მოწმემ გამოძიების მხრიდან ზეწოლაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მამამისს სცემდნენ – ზაზა სარალიძე

მოწმემ გამოძიების მხრიდან ზეწოლაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მამამისს სცემდნენ -ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ჟურნალისტებთან საუბარში, დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა. ზაზა სარალიძის თქმით, მოწმის ჩვენება აქამდე ჩატარებულ გამოძიებას თავდაყირა აყენებს. მისივე თქმით, ბევრ დეტალზე არც ეს მოწმე საუბრობს.

“ამ მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში ჩვენება მიცემული აქვს ზეწოლის ქვეშ. თქვა, რომ გამომძიებლების და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, განაცხადა, რომ მამაჩემი სცემესო. ფაქტობრივად, ყველა ჯერზე მას ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, ვინაიდან მასზე იყო ზეწოლა. ცდილობდა სიმართლე ელაპარაკა, მაგრამ რაც მთავარია, იმას მალავს. დაჭრის ფაქტზე საერთოდ არაფერი უთქვამს. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ დაინახა როგორ უქნევდა ჩემს შვილს დანიან ხელს, ახლა კი დანა საერთოდ არ უხსენებია…” განაცხადა მოკლულის მამამ. თუმცა, მისივე თქმით, მოწმის დღევანდელი მონაყოლის სანდოობაშიც ეჭვი ეპარება

“დღეს რაც ილაპარაკა, არც იმის მჯერა, იტყუება და იმიტომ. როგორც ასწავლეს, ისე ლაპარაკობს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ თავად ეს მოწმეც მონაწილეობდა ინციდენტში, დაჭრის ფაქტში” განაცხადა სარალიძემ.

დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში იმ პირის დაკითხვა დაიწყო, რომელიც ამავე საქმეზე მამასა და ძმასთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.