მისაბაძი ფაკულტეტი (ფოტოკოლაჟი)

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გამოირჩევა არამარტო სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფით, სამეცნიერო-კვლევეთი პროექტების ხარისხითა და არნახული სიმრავლით, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში გამორჩეული აქტიურობითაც.

დეკანის, პროფ. ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის სტუდენტების, აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის, მათი ოჯახის წევრების, აკადემიური ჯგუფების, აკადემიური დეპარტამენტების, სხვა სტრუქტურული ერთეულების სპორტულ-გამაჯასაღებელი აქტივობის ასამაღლებლად ამოქმედდა ახლი საფაკულტეტო პროექტი „ვარჯიში და თამაში გვეხმარება სწავლასა და შრომაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სპორტსმენი, პროფ. ჰენრი კუპრაშვილი. ამ ახალმა წამოწყებამ ხელი  უნდა შეუწყოს ფაკულტეტზე სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი სპეციალისტის აღზრდის საქმეს. მთელ წელზე გაწერილ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ციკლის მიხედვით ტარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრები. მათ შორისაა: მინიფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, სირბილი, სროლა, ჯომარდობა, კლდეზე ცოცვა, ბაგირზე აცოცება, გრეხეთბოლი, აზიდვები, ტომრებით რბოლა, დარტსი, მკლავჭიდი და სხვ.

ახლახან, სტუდენტური თვითმართველობისა (თავმჯდომარე თომა ხაბეიშვილი) და სოციალური განყოფილების (ა/პროფ. გიორგი კალანდაძე) აქტიური მხარდაჭერით გაიმართა შეჯიბრება მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი, ე.წ. „სამართალისტები“: „მეგრე“, „შერლოკი“, „პუარო“ და ე.წ. „საერთაშორისები“: „ბარბაროსა“, „რიშელიე“ და „ტალეირანი“. 6-7 ნოემბერს გამართული ჯგუფური ტურნირის შემდეგ გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები: „მეგრე“ – „რიშელიე“  და „შერლოკი“ – „ბარბაროსა“. 8 ნოემბერს უკომპრომისო ბრძოლამ გაარკვია ფინალისტებიც: „მეგრე“ (გუნდის კაპიტანი ა/პროფ. ირაკლი გაბისონია) – „შერლოკი“ (გუნდის კაპიტანი ა/პროფ. კობა ჩიხლაძე).

ფინალი გაიმართა ლისის ტბის მინისტადიონზე. უშეღავათო, დაძაბული ბრძოლის შემდეგ გამოვლინდა ფაკულტეტის ჩემპიონი გუნდი „შერლოკი“. გამარჯვებულ გუნდს თასი, მედლები და სერთიფიკატები გადასცეს დეკანატიდან პროფ. ანასტასია ფუტკარაძემ, პროფ. ჰენრი კუპრაშვილმა, ა/პროფესორმა გიორგი კალანდაძემ და სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარემ თომა ხაბეიშვილმა.

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს გუნდ „მეგრეს“ გამთამაშებელი ა/პროფ. მალხაზ ჩიტაია.

7 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლუკა კვანტალიანი.

ნოემბრის ბოლოს გაირკვევა ფაკულტეტის ჩემპიონი უკვე ფრენბურთში.

ავტორი: ბექა კუპრაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.