მეცნიერებმა კანაფის კულტურის სამშობლო იპოვეს

დიდი ხანია ცნობილია, რომ მცენარე კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა, თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, ზუსტად სად აღმოცენდა მილიონობით წლის წინ.

შუა საუკუნეების დოკუმენტები აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ 930 წელს, ცნობილი არაბი ენციკლოპედისტი იბნ ვაჰშია ამ მცენარის სამშობლოდ ინდოეთს ან ჩინეთს მოიაზრებდა.

სხვა ობიექტებზე ფოთლების მიერ დატოვებული ანაბეჭდების სიმწირის გამო, მეცნიერებმა წარსულში მხოლოდ იმის გარკვევა შეძლეს, რომ კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა, ყოველგვარი კონკრეტული რეგიონის გარეშე.

ახალი კვლევა ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა მედიცინის მკვლევარ ჯონ მაკპარტლანდის ხელმძღვანელობით. როგორც ისინი წერენ, მიუხედავად ბოლო ათწლეულებში ამ მცენარის შესახებ შექმნილი მრავალი ლიტერატურისა, მისი ზუსტი სამშობლოს საკითხი ამ დრომდე განსჯის საგანია.

ფოთლების ანაბეჭდების ნამარხების სიმწირის გამო, მეცნიერებმა კანაფის გვარის მცენარეთა ყვავილის მტვერს მიმართეს. ამ მცენარის გრძელი ისტორიის გამოსააშკარავებლად ამ მტვერის შესწავლა პირველად 1930-იან წლებში დაიწყეს.

მას შემდეგ ნამარხი მტვრის მრავალი კვლევა ჩატარდა; კანაფის უძველესი კვალი აღმოაჩინეს აზიასა და სხვა რეგიონებში, დადგინდა ისიც, სად ხარობს ის ყველაზე უკეთესად.

მკვლევართა დასკვნით, კანაფისთვის იდეალური გარემოა გაშლილი ველი, ხეებისა და ჩრდილების გარეშე.

ახალი კვლევის ფარგლებში, მაკპარტლანდმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა აზიაში აღმოჩენილი კანაფის ყვავილის მტვრის შესახებ ჩატარებული 155 სხვადასხვა კვლევა. მონაცემებთან მუშაობის ერთ-ერთი სირთულე ის არის, რომ მრავალ ამ კვლევაში კანაფის ყვავილის მტვრის მარცვლები არეულია სვიისებრთა ყვავილის მტვერში. ისინი მართლაც გვანან, რადგან ეს ორი მცენარე ერთმანეთს 28 მილიონი წლის წინ გამოეყო.

იდენტიფიცირებისათვის მეცნიერებმა სტატისტიკური მეთოდი გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც მტვრები ამ რეგიონისათვის დამახასიათებელ სხვა მცენარეთა მტვრისგან გამოაცალკევეს. მათ შორის იყო მცენარე აბზინდას (Artemisia) გვარის წარმომადგენლებიც.

შედეგად კი გაირკვა კანაფის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო გეოგრაფიული ადგილი.

როგორც მონაცემები მიუთითებს, კანაფის სამშობლოა ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, კუკუნორის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ჯგუფის აზრით, ამის შემდეგ კანაფი დასავლეთის მიმართულებით გავრცელდა, დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ მიაღწია რუსეთსა და ევროპას. შემდეგ დაიწყო გავრცელება აღმოსავლეთითაც და აღმოსავლეთ ჩინეთს დაახლოებით 1,2 მილიონი წლის წინ მიაღწია.

ევრაზიაში ასე ფართოდ გავრცელების გამო, ადამიანებმა თანდათანობით კანაფის კულტივაცია დაიწყეს. აღმოაჩინეს მისი ბოჭკოს თვისებებიც, მათ შორის ფსიქოტროპული მოქმედება და ვარგისიანობა თოკებისა და სხვადასხვა ქსოვილების დასამზადებლად.

კვლევა ჟურნალ Vegetation History and Archaeobotany-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.