე შესვლა ვერ შევძელით.

ასეთ დროს მარკეტების პასუხი მარტივია – თუ არ გინდა ნუ შემოგაქვს. კარგი იქნებოდა, რომ ქვეყანაში ქართულ პროდუქციას ეხმარებოდნენ და წელიწადში 35 ათას ლარს არ გთხოვდნენ. შემდგომ პროდუქციაც ძვირდება და მომხმარელისთვის საინტერესო აღარაა“, – განმარტა ზაქარია ყურაშვილმა.

ყურაშვილის თქმითვე, აქციზის გადასახადი იმპორტირებულ პროდუქციაზე უფრო ნაკლებია ვიდრე ადგილობრივზე.

აღნიშნულ პრობლემაზე „კომერსანტი“ ახლადდაფუძნებული კვების სავაჭრო ობიექტის „მხოლოდ ქართულის“ დამფუძნებელსაც ესაუბრა. როგორც ჯონი მანწკავა აცხადებს, მათთან ქართული პროდუქციის წარმოებას უპირატესი ადგილი უკავია. განსაკუთრებით კი მათ ვისაც თანხების გადახდა არ შეუძლიათ, სწორედ ასეთი კომპანიები „მხოლოდ ქართულში“ დახლზე პროდუქციას უფასოდ ათავსებენ.

„ზოგიერთი მარკეტი 5 000 ლარს ითხოვს პროდუქციის დახლზე განთავსებაში და ეს კომპანიებისთვის პრობლემაა. თავად მარკეტს ევალება იმის განსაზღვრა რომელ მეწარმეს რა თანხას მოთხოვ და ის კონკრეტული ბიზნესი რამდენად შეძლებს დიდი თანხის გადახდას“, – განმარტა მანწკავამ.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს ერთი იდეის განხორციელებაა საჭირო. კერძოდ, მაისი ქართულ თვედ უნდა გამოცხადდეს და ჩვენი პროდუქცია ერთი ან ორი თვის განმავლობაში იმპორტირებულთან შედარებით პოზიციონირებაში იყოს. მცირე მეწარმეებს მარკეტებმა პროდუქცია უფასოდ უნდა შეატანინონ და გაყიდვების მაჩვენებელს შეხედონ, ხოლო შემდგომ განსაზღვრონ მათთვის პროდუქციას რამდენად დიდი მოგება მოაქვს“, – აღნიშნა ჯონი მანწკავამ.

შეჩერებული წარმოება „კოკოტაური ხელმძღვანელი ვლადიმერ შერვაშიძე აღნიშნულ პრობლემაზე „კომერსანტთან“ 2017 წელს საუბრობდა. ამ პრობლემასთან ერთად შერვაშიძე წლების განმავლობაში აქცენტებს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც აკეთებდა. მაგალითად, როგორიცაა ბაზარზე მსხილი უალკოჰოლო სასმელი კომპანიების მიერ მისი ბრენდის დაბლოკვა.

„ფინანსური პრობლემების მიზეზი სავაჭრო ქსელების და კონკურენტი კომპანიების „ბორჯომის და „წყალი მარგებელის (ნაბეღლავი) არაკეთილსინდისიერი მოქმედებებია. ეს კომპანიები სავაჭრო ქსელებს და მარკეტებს ფულს უხდიან იმაში, რომ მათ ქსელში სხვა წყალი არ შევიდეს. მე რომ წყალს შევიტან, დახლის ქვეშ არის დამალული. ასე ხდება აჭარაშიც და სრულიად საქართველოში. ეს კომპანიები ფინანსურად ძლიერები არიან, მე მაგათ ვერ მოვუგებ, – აცხადებდა შერვაშიძე.

ავტორი:ლიკა გურაბანიძე

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.