მჯერა, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნისთვის ყველაფერს დათმობდა – ჩაბუქი წულუკიანს

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს.

თუბა ჩაბუქი თეა წულუკიანს მოუწოდებს, არ გადასცეს თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება.

“მოგმართავთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული, ორი შვილის დედა, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ქალი, რომელიც დღეს მეუღლისა და ოჯახის საბოლოო განაჩენს საქართველოში ელოდება.

ჩემი, ჩემი  შვილებისა და  მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის, მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ  აღასრულოთ სამართლიანობა.  მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა.

დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა.  ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენსკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა  და ამ  იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მე კარგად მესმის რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები რამხელა ტვირთადაც შეიძლება იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის…კარგად ვიცი რამდენად რთულია გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა ვერ მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დღეს ალბათ თითოეული ქართველი კარგად აანალიზებს, რომ აქ უდანაშაულო ადამიანის ბედი წყდება, ადამიანის, რომელსაც შეეძლო მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა საქართველოსთვის. 13 ივნისის წყალდიდობის დროს რიგით დამხმარეთ მუშაობა, რუსეთთან ომის დროს დევნილების დაბინავება, გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ქართველი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, სკოლებში არაქართველი ბავშვებისთვის ქართულად სწავლების პროგრამის დაფუძნება, ახალგაზრდა გამომგონებლების ხელშეწყობა – ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მუსტაფა ჩაბუქი უანგაროდ აკეთებდა საქართველოსთვის და მჯერა გააგრძელებს კიდეც თუკი ამის საშუალებას თქვენ მისცემთ.

ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული ერთი რიგითი ქალი, ქალი რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია – არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება!

მე უკვე სამშობლო წამართვეს, წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი, გთხოვთ ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული  შვილები… გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამინებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას – პედაგოგი და საქართველო – მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა!”, – წერია თუბა ჩაბუქის წერილში.

ცნობისთვის, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო 19 თებერვალს იმსჯელებს.

წყარო: ghn.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.