მოგერინი: მიუღებელია რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის გაძლიერება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკის ერთგულია. როგორც მან სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სირიის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო დამყარება, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

“ჩვენ განსაკუთრებული როლი გვაკისრია, რადგანაც  საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მისია ვართ, რომელიც ადგილზე იმყოფება. გარდა იმისა, რომ ადგილზე ვმუშაობთ, ჩვენ არაღიარების პოლიტიკის ერთგულები ვართ. ვაგრძელებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დაგმობას.

ცოტა ხნის წინ სირიამაც განაცხადა, რომ გეგმავს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.  ეს კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტის დარეგულირებას და მოგვარებას. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის გაძლიერება ოკუპირებულ რეგიონებში და ხელოვნური ბარიერების შექმნა”,-განაცხადა მოგერინმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
ფედერიკა მოგერინის სიტყვით გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.