მოხეტიალე ვარსკვლავი მზის სისტემაში იმაზე ადრე შემოიჭრება, ვიდრე გვეგონა

ახალი გათვლების მიხედვით, შეიძლება, საკმაოდ ცოტა დრო გვქონდეს, რათა მოვემზადოთ ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთ ვარსკვლავთან შეხვედრისთვის, რომელიც ჩვენკენ მოჰქრის და შორეულ მომავალში, მზის სისტემის კიდეებზე შემოიჭრება.

დიახ, ჯუჯა ვარსკვლავი გლიზე 710, რომლის შესახებაც დიდი ხანია ვიცით, შეიძლება ჩვენთან 1,29 მილიონი წლის შემდეგ მოვიდეს და არა 1,36 მილიონი წლის შემდეგ, როგორც ამას წინა გათვლები მიუთითებდა.

გლიზე 710 წარმოადგენს ე. წ. მოხეტიალე ვარსკვლავს, ანუ ის მთელი გალაქტიკის მასშტაბით თავისუფლად დახეტიალობს, რადგან თავისუფალია გრავიტაციული ჯაჭვებისგან, რომლებიც როგორც წესი, ვარსკვლავებს ადგილმდებარეობას უნარჩუნებს.

ის ფაქტი, რომ გლიზე 710 მოძრაობს ტრაექტორიაზე, რომელიც მას მზის სისტემასთან მოიყვანს, ჯერ კიდევ 1996 წლიდან ვიცით, მაგრამ მოსვლის დაახლოებითი დროის განსაზღვრა მხოლოდ 2016 წლის ბოლოსღა მოხერხდა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია „გაიას“ მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა ფილიპ ბერსკიმ და პიოტრ დიბშინსკიმ გამოთვალეს, რომ გველის თანავარსკვლავედში მდებარე გლიზე 710, რომელიც მაშინ ჩვენგან 63,8 სინათლის წლით იყო დაშორებული, ჩვენთან 1,35 მილიონ წელიწადში მოვიდოდა.

ახლახან მადრიდის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, რაულ დე ლა ფუენტე მარკოსმა და კარლოს დე ლა ფუენტე მარკოსმა ეს გათვლა ხელახლა შეამოწმეს „გაიას“ ახალ, უკეთეს მონაცემებზე დაყრდნობით. პროგნოზი კვლავ დადასტურდა.

თუმცა, არის ერთი დიდი განსხვავება — ახალი მონაცემების წყალობით დადგინდა, რომ ეს ვარსკვლავი ჩვენთან ათობით ათასი წლით უფრო მალე მოვა, თანაც მზის სისტემასთან იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე ამას წინა გათვლა მიუთითებდა.

ახალი კვლევის მიხედვით კი, გლიზე 710 მზესთან 4303 ასტრონომიულ ერთეულზე მოვა. ეს მანძილი სინამდვილეში არც თუ ისე ახლოსაა — 100-ჯერ აღემატება მანძილს მზესა და პლუტონს შორის, რაც 39,5 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს. მიუხედავად ამისა, სხვა ვარსკვლავის ასე ახლოს მოსვლამ შესაძლოა, მზის სისტემის სერიოზული არევ-დარევა გამოიწვიოს.

თუკი იმ დროისთვის დედამიწაზე ადამიანები კიდევ იარსებებენ, სადარდებელი არაფერი გვაქვს, ჩვენს ორბიტას არაფერი ემუქრება. გლიზე 710-მა, რომელსაც ჩვენი მზის მასის მხოლოდ 60 პროცენტი აქვს, გავლენა შეიძლება მოახდინოს მზის სისტემის გარე ნაწილზე, 40 ასტრონომიული ერთეულის იქით.

მარტივი შედარებისათვის, ეს ვარსკვლავი საქათმეში შეპარული მელასავით იქნება ოორტის ღრუბელში. ოორტის ღრუბელი არის თეორეტიკული სფერო მზის სისტემის გარშემო, მზიდან 200 000-50 000 ასრონომიული ერთეულის მანძილზე და შედგება ციცქნა ყინულოვანი პლანეტოშენადედებისგან.

თუკი გლიზე 710 ოორტის ღრუბელში შემოვა, შესაძლოა, ეს პლანედოშენადედები მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ გამოტყორცნოს, რაც ბოლოს კომეტათა ნაკადით დასრულდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მზის სისტემას ადრეც სწვევიან შემთხვევითი სტუმარი ვარსკვლავები. მაგალითად, გლიზე 208, რომელმაც 500 000 წლის წინ ჩვენს დედავარსკვლავს 5 სინათლის წლის მანძილზე ჩაუარა. სულ რაღაც 70 000 წლის წინ კი, ჩვენს მზეს ოორტის ღრუბელში გაუარა შოლცის ვარსკვლავმა.

სავარაუდოდ, ამ პერიოდს ემთხვევა ეპოქა, როცა კაცობრიობა სრულიად გაურკვეველი მიზეზებით კინაღამ გადაშენდა.

კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.