მეცნიერებმა ინტელექტთან დაკავშირებული 1000-ზე მეტი გენი აღმოაჩინეს

მკვლევრებმა ინტელექტთან დაკავშირებული 1016 სპეციფიკური გენი აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა მეცნიერებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გენეტიკასთან ინტელექტის კავშირის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. შედეგად, აღმოაჩინეს ინტელექტთან დაკავშირებული 190 ახალი გენომური ლოკუსი და 939 ახალი გენი, რომლებიც მნიშვნელოვნად ავრცობენ ჩვენს გაგებას კოგნიტური ფუნქციის გენეტიკური ბაზისის შესახებ.

მკვლევართა ჯგუფმა ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის სტატისტიკური გენეტიკოსის, დანიელ პოსთუმას ხელმძღვანელობით, მთლიანი გენომის ასოციაციის კვლევა (GWAS) ჩაუტარეს 270 000 ადამიანს ევროპული წარმოშობის 14 დამოუკიდებელი კოჰორტიდან.

ამ ადამიანებს ჩაუტარეს ნეიროკოგნიტური ტსტები, რომლის ფარგლებშიც გაზომეს მათი გონებრივი შესაძლებლობები. როცა მკვლევრებმა მათი შედეგები მონაწილეთა დნმ-ში არსებულ ვარიაციებს (ერთნუკლეოდიტიანი პოლიმორფიზმი) შეადარეს, ადვილად გაარკვიეს მაღალ ინტელექტთან დაკავშირებული მუტაციები.

ნიმუშებში დაფიქსირებული 9 მილიონზე მეტი მუტაციიდან, პოსთუმას ჯგუფმა დნმ-ის კოდში ინტელექტთან დაკავშირებული 205 რეგიონისა და 1016 გენის იდენტიფიცირება მოახდინა.

ჯგუფის ცნობით, გენები, რომლებიც პასუხისმგებელია გონებრივ შესაძლებლობებზე, როგორც ჩანს, ასევე წარმოადგენს ზოგადი კოგნიტური ჯანმრთელობის დამცავ ეფექტს. ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანალიზებმა უარყოფითი კორელაცია აჩვენა ალცჰაიმერის დაავადებასთან, ყურადღების დეფიციტთან, დეპრესიულ სიმპტომებთან და შიზოფრენიასთან.

თუმცა, ინტელექტის გენები თანაფარდობაში მოდიოდა აუტიზმის გაზრდილ შემთხვევებთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ინტელექტის გენეტიკური საძირკვლების მქონე ხალხი სავარაუდოდ, უფრო დიდხანს ცოცხლობს.

„ჩვენი შედეგები მიუთითებს გენეტიკურ პროცესებში მიმდინარე გადაფარვაზე, რომელიც ჩართულია როგორც კოგნიტურ ფუნქციონირებაში, ისე ნეიროლოგიურ და ფსიქიატრიულ თვისებებში. ეს კი გვაწვდის მიზეზობრივი ასოციაციების დამაფიქრებელ მტკიცებულებას, რაც შესაძლოა, ამ თანაფარდობებს მართავდეს“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ეს შედეგები მნიშვნელოვანია კოგნიტური ფუნქციონირების ბიოლოგიურ საძირკვლებში გასარკვევად და ამავე დროს წვლილი შეაქვს მასთან დაკავშირებულ ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ აშლილობათა შესწავლაში.

მსგავსი კვლევა პოსთუმამ შარშანაც ჩაატარა. მაშინ მკვლევრებმა ინტელექტთან დაკავშირებული მხოლოდ 40 ახალი გენის იდენტიფიცირება შეძლეს. გამომდინარე აქედან, წლევანდელი ანალიზები გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა და დიდად აფართოებს ინტელექტის გენეტიკურ საფუძველთა გარკვევის გზებს.

პოსთუმას მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ახალ, ცალკე კვლევაში მეცნიერებმა მთლიანი გენომის ასოციაციის კვლევა ჩაუტარეს 449,484 ინდივიდს. შედეგად, მოხერხდა ნეიროტიზმთან დაკავშირებული 136 გენომური ლოკუსისა და 599 ჩართული გენის იდენტიფიცირება.

გენეტიკური ლოკუსებიდან 124 მეცნიერებითვის ახალი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევრებს მანამდე იდენტიფიცირებული ჰქონდათ ნეიროტიზმთან დაკავშირებული მხოლოდ 16 ლოკუსი, ეს კვლევა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმ გარემოებათა გასარკვევად, რომლებიც იწვევენ მაგალითად, დეპრესიას, მღელვარებას და შიზოფრენიას.

ჯგუფის განცხადებით, არსებობს ნეიროტიზმის (ნევროტული მდგომარეობა) ორი განსხვავებული გენეტიკური „ქვეგროვა“, რომელთაგან ერთი დაკავშირებულია „დეპრესიის აფექტთან“, მეორე კი მღელვარებასთან.

კვლევა ჟურნალ Nature Genetics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.