„მკაცრი ხელის“ პოლიტიკა და მთავრობის ყველაზე ბრუტალური შემადგენლობა – რეპრესიების მოლოდინში?

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მთავრობაში ძალოვნების დაწინაურებასა და ზოგადად, ძალოვანი ბლოკის გაძლიერებას ისინი სწორედ არჩევნების მოახლოებითა და დესტაბილიზაციის არდაშვების მიზნით ხელისუფლების მხრიდან უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების სურვილით ხსნიან.

მათივე ვარაუდით, ახალ მთავრობაში პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად წამყვანი ფიგურები იქნებიან შს მინისტრის თანამდებობაზე გადასულივახტანგ გომელაური და მთავრობაში თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი. ხისტი მიდგომებით ცნობილი ამ სამეულის გამო, მათი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური მთავრობა, რომელიც კი ოდესმე საქართველოს ჰყოლია.

რა ხდებოდა პარლამენტის შესასვლელთან და სხდომათა დარბაზში

გუშინ საღამოს 7 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მანამდე კი იყო შეხლა-შემოხლა და ცალკეული ინციდენტები როგორც პარლამენტის შესასვლელთან, ასევე უშუალოდ სხდომათა დარბაზში.

სამშაბათს პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ 3 სექტემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა წესრიგი დაეცვათ, თუმცა მას არავინ დაემორჩილა. ამის გამო, მისი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინეს. საბოლოოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც გავიდნენ.

პარალელურად დაძაბულობა იყო პარლამენტის შესასვლელთან, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები ჯერ დეპუტატებისათვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას ცდილობდნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში შესვლას. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „რეზონანსს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარლმანტში შესასვლელად საშვები უკვე დაშვებული იყო, ისინი შენობაში არ შეუშვეს. მიზეზად ტექნიკური ხარვეზები დასახელდა. 

პარლამენტის შესასვლელთან რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. მაგალითად, „ფეისბუქში” გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ იწევს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აქცია „სირცხვილიას” ერთ-ერთი მონაწილისკენ. ფოტოზე ჩანს აგრეთვე დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი. ფოტოსურათს აქიის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აქვეყნებს. ვიქტორ ჯაფარიძე „რეზონანსს” უთხრა, რომ  აქციის მონაწილისთვის ხელი არ გაურტყამს, მას უბრალოდ სასტვენი გამოართვა. 

ახალი მთავრობა და არჩევნები

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგება, თუმცა, მმართველმა გუნდმა პრემიერად გახარიას კანდიდატურის წამოყენებით მხოლოდ შეცდომა დაუშვა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 3 სექტემბერს დასახელებული კანდიდატები ხისტი ფიგურები არიან, რაც პარალალურად, კრემლის მიმართ უფრო ლიალური პოლიტიკის გატარებას ემსახურება.

„იზორია საუბრობდა პროამერიკული პოზიციით. აქცენტს აკეთებდა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის. როდესაც ღარიბაშვილი ანაცვლებს იზორიას, აქ ჩანს სწორედ ის, რომ რუსეთის მიმართ უფრო ლოალური პოლიტიკა იქნება გატარებული.

„ასევე სიხისტით გამოირჩეოდა ღარიბაშვილი, როდესაც ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო. ივანიშვილის გადმოსახედიდან ბახტაძე არ იყო ისეთი ქარიზმატული ფიგურა, როგორიც გახარიაა. ამიტომაც გახარია უფრო საჭიროა. მან კარგად იმუშავა (საპრეზიდენტო არჩევნების) მეორე ტურის წინ, როდესაც სამეგრელოში ჩავიდა და სამეგრელოში ხმების მოგროვება უზრუნველყო. 

„ხელისუფლებას თანამდებობეზე ხისტი ფიგურები სჭირდება; გახარია და ღარიბაშვილი სწორედ გარკვეულ სიხისტესთან ასოცირდებიან. დამატებით, ეს არის რუსეთისთვის იმის თქმა, რომ საქართველო მის მიმართ შედარებით ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს. 

„თუმცა მგონია, რომ ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, რადგან მანამდე იყო გარკვეული საპროტესტო ტალღა აგორებული გახარიას მიმართ და მოითხვდა გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრის გადადგომას. დღეს უკვე მოსახლეობის მნიშვნელოვანი, პოლიტიკურად აქტიური ნაწილი მოითხოვს მთავრობის გადადგომას, იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის მეთაური გახარიას გახდება,“ – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აღნიშნავს, რომ სამივე ფიგურა დიდი ნდობით სარგებლობს როგორც მმართველ გუნდში, ასევე ამომრჩეველშიც. მსგავსი საკადრო ცვლილება კი, მისი აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული წარმატების მომტანი იქნება. 

„იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური რისკები ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც იზრდება, ამით „ოცნებამ“, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. საკადრო ცვლილებები ძირითადად ძალოვან ბლოკს შეეხო. „ქართულ ოცნებასა“ და ამომრჩეველში სამივე პრედენდენტი ნდობით სარგებლობს. გარდა ამისა, ასეთი ბრუტალური შემადგენლობა არ მახსოვს, რადგან სამივე პიროვნება სრულად შეესაბამება იმ პორტრეტს, რომელსაც ამომრჩეველი ხატავს. 

„შესაძლოა ითქვას, რომ ეს არის ბირთვი ამ ლიდერებისა. გიორგი გახარიამ ნამდვილად ლიდერის უნარები გამოამჟღავნა. ასევე ლიდერის უნარით გამოირჩევა ირაკლი ღაბიბაშვილი. გომელაურზეც იგივე შეიძლება ითქვას. ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სტაბილურობა, მინიმალური ნეგატიური დინამიკა პოლიტიკურ ველში,“ – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

რა მასშტაბებს მიაღწევს საპროტესტო აქციები

ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ აქციები ფართომასშტაბის გახდება. ამასთან ერთად, მანამდე თუკი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, როგორც შს მინისტრის, ახლა სრულიად მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

„არ არის გამორიცხული ამან მასშტაბური სახე მიიღოს, რასაც უფრო ოქტომბრის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ. თუ მანამდე მომიტინგეები ითხოვდნენ გახარიას, როგორც შს მინისტრის გადადგომას, ახლა მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

„ხელისუფლება წინასაარჩევნოდ შეეცდება გარკვეულ ხისტ ზომებს მიმართოს, თუნდაც გახარიას ფაქტორის გათვალისწინებით. მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და მოსახლეობის აგიტაცია-პროპაგანდით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უზურუნველყონ.

„ასევე უნდა ველოდოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მწვავე დებატები წარიმართება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს,“ – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვაკა გორგილაძე მიიჩნევს, რომ აქციები ფართომასტაბიან სახეს არ მიიღებს, რადგან ეს ყველაფერი ოპოზიციის მიერ ხელოვნურად არის პროვოცირებული.

„ვხედავთ, რომ ხელოვნურად ხდება ამ საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერა, რადგან ამ აქციებს ხალხის უფრო და უფრო მცირე რაოდენობა ესწრება. იქ არის გამოკვეთილი ბირთვი, რომელიც ადგილს და მეტ-ნაკლებად რეგულარულ ხასიათს ინარჩუნებს. რჩება ეს სივრცე იმისათვის, რომ საპროტესტო მოძრაობის მობილიზაცია მოხდეს და ეს საპროტესტო მოძრაობა გახდეს უფრო მასობრივი, მკვეთრი და ინტენსიური. სწორედ ეს არის ოპოზიციის ამოცანა. 

„მიუხედავად ყველაფრის, 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ გარკვეული გადაფასება მოხდა. გამოიკვეთა ოპოზიციის მკაფიო როლი ამ პროცესის ორგანიზებაში. დღესაც იყო მცდელობა. გასაგებია ოპიზიციის ეს მცდელობები, თუმცა არ მგონია მათ შეძლონ და მოახდინონ ვითარების ესკალაცია. ამ შემადგენლობის წარდგენა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ვითარების დეტაბილიზაცია არ მოხდეს,“ – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.