„მინიმალური ხელფასის განსაზღვრა კორუფციის ზრდას და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს“ – ხელფასების გაათმაგება ჩინოვნიკებისთვის და ხელისუფლების მხარდამჭერთათვის?

„მინიმალური ხელფასის იდეა არის ის, რამაც დასაქმებულის და მისი ოჯახის წევრების ღირსეული არსებობა უნდა უზრუნველყოს“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ პროფკავშირებისგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა განუცხადა.

როგორც ლიპარტელიანი აღნიშნავს, წლებია ეს საკითხი მათი მხრიდან ხელისუფლების წინაშე აქტიურად დგას. პროფკავშირებში ფიქრობენ,რომ საკითხის განხილვა და მისი ეტაპობრივად წინსვლა ყველა მხარის ინტერესში უნდა შედიოდეს.

ლიპარტელიანის თქმით, შეხვედრები და განხილვები  მთავრობას, დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს შორის უნდა გაიმართოს.

 „კომერსანტის“ კითხვაზე უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრული?საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის, კანონით დადგენილი ოდენობა აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრუი, ეს მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკაა.

საქართველოს შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მინიმალური ხელფასი წარსულში განსაზღვრულია თვეში 20 ლარი, თუმცა ის ქვეყნის რეალობასთან არაადეკვატურია. ეს დადგენილება ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გამოიცა და მას შემდგომ  აღარ გადახედილა“ – განმარტა ლიპარტელიანმა.

მინიმალური ხელფასის განსაზღვრას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დამასქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიშა კორძახია. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი ბევრ მიმართულებას ჩარჩოებში ჩასვამს და ეკონომიკურ სიტუაციას უფრო გაართულებს.

„ეს ეკონომიკურ სიტუაციას კიდევ მეტად გაართულებს. ყველას მიაჩნია, რომ რეგულაციები ქვეყანას გადაარჩენს, თუმცა რეგულაციებით ბიზნესის შეზღუდვა მოხდება. ყველაფერი ერთად გამოიწვევს კორუფციის ზრდას და სამუშაო ადგილების შემცირებას.  ბიზნესის თავისუფალი არეალი შევიწროვდება.

კონცეპტუალურად მინიმალური ხელფასის განსაზღვრა დიდი ზიანის მომტანი იქნება და მიზანი ვერ მიიღწევა“, – განაცხადა კორძახიამ.

„კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე ბიზნესმენ ბეჟან წაქაძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით,  ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს.

„მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საჭიროა. მე როგორც დამსაქმებელი მივიჩნევ, რომ ეს ნორმალური ხელფასის აღებას შეუწყობს ხელს. უმჯობესია ნაკლები თანამშრომელი გყავდეს და საქმე ხარისხიანად კეთდებოდეს“, – აღნიშნა წაქაძემ.

ევროკავშირის სტატისტიკურმა სამსახურმაევროსტატმა ბლოკის წევრ ქვეყნებშიარსებული მინიმალური ხელფასების შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.

2017 წლის 1 იანვრისთვის, ევროსტატმა ბლოკის 28 ქვეყნიდან 22-ის მინიმალური ხელფასის ოდენობა დაადგინა. კვლევაში არ მონაწილეობდნენ დანია, იტალია, კვიპროსი, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი, რადგან ამ ქვეყნებში ოფიციალური მინიმალური ხელფასი განსზღვრული არ არის.

ქვეყნები ჯგუფებად არის სტრუქტურირებული: ევროკავშირის აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის ქვეყნები.

ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნებში საშუალო ხელფასის ოდენობა – 500 ევროა. მინიმალური ყოველთვიური ხელფასი ბულგარეთში 235 ევროა, რუმინეთში – 257, ლატვიასა და ლიტვაში – 380 ევრო, ჩეხეთში – 407 ევრო, უნგრეთში – 412 ევრო, ხორვატიაში – 433 ევრო, სლოვაკეთში – 435 ევრო, პოლონეთში – 453 ევრო და ესტონეთში – 470 ევრო.

ევროკავშირის სამხრეთის 5 ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობა მერყეობს თვეში 500-დან 1000 ევრომდე: პორტუგალია – 650 ევრო, საბერძნეთში – 684 ევრო, მალტაში – 736 ევრო, სლოვენიაში – 805 ევრო, ესპანეთში – 826 ევრო.

ბლოკის ჩრდილოეთის ქვეყნებში მინიმალური ხელფასის დადგენილი ოდენობა ყველაზე მაღალია, დაახლოებით 1000 ევრო თვეში: დიდი ბრიტანეთი – 1397 ევრო, საფრანგეთი – 1480 ევრო, გერმანია – 1498 ევრო, ბელგია – 1532 ევრო, ჰოლანდია – 1552 ევრო, ლუქსემბურგი – 1999 ევრო, ირლანდია – 1563 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ყველაზე მაღალი მინიმალური  ხელფასი ყველაზე დაბალს 9-ჯერ აღემატება, ხოლო თუ გამოვრიცხავთ ფასთა სხვაობას სხვადასხვა ქვეყნებში, თანაფარდობა 1:3-ზეა.

2008 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად მინიმალური ხელფასის ოდენობა გაიზარდა ბულგარეთში – 109%-ით, რუმინეთში – 99%-ით, სლოვაკეთში – 80%-ით, ესტონეთში – 69%-ით, ლიტვაში – 64%-ით. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ ხნის განმავლობაში მინიმალური ხელფასი შემცირდა (-14%) საბერძნეთია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.