მეცხრე პლანეტაზე ნადირობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა

მეცხრე პლანეტაზე ნადირობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

მზის სისტემის კიდესთან დიდი, უხილავი პლანეტის არსებობის მტკიცებულებები სულ უფრო იზრდება. ამის მაგალითია თუნდაც ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი შორეული ჯუჯა პლანეტა 2015 TG387-ის, იგივე „გობლინის“ აღმოჩენა. სავარაუდოა, რომ ამ პლანეტის ძლიერ გაწელილი ორბიტა განპირობებულია სხვა მოზრდილი პლანეტით, რომელიც იქ სადღაც მოძრაობს. ასეთივე ელიფსური ორბიტები აქვთ იქ არსებულ ათობით სხვა ობიექტს.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტორფიზიკოსის, კონსტანტინ ბატიგინის განცხადებით, ყველა ამ ანომალიის ერთადერთ სათანადო ახსნად მეცხრე პლანეტა რჩება.

ნადირობის დასაწყისი

ბატიგინი 2014 წელს მეცხრე პლანეტაზე დაწყებული ნადირობის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.

ამავე წელს, ასტრონომებმა — ჩად ტრუხულიომ და სკოტ შეფარდმა ნეპტუნს გადაღმა, საკმაოდ შორის, დიდი „შემშფოთებლის“ არსებობა ივარაუდეს. მეცნიერთა განცხადებით, ეს უნდა ყოფილიყო პლანეტა, რომელიც კარგად ხსნის ჯუჯა პლანეტა ედნას, 2012 VP113-ისა და სხვა შორეული ობიექტების ორბიტათა უცნაურ მახასიათებლებს.

ბატიგინმა და ბრაუნმა პლანეტის მახასიათებლების გარკვევაც სცადეს. მათი აზრით, მას დედამიწაზე 10-ჯერ მეტი მასა უნდა ჰქონდეს და მზიდან დაშორებული იყოს 600 ასტრონომიული ერთეულით (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის, 150 მლნ კმ).

ამის შემდეგ აღმოჩენილ შორეულ ობიექტებსაც გაწელილი ორბიტები აქვთ. ბატიგინის თქმით, მათ შორის არის 14 ახალი ობიექტი, რომლებსაც მეცხრე პლანეტის გრავიტაციის კვალი ეტყობათ.

კვალი შეიძლება იყოს შეჯგუფება. მათ ძლიერ გაწელილი, ელიფსური ორბიტები აქვთ და მოძრაობენ ერთი მიმართულებით, რასაც მეცხრე პლანეტის მოდელებიც პროგნოზირებდა.

ბატიგინის თქმით, ასეთი კონფიგურაციის შემთხვევით განლაგების შანსი 0,1 პროცენტზე ნაკლებია და სხვა შესაძლო ახსნებიც უძლურია.

მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობდა, რომ შეჯგუფება შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ნეპტუნს გადაღმა არსებული ყინულოვანი სხეულების გროვის, ე. წ. კოიპერის სარტყლის უთვალავი პატარა ობიექტის გრავიტაციის გავლენით.

მაგრამ როგორც ბატიგინი აღნიშნავს, „თვითრეგულირებადი“ კოიპერის სარტყელი ბევრად სხვანაირად უნდა გამოიყურებოდეს. მისივე თქმით, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მთლიანი კოიპერის სარტყლის მასა დედამიწის მასის მხოლოდ 2 პროცენტია, რაც ამ სხეულთა ასეთი ორბიტების ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არ არის.

მეცხრე პლანეტის არსებობის ალბათობას ბატიგინი 90 პროცენტზე მეტით აფასებს. იგივეს ფიქრობს მისი კოლეგა, კარნეგის ინსტიტუტის მკვლევარი სკოტ შეფარდი.

სად იმალება მეცხრე პლანეტა?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბატიგინისა და ბრაუნის, ისევე როგორც ტრუხილიოსა და შეფარდის ჯგუფები მეცხრე პლანეტას სისტემატიურად ეძებენ. ორივე მათგანი იაპონიის 8-მეტრიან ტელესკოპ „სუბარუს“ იყენებენ.

მათთან ერთად, მეცხრე პლანეტაზე ნადირობაში ჩართულია მკვლევართა სხვა ჯგუფებიც მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ამაოდ.

მისი თქმით, მზის სისტემის გარე ნაწილში ძალიან დიდი ობიექტის დამალვა საკმაოდ მარტივია და ისინი ასეთ სიღრმეებს ჯერ ვერ სწვდებიან.

ბატიგინი და შეპარდი აღნიშნავენ იმასაც, რომ ჯერ მხოლოდ 20-25 პროცენტია შესწავლილი ცის იმ ნაწილისა, სადაც ყველაზე დიდი ალბათობით იმალება მეცხრე პლანეტა.

რთულია იმის პროგნოზირებაც, როდის მოხდება ბოლოსდაბოლოს მეცხრე პლანეტის დაფიქსირება, რადგან ასტრონომებმა არ იციან მისი ზუსტი მასა, სიკაშკაშე ან ორბიტა. არც იმაში არიან დარწმუნებული, არსებობს თუ არა ის საერთოდ.

მაგრამ ბატიგინი ეჭვობს, რომ სუბარუს ტელესკოპს მისი დაფიქსირების უნარი აქვს. მკვლევრები დიდ იმედს ამყარებენ მომავლის სხვა რამდენიმე მძლავრ ტელესკოპზეც. მათ შორის არის NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წელს გაეშვება და Large Synoptic Survey Telescope (LSST), რომელიც ჩილეს ანდებში 2020-იანი წლების დასაწყისში გაიხსნება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.