მარკ დი პაოლო – უნდა დავეხმაროთ საქართველოს, შესაბამისი მომენტისთვის ნატო-ში გასაწევრიანებლად მზად იყოს

ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, მზად იყოს შესაბამისი მომენტისთვის ნატო-ში სრულუფლებიან წევრად შესასვლელად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა, მარკ დი პაოლომ ბათუმში განუცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მისივე თქმით, ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც დღეს სრულდება, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ვასრულებთ დღეს კონფერენციას ბათუმში. გვქონდა შესანიშნავი კონფერენცია, რომლის დროსაც ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მხრივ. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და რა თქმა უნდა, განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მომავალში გაძლიერებასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმები. შავი ზღვის უსაფრთხოება ასევე იყო მნიშვნელოვანი საკითხი კონფერენციაზე. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე ალიანსისთვის და რეგიონული პარტნიორებისთვის. ასევე, ხელიდან არ გავუშვით შესაძლებლობა, რომ მადლობა გადაგვეხადა საქართველოსთვის ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობისთვის. კონფერენციის შემდეგ დავბრუნდებით ბრიუსელში, განვიხილავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებას. ეს არის საქართველოსადმი მხარდაჭერის პაკეტი, რათა ქვეყანამ გააგრძელოს თავისი რეფორმები“, – განაცხადა მარკ დი პაოლომ.

მისივე თქმით, საქართველოს საკითხი განხილული იქნება ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზეც.

„ლიდერების შეხვედრის ფარგლებში ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი პარტნიორების ფორმატი, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველო არის საკითხი, რომელიც განხილული იქნება“, – აღნიშნა მარკ დი პაოლომ.

რაც შეეხება საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროების შესახებ დასმულ კითხვას,  ნატო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაპ-ი არის გაწევრიანების პროცესის ნაწილი.

„2008 წელს ბუქარესტში მოკავშირები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ უნდა დაველოდოთ შესაბამის დროს“, – განაცხადა მარკ დი პაოლომ.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში მეხუთე მუხლის გარეშე გაწევრიანების იდეა ალიანსში აქტიურად არ განიხილება.

„ჩემთვის ცნობილია საქართველოს მეხუთე მუხლის გარეშე გაწევრიანების იდეის შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილება ნატო-ში. მეხუთე მუხლი არის ალიანსის ფუნდამენტური ნაწილი. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს, იყოს მზად შესაბამისი მომენტისთვის ნატო-ში სრულუფლებიან წევრად შესასვლელად“, – დასძინა მარკ დი პაოლომ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.