მასშტაბური რეორგანიზაცია პროკურატურაში – EMC ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავარი პროკურატურა მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ში. მათი ინფორმაციით, შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად არჩევიდან მალევე უწყებამ მასშტაბური რეორგანიზაცია გამოაცხადა, თუმცა პროცესის მიმდინარეობა მკაცრადაა გასაიდუმლოებული:

“ახალი მთავარი პროკურორის არჩევიდან თვენახევარში, პროკურატურის სისტემაში სტრუქტურული გარდაქმნის და ეფექტიანი მმართველობის მიზნით, მასშტაბური რეორგანიზაცია გამოცხადდა. პროკურატურის განცხადებით, დაანონსებულმა ცვლილებებმა სისტემის ყველა რგოლი თანაბრად უნდა მოიცვას. რეორგანიზაციის პროცესში გადაწყვეტილებები ატესტაციის, მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემის და უშუალოდ მთავარ პროკურორთან გასაუბრების შედეგებს დაეფუძნება. რეორგანიზაციის პროცესის ხელმძღვანელობის მიზნით, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, სისტემაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.[

EMC-იმ, პროცესის მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და გამოითხოვა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, პროკურატურის ორგანოებში დასაქმებულ პირთა მრავალკომპონენტიანი შეფასების აღწერილობა, რეორგანიზაციის პროცესის წარმმართველი შესაბამისი ჯგუფის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი.

უწყებამ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, არ მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია. EMC-იმ, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, განმეორებით მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოთხოვილი ინფორმაციის შემჭიდროვებულ ვადაში მოწოდების შესახებ. თუმცა, რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას პროკურატურა ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპისთვის, რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობიდან ერთი პირი გათავისუფლდა, ერთი პირი კი დაექვემდებარა შიდა თანამდებობრივ გადაადგილებას. დამატებითი განმარტებები პროკურატურას რეორგანიზაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

საქართველოს პროკურატურის რეფორმირების და შიდა სტრუქტურული გარდაქმნის პროცესის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პროკურატურის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურად არაერთი კითხვა არსებობს. ამ პირობებში, არსებითი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოებას და დაინტერესებულ ჯგუფებს ჰქონდეთ ინფორმაცია რა ხედვა აქვს პროკურატურის ხელმძღვანელობას რეფორმის პროცესებთან დაკავშირებით და რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს უწყების რეორგანიზაციის შედეგებზე.

ვფიქრობთ, რომ დახურულ კარს მიღმა მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება აზიანებს რეორგანიზაციის პროცესის სანდოობას როგორც სისტემის შიგნით, ასევე გარეთ. EMC მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია.” აცხადებენ EMC-ში

“pirveliradio.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.