მკვდარი ზღვის გრაგნილების უკანასკნელი ეგზემპლარი ბოლოსდაბოლოს გაშიფრულია

მკვლევრებმა გაშიფრეს მკვდარი ზღვის გრაგნილების ერთ-ერთი უკანასკნელი, გამოუქვეყნებელი ეგზემპლარი. ეს გახლავთ საიდუმლო კოდებით დაწერილი 2000 წლის პერგამენტი.

საქმე ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში, მეცნიერები გულმოდგინედ მუშაობდნენ ტექსტის 60 ციცქნა ფრაგმენტთან, რომლებიც ათასწლეულების მიერ ნაფლეთებად იყო ქცეული.

ყველაფერს კიდევ უფრო ართულებდა ისიც, რომ არავის ჰქონდა წარმოდგენა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო დაწერილი მათში, თანაც, ტექსტი შესრულებულია დიდი ხნის წინ მივიწყებული შიფრით.

„გრაგნილები დაწერილია დაშიფრული კოდებით, მაგრამ კონტენტი მარტივი და კარგად ცნობილია“, — განმარტავენ ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევრები, ეშბალ რატსონი და ჯონათან ბენ-დოვი.

„ასეთი პრაქტიკა ისრაელის მიწის გარეთ, კიდევ სხვა მრავალ ადგილასაა აღმოჩენილი, სადაც მმართველები საიდუმლო შიფრით წერდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ განიხილავდნენ საყოველთაოდ ცნობილ საკითხებს; ამით ისინი ხაზს უსვამდნენ თავიანთ სტატუსს“.

დაკერებული ფრაგმენტები, რომლებიც წარსულში მიიჩნეოდა, რომ რამდენიმე სხვადასხვა პერგამენტს ეკუთვნოდა, ასახავს უდაბნოს იმ იდუმალებით მოცულ მცხოვრებთა ზენ-ჩვეულებებს, რომლებმაც მკვდარი ზღვის გრაგინილები დაწერეს.

ეს იყო მომთაბარეთა სექტა, რომელიც საკუთარ თავს „იაჰადს“ (ერთად) უწოდებდა. ახლა უკვე ბევრს მიაჩნია, რომ ეს გახლდათ ძველი იუდეური საზოგადოება — ესენები.

თუმცა, მკვდარი ზღვის გრაგნილების ავტორთა შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ცნობების უმეტესობა, კამათის საგანია.

ტექსტები 1970-იან წლებში მწყემსებმა აღმოაჩინეს დასავლეთ ნაპირის რეგიონ კუმრანში. აღმოჩენა დიდი ხნის მანძილზე აჯადოებდა ისტორიკოსებს, რადგან მოიცავს 900-ზე მეტ გრაგნილს, რომელთა შორისაა ებრაული ბიბლიის ერთ-ერთი უძველესი, გადარჩენილი წარწერები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს ქრისტიანთა ძველ აღთქმას.

ბოლოს გაშიფრული გრაგნილი ეხება კუმრანის სექტის მიერ შედგენილ 364-დღიან კალენდარს — საკითხი, რომელიც ე. წ. მეორე ტაძრის პერიოდში, მძვინვარე დაპირისპირების საგანი იყო ძველ იუდეველებს შორის.

„მთვარის კალენდარი, რომელსაც იუდაიზმი დღემდე იყენებს, მოითხოვს დიდი ოდენობით ადამიანურ გადაწყვეტილებებს. ადამიანებმა უნდა უყურონ მთვარესა და ვარსკვლავებს და აღწერონ თავიანთ დაკვირვებები, ვიღაც კი უფლებამოსილი უნდა იყოს, რათა გადაწყვიტოს ახალი თვეები და წლებში ნახტომების გამოყენების საკითხი“, — განმარტავენ მკვლევრები.

„მისგან განსხვავებით, 364-დღიანი კალენდარი უბრალოდ ბრწყინვალე იყო. იმის გამო, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიყოს როგორც ოთხზე, ისე შვიდზე, შესაძლებელი იყო განსაკუთრებული მოვლენები ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს დამთხვეულიყო… კუმრანის კალენდარი უცვლელია და როგორც ჩანს, შეთვისებული აქვს საზოგადოების რწმენები სრულყოფილებასა და სისწმინდესთან დაკავშირებით.

გრაგნილები ასევე წარმოაჩენს სექტის კალენდრის მნიშვნელოვან თარიღებს, რომლებიც ბიბლიაში მოხსენიებული არაა, მაგრამ დეტალურადაა აღწერილი მკვდარი ზღვის მრავალ პერგამენტში. მოხსენიებულია ახალი ღვინისა და ახალი ზეთის ფესტივალები — შავუოტის დღესასწაულის დამატებები, რომლის ფარგლებშიც ახალი მოსავლის აღების პერიოდის დადგომას ზეიმობდნენ.

გარდა აქამდე ცნობილი ამ დეტალებისა, გაშიფრული ტექსტი მეცნიერებს რაღაც ახალსაც უმჟღავნებს — უძველესი სამყაროს ახალ ინტერპრეტაციას.

თითოეული სეზონის გასვლის სპეციალური, გარდამავალი დღის აღსანიშნავად, ამ გრაგნილში გამოყენებულია სიტყვა „ტეკუფაჰ“ (პერიოდი). მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა თითქმის ყველა გრაგნილში გვხვდება, ამ კონტექსტით ის პირველადაა გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ტექსტი მრავალგზისაა ჩასწორებული რომელიღაც უძველესი, უცხო რედაქტორის ხელით.

ჯერჯერობით უცნობია, რომელმა დიდებულმა ან მმართველმა შეასრულა პირველად პერგამენტი.

სწორად თუ შეცდომით, უცნობ რედაქტორს გაკეთებული აქვს მრავალი შესწორება — სვეტებს შორის არსებულ კიდეებში ჩამატებულია გამორჩენილი თარიღები, რაც მკვლევრებს იმ დროის კოდის გაშიფვრაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ის ფრიად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო.

„კუმრანის წარწერების ზოგადი მიზანი ბოლომდე გარკვეული არაა“, — განმარტავენ მკვლევრები.

„ზოგადად ჩანს, რომ შიფრირება პრესტიჟისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ სულაც არ ნიშნავდა 100%-იან უსაფრთხოებას, რომ საზოგადოების სხვა წევრები მის წაკითხვას ვერ შესძლებდნენ“.

კვლევა Journal of Biblical Literature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია haifa.ac.il-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.