“მთავრობა ვერ მართავს სახელმწიფო კომპანიებს და გადამხდელების ფულს არასწორად ფლანგავს“ – ექსპერტები გიორგი ქობულიას პოზიციას იზიარებენ

„ეკონიმიკის ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა ის, რისი ეჭვიც საზოგადოებას ძალიან დიდი ხანია აქვს,“ – ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ყოფილი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას.

გიორგი ქობულიას განცხადებას, რომ სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ, აკაკი ცომაია სრულად იზიარებს და დასძენს, რომ სწორედ სახელმწიფო საწარმოებია ერთ-ერთი მიზეზი, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. ექსპერტი ამბობს, რომ ქობულიას პოზიცია სახელმწიფო ქონების მასობრივი პრივატიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით სწორია.

„100 პროცენტით ვეთანხმები ყოფილი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, ამის ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება არსებობს, არ სჭირდება საკითხს კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა  მკვეთრად გაზრდილია, ისევე როგორც სახელმწიფო სექტორში. ეს უკვე არანაირ ეკონომიკურ კალკულაციას აღარ ექვემდებარება. გარდა ამისა სახელმწიფო  საწარმოების ზარალი პერიოდულად იზრდება, შესაბამისად, მათ მიერ აღებული კრედიტები (სადაც ლომის წილი მოდის უცხოურ ვალუტაში აღებულ კრედიტებზე) იზრდება. გამოდის, რომ სახელმწიფო საწარმოებს არჩენს დანარჩენი საზოგადოება. ფაქტობრივად, ესენი არიან სუბსიდირებული სფეროები, რაც ჩვენს ეკონომიკას, რომელიც ისედაც დაბალი და არაჯანსაღია, კიდევ უფრო მეტად აზარალებს. უნდა დაიწყოს სახელმწიფო ქონების მასობრივი პრივატიზაცია, თუმცა უნდა გაკეთდეს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. თუ ჩვენ გავიხსენებთ როგორ მიმდინარეობდა პრივატიზაციის პროცესები დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ და მომდევნო პერიოდშიც, ვნახავთ, რომ პროცესი მიკერძოებულად მიმდინარეობდა და ვისაც უნდოდა ქონების ჩაგდება, იმან ჩაიგდო ხელში“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

სახელმწიფო კომპანიების არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილიც. მისი თქმით, მთავრობის მფლობელობაში მყოფი კომპანიები 2013 წლიდან მოყოლებული 2017 წლის( ბოლო მონაცემით) ჩათვლით სულ წაგებაზე მუშაობს და ჯამში წაგებული თანხა მილიარდობით ლარს აღწევს.

„სახელმწიფო კომპანიები ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში თითქმის ყოველ წელს გადიან წაგებაზე და, ჯამურად რომ ავიღოთ, ასეულობით მილიონი ლარია გაფლანგული. მთავრობა ვერ მართავს ამ კომპანიებს და გადამხდელების ფულს არასწორად ფლანგავს. ეს არის ლოგიკური, როდესაც მთავრობას ეხება საქმე, ყოველთვის ფინანსური ტიპის პრობლემები იქმნება. რამდენჯერმე მოხდა გადადება სრული საპრივატიზაციო პროექტების – ეს ეხება, მაგალითად, საქართველოს რკინიგზას, საქართველოს ფოსტას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას და სხვა ტიპის სახელმწიფო კომპანიებს. მათი პრივატიზების პროცესი დროში იწელება, ჭიანურდება და შემდეგ უარით სრულდება. მათ შორის რკინიგზა წარმოადგენს ყველაზე კარგ მაგალითს, როდესაც დღეს პრემიერ მინისტრი თავს იწონებს სხვადასხვა საქმიანობებით, მისი მმართველობის პერიოდში რკინიგზას სერიოზული პრობლემები შეექმნა – შემცირდა ტვირთბრუნვა, შემცირდა მოგება, გაიზარდა ხარჯები. როდესაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საუბრობს ამ პრობლემაზე ცალსახად სწორია. როდესაც საქმე საპრივატიზაციო ნუსხას ეხება, აუცილებელია, დაჩქარებული წესით მოხდეს მათი პრივატიზაცია. პრივატიზება არ არის ხელწამოსაკრავი საქმე, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც 90 წლებში ძალიან ცუდად მოხდა ეს პროცესები. საპრივატიზაციო ქონების გასხვისება უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, ეს არის მთავრობის პირველად მოვალეობა, ვისაც სურვილი ექნება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არ უნდა მოხდეს პოტენციური ბენეფიციარების შერჩევა, უნდა მოხდეს პრივატიზება და არა „პრიხვატიზება“. მთავრობის როლი არის ის, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული პირობებით უნდა მოხდეს გასხვისება, ამაში უნდა იყონ ძალიან ფრთხილები. იმისთვის, რომ თავიდან  ავირიდოთ ბიზნესსა და მთავრობას შორის დაპირისპირება. ამასთან, აუცილებელია პრივატიზება სრულად მოხდეს და არა ნაწილობრივ,“ – განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

ბაჩო ადამია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.