მზის მსგავს შორეულ ვარსკვლავთან პლანეტების დაბადების პროცესს ფოტო გადაუღეს (ფოტო)

ჰავაის კუნძულებზე განთავსებული ორი უმძლავრესი ტელესკოპის ერთობლივი შესაძლებლობების გამოყენებით, ასტრონომებმა ფოტო გადაუღეს ჯერ კიდევ დაბადების პროცესში მყოფ შორეულ პლანეტურ სისტემას.

ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ ცოტა ხნის წინ ამ სისტემაში დაფიქსირებული სამი ეგზოპლანეტა სინამდვილეში არ არსებობს და მათი იდენტიფიცირება შეცდომით მოხდა. მზის მსგავსი, T ვეშაპის ტიპის ახალგაზრდა ვარსკვლავი სახელად LkCa 15 ჩვენგან 473 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

ფოტოს გადაღებისას გამოყენებულმა ახალმა მეთოდმა ნათლად აჩვენა, რომ ის წინა მეთოდს გაცილებით სჯობს და შეუძლია დააფიქსიროს ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტები.

ცნობილია, რომ ახლად დაბადებულ ვარსკვლავებს გარს უვლის მტვრის, კლდეებისა და გაზის დისკო. პლანეტური აკრეცია (წარმოქმნა) იწყება მაშინ, როცა დისკოში არსებული ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახებიან, თანდათან გრავიტაციულად უფრო ძლიერი ხდებიან, ორბიტულ გზაზე აგროვებენ და ასუფთავებენ კიდევ უფრო მეტ ნივთიერებას, თანდათანობით კი წარმოიქმნება პლანეტა.

წარსულში ასტრონომებს უკვე გადაღებული აქვთ ასეთი პროტოპლანეტური დისკოების საოცარი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს ორბიტის მოსუფთავება.

თუმცა, ასტრონომთა წინა ჯგუფი ფიქრობდა, რომ ზუსტად მზის სისტემის განფენილობის მასშტაბებში, ვარსკვლავ LkCa 15-თან დააფიქსირეს სუპერ-იუპიტერის ტიპის სამი პლანეტა. ამისათვის მათ გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც პლანეტათა სინათლეს ვარსკვლავის სინათლისგან ანსხვავებდა.

თუმცა, სუბარუს ტელესკოპისა და კეკის ობსერვატორიის ტელესკოპ WM-ის გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ სინათლე, რომელიც პლანეტების ეგონათ, სინამდვილეში თავად დისკოდან მოდის.

ნასას ასტროფიზიკოსის, თაინე კიურის განცხადებით, LkCa 15 ძლიერ კომპლექსური სისტემაა და სწორედ ეს გახდა წინა კვლევისას გაპარული შეცდომის მიზეზი.

სუბარუსა და კეკის ტელესკოპებით ჩატარებული ახალი დაკვირვებები ძალიან სრულფასოვანი იყო, რადგან გამოიყენეს მათი ახალი, ვიზუალიზაციის მოწინავე ისნტრუმენტები. გარდა ამისა, საარქივო მონაცემებში ასევე იპოვეს კეკის ობსერვატორიიდან ამ სისტემისთვის 2009 წელს გადაღებული ფოტო, რომელიც შესადარებლად გამოიყენეს.

ყველა ამ მონაცემთა კომბინაციის შედეგად გაირკვა, რომ ვარსკვლავ LkCa 15-ის გარშემო სივრციდან მოსული სინათლის უმეტესობა გამოყოფილია პროტოპლანეტური დისკოს თაღის ფორმის სექციებიდან, რაც წინა კვლევისას პლანეტებად ჩათვალეს.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სისტემაში არც ერთი პლანეტა არ არის. ჯგუფის აზრით, იქ პლანეტები სავარაუდოდ არის, მაგრამ იმდენად პატარა და მკრთალი, რომ მათი დაფიქსირება არ შეგვიძლია.

თუკი ერთ დღესაც ამ პლანეტებს ვიპოვით, გაცილებით უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება პლანეტების წარმოქმნის პროცესის შესახებ არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ჩვენი მშობლიური სისტემის დაბადების შესახებაც, რადგან LkCa 15 მზის მსგავსი ვარსკვლავია.

კიურის განცხადებით, ამ ახალგაზრდა ვარსკვლავურ სისტემაში პლანეტები ჩვენი მზის სისტემის პლანეტებს შესაძლოა იმაზე მეტად ჰგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. იგი მათ არსებობაში დარწმუნებულია, მაგრამ ფიქრობს, რომ ჩვილი პლანეტები ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავ დისკოში არიან ჩაჭედილი.

მომზადებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.