მოკლულ 51-ე სკოლის 2 მოსწავლესთან ერთად, ხორავას ქუჩაზე კიდევ 2 მოზარდი დაიჭრა

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევისას, რომელსაც 51-ე სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა, კიდევ ორი მოზარდი დაიჭრა. „კურიერისთვის“ ტრაგიკული საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არაოფიციალურად ჩვენი წყაროები გვიდასტურებენ, რომ ორ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ჭრილობები კიდევ ორმა მოზარდმა მიიღო.

16 წლის ბრალდებულის ადვოკატი ეჭვობს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად საქმეს არაობიექტურად იძიებს. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მთავარ კითხვას, რამდენი პირი მონაწილეობდა 51 სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში, შესაძლოა პასუხი ვერ გაეცეს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებული, კიდევ ერთი არასრულწლოვანის ადვოკატსაც მიაჩნია, რომ გამოძიება საეჭვოდ ჩქარობს. ეკატერინე მაჭარაშვილიც მომხრეა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების, რითაც ჩხუბში მონაწილე პირები რაოდენობა და განლაგება დადგინდება.

საქმის მასალების მიხედვით საგამოძიებო უწყებას მსგავსი ექსპერიმენტი ჯერ არ ჩაუტარებია.

„კურიერის“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს, დანით მსუბუქი ჭრილობები კიდევ ორმა მოზარდმა მიიღო. გამოძიებამ, ჯერჯერობით, არც ამ მოზარდების ვინაობა იცის.

საქმის მასალების მიხედვით, დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ორმა მოზარდმა მიაყენა. წარდგენილი ბრალდების შინაარსს დაკავებული მოზარდები არ ეთანხმებიან.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.